სპეციალისტებმა კოსმოსიდან დაბრუნებული ღვინის შესწავლის წინასწარი შედეგები გაასაჯაროვეს. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარი 2000 წლის მოსავლის 12 ბოთლ ფრანგულ ღვინოზეა, რომელიც 2019 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ის რაკეტით მოხვდა. ბოთლები სადგურზე 438 დღისა და 19 საათის განმავლობაში ინახებოდა, 2021 წლის 14 იანვარს კი ღვინო დედამიწაზე SpaceX Dragon-ის კაფსულით დააბრუნეს, რის შემდეგაც მისი დეგუსტაცია გაიმართა. სპეციალისტებმა სასმელი იგივე წლის მოსავლის ღვინოს შეადარეს, რომელიც დედამიწაზე ინახებოდა.
ახლა მეცნიერები სწავლობენ, რა გავლენა მოახდინა კოსმოსში გატარებულმა დრომ ღვინოზე. მათ უკვე დაადგინეს, რომ ღვინომ ფერი შეიცვალა - უფრო ბაცი გახდა. მათი თქმით, შეიცვალა ღვინის გემოც.
„ორივე არაჩვეულებრივია, მაგრამ დედამიწაზე დარჩენილი ღვინის ბუკეტი ბოლომდე არ არის გახსნილი. კოსმოსში ნამყოფ ღვინოში მეტი ყვავილოვანი ნოტია“, - ამბობს ღვინის კრიტიკოსი ჯეინ ენსონი.
კვლევის მეორე ეტაპზე სასმელში მომხდარ ცვლილებებს ლაბორატორიაში, მოლეკულურ დონეზე შეისწავლიან.