იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სპეციალისტების ნაწილი სტაბილურს უწოდებს, პანდემიის ე.წ. მესამე ტალღაზე აქტიურად საუბრობენ. ამ ფაქტს კი იმით ხსნიან, რომ საგრძნობლად იკლო სამედიცინო პირბადის ტარების მაჩვენებელმა და საზოგადოების საკმაოდ სოლიდური ნაწილი სამოქალაქო პასუხისმგებლობას პრაქტიკულად ვერ გრძნობს, წესებსა და რეკომენდაციებს აღარ ითვალისწინებს.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, თუ საზოგადოება მოეშვება, კორონავირუსის მესამე ტალღა, დიდი ალბათობით, იქნება.
„თუ ისევ მოვეშვებით, როგორც ეს გავაკეთეთ გასული წლის ივლის-აგვისტოში და ვიტყვით, რომ აი, ქართველები მაგრები ვართ და დავამარცხებთ კოვიდპანდემიას, მაშინ, რა თქმა უნდა, მესამე ტალღა, დიდი ალბათობით, იქნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ასევე მესამე ტალღაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, შესაძლოა, საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისში იყოს.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე For.ge-სთან ამბობს, რომ დღეს ეპიდვითარება სტაბილურია და მნიშვენლოვანია ორი რამ: მასობრივი ვაქცინაცია და პირბადის ტარება, რისი მეშვეობითაც, მისი თქმით, „მესამე ტალღის“ შესაძლებლობას თავიდან ავიცილებთ.
„დღეს არსებული ეპიდვითარების ფონზე არ ველოდები შეზღუდვების კვლავ ამოქმედებას. ყველა ჩემს გამოსვლაში მოვუწოდებ, რომ ორ რამეს შეუძლია გადაარჩინოს ქვეყანა შეზღუდვებს და ახალ პრობლემებს, ეს არის მასობრივი ვაქცინაცია და პირბადეების მასობრივი გამოყენება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებიდან თავის არიდება. თუ ამ ორ პირობას ქვეყანა შეასრულებს, ჩვენ შევინარჩუნებთ შედარებით სტაბილურ და კარგ მდგომარეობას, რაც ახლა გვაქვს. ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვია ავადობის და გარდაცვალების. თუ ამ პირობებს ვერ შევასრულებთ, მაშინ, ჩვენთანაც შესაძლებელია შემთხვევების მატება და ასევე დადგეს მესამე ტალღის საშიშროება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ For.ge-სთან.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე რეგულაციების კლვავ ამოქმედებას არ გამორიცხავს. როგორც For.ge-სთან აღნიშნა, სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია საზოგადოების მხრიდან მოხდეს წესების დაცვა, სხვა შემთხვევაში, ე.წ. მესამე ტალღას ქვეყანა ვერ აცდება.
„ერთადერთი, რამაც ჩვენთან პანდემიის დროს იმუშავა, ეს იყო შეზღუდვები. არავის უნდა კიდევ ეს, მაგრამ სხვა გზა შეიძლება არ დაგვრჩეს. აცრები ჩვენთან ტარდება, მაგრამ არა იმ ინტენსივობით, როგორითაც უნდა იყოს წესით. ეს არ არის სახელმწიფოს ბრალი, სახელმწიფომ რაც შეძლო, გააკეთა, შემოიტანა ვაქცინა, მაგრამ არის ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი, რომლის გამოც მოსახლეობას ეშინია, ზოგი თავს იკავებს, ზოგი რაღაცას ელოდება, მათ შორის ექიმებიც, სხვადასხვა მიზეზების გამო.
ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებამ ძალიან დიდი სტრესი მიაყენა ამ პროცესს. ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ეს არ იყო ვაქცინის ბრალი, არამედ ძლიერი ალერგიული რეაქცია გახლდათ, რაც ნებისმიერ პრეპარატზე შეიძლება დაემართოს ადამიანს.
მეტი რაღაც ტალღა გვინდა? - უმეტესობამ მოიხადა ეს დაავადება. შედარებით მცირე რაოდენობის მოსახლეობაა, რომელსაც მოსახდელი აქვს, თუ არ გაფრთხილდა და გარკვეული თავდაცვა არ განხორციელდა, შეიძლება განვითარდეს ე.წ. მესამე ტალღა. ველოდოთ ცუდს, რომ მივიღოთ კარგი, ყოველ შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.