საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, მაშინდელი უზენაესი საბჭოს ყოველი წევრისთვის ცხოვრების უბედნიერესი დღეა. ეს ისტორიული აქტი, სხვა მრავალ ისტორიულ, სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოებასთან ერთად, დაემყარა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ მკაფიოდ და ცალსახად თქვა “გვინდა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო”. დღეს 30 წლის თავზე, ახალ ისტორიულ ვითარებაში ამ რეფერენდუმის მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად და მასშტაბურად ჩანს. სახელდობრ
- რუსეთის მონარქიული იმპერია იურიდიულად უფრო ძნელი დასაშლელი იყო, ვიდრე საბჭოთა იმპერია (სსრკ). რუსული მონარქიული იმპერია აღიარებული იყო მსოფლიოს მიერ. იმპერიის ახალი ფორმა – სუვერენულ სოციალისტურ სახელმწიფოთა კავშირი, ანუ სსრკ იურიდიული თვალსაზრისით იყო ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარება. ეს აღიარება ამ რესპუბლიკებს საჩუქრად არ მიუღიათ. რუსულ სოციალ-დემოკრატიაში მცირე ერების მიმართ გასატარებელი პოლიტიკის მრავალი კონცეფცია არსებობდა, ერთი მეორეზე შოვინისტური. რატომ გაიმარჯვა ყველაზე ნაკლებ შოვინისტურმა ამათ შორის? პასუხია: იმიტომ რომ არსებობდა სავსებით ჩამოყალიბებული და ერთა ლიგის მიერ დე-ფაქტოდ და ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ დე-იურედ ცნობილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საკუთარი სრულყოფილი კონსტიტუციით, რომელიც სხვებს არ გააჩნდათ. ამიტომ რუსეთმა გაბედა მისი დაპყრობა და “გასაბჭოება”, მაგრამ ვერ გაბედა მისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გაუქმება.
თუმცა საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობდა სამხედრო წარმატებების კვალდაკვალ მიეღწია კიდევ ერთი მიზნისათვის - საქართველოს დამფუძნებელ კრებასა და მთავრობას ხელი უნდა მოეწერა კაპიტულაციის აქტზე და მოეხსნა უფლება-მოსილებანი. თუ მოვლენები ამგვარი სცენარით განვითარდებოდა, მაშინ საქართველოს წითელი რევოლუციური კომიტეტი არალეგიტიმურ უკანონო ხელისუფლების ორგანოდან გადაიქცეოდა ხელისუფლების ისეთ ორგანოდ, რომელსაც კანონიერი ხელისუფლების არარსებობის პირობებში ექნებოდა უფლებამოსილება, ხელში აეღო სახელმწიფო ფუნქციები და განესაზღვრა საქართველოს მომავალი წყობა.
სწორედ ამიტომ იყო, რომ ნოე ჟორდანია საბჭოთა რუსეთის მხრიდან ორგზის შემოთავაზების მიუხედავად არ დათანხმდა არც კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერას და არც დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის მხრიდან უფლებამოსილების მოხსნას. ეს იყო სწორი და წინდახედული გადაწყვეტილება. ემიგრაციაში წასვლის შემდეგაც დამფუძნებელი კრება და მთავრობა რჩებოდა საქართველოს კანონიერ ხელისუფლებად. მოვლენათა ასეთი განვითარება იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართველ ერს უტოვებდა იურიდიულ უფლებას, ებრძოლა საქართველოს გათავისუფლებისათვის, თუმცა იყო ერთი ძალიან საშიში ტენდენცია - საბჭოთა რუსეთის სამი არმია (მეათე, მეთერთმეტე და მერვე არმიები) აგრძელებდა საბრძოლო მოქმედებებს. ამიტომ იყო, რომ ემიგრაციაში მიმავალმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა ჯგუფი საბჭოთა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო მოლაპარაკებათა შემთხვევისათვის გრიგოლ ლორთქიფანიძის (ხელმძღვანელი), პარმენ ჭიჭინაძისა და შალვა მაღლაკელიძის შემადგენლობით.
შანტაჟისა და მუქარის მიუხედავად, გრიგოლ ლორთქიფანიძემ პირნათლად შეასრულა თავისი მისია, ხელი არ მოაწერა კაპიტულაციის აქტს და, შესაბამისად, ხელშეკრულებაში, რომელიც 1921 წლის 18 მარტს ქუთაისში გაფორმდა, აღნიშნული იყო მხოლოდ ის, რომ წყდებოდა სამხედრო საბრძოლო მოქმედებები საქართველოსა და რუსეთს შორის.
ამრიგად, 1921 წლის 18 მარტის ქუთაისის ხელშეკრულებით საქართველომ თავიდან აიცილა კაპიტულაციის აქტი დამპყრობლის წინაშე, რითაც შთამომავლობას დაუტოვა იურიდიული უფლება, ებრძოლა საქართველოს გათავისუფლებისათვის.
- იმ დროს, როცა სსრკ იქმნებოდა, წითელ რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა სხვა სახელმწიფოებიც, მათ შორის აქვე, სამხრეთ კავკასიაში, სომხეთი და აზერბაიჯანი. მაშ რატომ ვამბობთ, რომ შედარებით ნაკლებ შოვინისტურ კურსის არჩევაში რუსეთმა ანგარიში გაუწია მაინცდამაინც საქართველოს და არა იმ ორს? პასუხი: იმიტომ, რომ საქართველო იყო ტრადიციული მონარქიული სახელმწიფო, რომელმაც ეს თავისი სახელმწიფოებრივი ფორმა შეინარჩუნა რუსეთის მიერ მისი ანექსიის დღემდე. რუსეთმა „ერთმორწმუნე“ საქართველო „ჩაიბარა“, როგორც ფეხზე მდგომი ქვეყანა. ამისგან განსხვავებით, სომხეთს რუსეთის მიერ ანექსიის დღისთვის უკვე 650 წლის დაკარგული ჰქონდა თავის სახელმწიფოებრიობა, „აზერბაიჯანი“ კი, როგორც სახელმწიფო, ისტორიამ არ იცოდა რუსეთის თებერვლის (1917 წ.) რევოლუციამდე. მანამდე „აზერბაიჯანი“ არსებობდა მხოლოდ როგორც გეოგრაფიული ტერმინი და არა პოლიტიკური და უფლებრივი.
- სსრკ-ში ყოფნის 70 წლის მანძილზე საქართველო მსოფლიო პოლიტიკაში ფიგურირებდა როგორც „ხალხთა საპყრობილისა“ და „ბოროტების იმპერიის“ ერთ-ერთი “რუსიფიცირებული პროვინცია”. შეურაცმყოფელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დამამცირებელი ტიტული ხშირად ფიგურირებდა დასავლურ მედიაში. ე.წ. თავისუფალ მსოფლიოს გადასაწყვეტი ჰქონდა, რომელი მიზნისკენ წარემართა თავისი პოლიტიკა აგრესიული და დიქტატორული სსრკ-ს მიმართ - მისი დაშლისკენ ეროვნულ სახელმწიფოებად და ამ უკანასკნელთა დემოკრატიზაციისაკენ, თუ მხოლოდ იმპერიის, როგორც ერთი მთელის, დემოკრატიზაციისაკენ.
დასავლური პოლიტიკის არჩევანი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას აირჩევნდნენ თვით სსრკ-ს შემადგენელი რესპუბლიკების ერები. ამ რესპუბლიკებს შორის ხუთმა გადაჭრით და ორმა – ნაკლები ენერგიით, გამოხატეს თავისი ნება, რომ საბჭოთა კავშირში ყოფნა არ უნდათ. ეს ხუთი იყვნენ ბალტიისპირელები, საქართველო და უკრაინა; ის ორნი – სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ შვიდმა და მათმა ხალხებმა მსოფლიოს თვალნათლივ დაანახეს, რომ სსრკ არ იყო ქვეყანა და მისი მოსახლეობა არ იყო ხალხი, არამედ საბჭოთა კავშირი იყო ხალხთა საპყრობილე და მისი მოსახლეობა რუსების გამოკლებით იყვნენ პატიმრები. სსრკ-ს ბედი სწორედ ამან განსაზღვრა: იგი დაშლილ იქნა, როგორც საპყრობლე და მისი პატიმრები გათავისუფლდნენ.
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს საქართველოში, ისევე როგორც ყველა სხვა ანალოგიურ რეფერენდუმებს მოკავშირე რესპუბლიკებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ფაქტის იურიდიული დემონსტრირებისთვის, ანუ იმის ნათელსაყოფად, რომ ამ ქვეყნების ხალხები 70 წლის მანძილზე იმპერიამ ვერ გატეხა და ვერ დააკარგინა საკუთარი სახელმწიფოებრიობისაკენ მისწრაფება. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ამ რეფერენდუმიდან 10 დღის შემდეგ (9 აპრილი, 1991 წ.) უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტისთვის ეწოდებინა „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“ და არა „მოპოვება“, სავსებით სწორი იყო. ამით საქართველოს უზენაესმა საბჭომ განაცხადა ის უდავო ჭეშმარიტება, რომ საბჭოთა იმპერიაში ყოფნის 70 წელი ყოფილა არა დამთავრება და გაუქმება საქართველოს 1918 წლის 26 მაისს მოპოვებული დამოუკიდებლობისა, არამედ მხოლოდ ამ უკანასკნელის დროებითი შეფერხება ძალადობის გზით.
- 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა მხარემ, დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა წამლეკავი რაოდენობრივი უპირატესობით (97%) გაცხადდა, როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობის ერთობლივი ნება. ეს გახდა, დღეს არის და მომავალშიც იქნება, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მყარი იურიდიული, პოლიტიკური და მორალური საფუძველი.
- 1991 წლის 31 მარტის ეს რეფერენდუმი და 9 აპრილის საპარლამენტო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი განუყოფლად არის დაკავშირებული ზვიად გამსახურდიას სახელთან და მთლიანად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა თაობის სახელთან.
ვინც მის მკვლელობას დაბრო მისცა
და ვინც ჩახმახს ხელი გამოჰკრა(ის აუცილებლად ქართველი იყო) .............................ყველას ჯიში და ჯილაგი მოეკითხება....გარეულსაც და შინაურსაც(თავიააანთ ჩათლახობებზე ეკითხებათ კიდეც!!!!)
შეცდომები ჰქონდაო.... იყო................. მაგრამ 9 თვეეე????.............................. ან კი იმ გარემოცვაში შეცდომები როგორ არ ექნებოდა??......
ბავშვის ნაბან წყალს ბავშვიც ზედ გადააყოლესო.......9 თვე ვერ მოვითმინეთ, 9 თვე.....არადა მას მერე 30 წელი გავიდა---როგორ და რატო ვითმენთ??..
ან საერთოდ დამოუკიდებლები ვააართ??
მე უბრალოდ ჩემ თავზე მებრაზება, დურაკი რომ ვიყავი და მთავარს ვერ ვხვდებოდი----მხოლოდ შარაძის მკვლელობამ დამიბრუნა გონება ადგილზე....მერეღა მივხვდი თუ რატო მოკლეს ზვიადი
მოკლედ მაშინ საქართველოს ძირი გამოგვაგლიჯეს, ძირი, დედა აზრი წაგვიშალეს....მამული ენა სარწუნოება დაგვავიწყეს
თურმე გარეჯიც კი არ ყოფილა საქართველო ....აბა ამის მერე სხვა რაღაზე უნდა ილაპარაკოს ადამიანმა?
აუუუუუჰ ........ ცუდი თემააა ცუდი........უბრალოდ ვერ მოვითმინე