გუშინ გამოცემამ „Goal.com” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა რომ ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნის შეძენა სურს.
არაბი შეიხების ფულით გამდიდრებული პარიზული გუნდი მომავალ სეზონში ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ბრძოლას აპირებს. ამ მიზნით მიმდინარე წლის ზაფხულში კლუბი კიდევ უფრო სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს.
ცნობილია, რომ „პსჟ“ მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი თავკაცი ჟოზე მოურინიოს გადაბირებას შეეცდება. იმის მიუხედავად, რომ იტალიელ კარლო ანჩელოტის კარგი შედეგები აქვს, მას სამსახურის დაკარგვის საფრთხე მაინც ემუქრება.
დევიდ ბექჰემი პარიზში კიდევ სამ თვეს გაატარებს. ამის შემდეგ კლუბთან მოლაპარაკებას დაიწყებს და საკუთარი მომავლის საკითხს გაარკვევს.
პარიზულ გუნდთან დაახლოებული ჟურნალისტების ცნობით, კლუბი უახლოეს თვეებში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირდება და უეინ რუნის სანაცვლოდ 46 მილიონ ევროს შესთავაზებს.
ჯერჯერობით უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სერ ალექს ფერგიუსონისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამერიკელი მფლობელების კომენტარი. რასაკვირველია საინტერესო იქნებოდა, თავად უეინ რუნის აზრიც.