პერიოდულად გვესმის, რომ საქართველოში პირბადის გამოყენების მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულზე ეცემა. თებერვალში პირბადის ტარების მაჩვენებელი 66% იყო, მარტში 43%.
პირბადის გამოყენების მხრივ სინგაპური საუკეთესოდ მიიჩნევა, რადგან სინგაპურელებმა პირბადის ტარების 95%-იან მაჩვენებელს მიაღწიეს. ქართველი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ანალოგიურად ჩვენი მოსახლეობის 95% ნიღაბს ატარებს, მაისისთვის სიკვდილიანობის შემთხვევები მკვეთრად შემცირდება და კოვიდინფიცირებულთა მასშტაბიც დაიკლებს. ნიღბის ტარების 43% კი განსაკუთრებით საგანგაშოა შეზღუდვების მოხსნის ფონზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაეცა. სწორედ ამიტომ ეპიდვითარების გაუარესების რისკი არსებობს. მისივე შეფასებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია გრძელდება, ჯერჯერობით მაინც სიტუაცია მართვადია, ანუ ჯანდაცვის სექტორზე დიდი ზეწოლა არ არის, მაგრამ პირბადის ტარების მონაცემი 43%-ია, სასურველია, ეს მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდოს, მაგრამ პირველ ეტაპზე 72-75%-მდე მაინც.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პროგნოზირებს, რომ ზუსტად 2-3 კვირაში შესაძლოა, ძალიან გაგვირთულდეს ეპიდსიტუაცია, რადგან ძალიან დაკლებულია პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 500-ის ფარგლებში მერყეობს და ეს 10-ჯერ ნაკლებია პიკური სიტუაციის დროს არსებულ მონაცემებთან შედარებით, მაგრამ საფრთხე კვლავაც არსებობს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ, პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცირება კვლავ პირველ წესად რჩება, ამავდროულად, თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ კვლევების თანახმად, პირბადის გამოყენების პროცენტი შემცირდა.
როგორ ითვლიან პირბადის ტარების პროცენტულ მაჩვენებელს ჩვენს ქვეყანაში?
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ერთი ინფიცირებული ადამიანიც რომ დადიოდეს თბილისში, მას არაერთი ადამიანის დასნებოვნება შეუძლია. ამიტომ პირბადე ყველამ უნდა ატაროს, რადგან პატარა ნამწვიდან შეიძლება დიდი ხანძარი წარმოიქმნას.
„ეს არ არის ის მომენტი, რომ შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა და კოვიდი მე არ დამემართება. პირიქით, შეიძლება ინფიცირებული ადამიანი მეტროში შეგხვდეთ და დააინფიციროს მეორე ადამიანი. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, დიდი ხნის წინ ლონდონში ერთმა შეფმზარეულმა ნახევარი ლონდონი კინაღამ დახოცა, რადგან ის მუცლის ტიპის მტარებელი იყო. თანაც, ის ადამიანი არ ყოფილა ადგილობრივი, ის ჩავიდა ლონდონში, დაიწყო შეფმზარეულად მუშაობა და მუცლის ტიპით ადამიანები დააავადა და გაწყვიტა. მით უმეტეს, მაშინ ანტიბიოტიკები არ იყო. დღესაც იგივე ხდება. მედია მარტო გართულებებზე კი არა, თავდაცვაზეც უნდა ლაპარაკობდეს, რათა ადამიანებმა შეიგნონ, რომ ხელის დაბანა და პირბადის ტარება ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები მაქსიმალურად უნდა მოსცილდნენ ერთმანეთს, ხვევნა-კოცნა არ უნდა გააჩაღონ“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე და პირბადის არასწორად გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, ზოგს არასწორად უკეთია პირბადე, ზოგს ცხვირი გარეთ აქვს გამოყოფილი და პირი დამალული, ზოგს ნიღაბი მანქანაზე აქვს ჩამოკიდებული. წესით, სასუნთქი სისტემა მთლიანად უნდა იყოს დაფარული, თუკი ჩვენ გვინდა თავდაცვა ვირუსისგან. ამიტომაცაა კორონავირუსით ინფიცირების ამდენი შემთხვევა, მათი უმეტესობა არასწორად გაკეთებული პირბადის ბრალია, თორემ ხელებს მეტ-ნაკლებად ყველა იბანს.