ჰოლივუდის ვარსკვლავების ახირებულობა საქვეყნოდ ცნობილი ამბავია. უმეტესობა ამ ახირებებს “ჰობებად“ მოიხსენიებენ და ჩვეულებრივ ცხოვრების ნაწილად თვლიან. ერთ–ერთი ახირებულთაგანი გახლავთ, ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ქალი – ნიკოლ კიდმანი, რომელსაც თურმე ახალი გატაცება ჰქონია.
ნიკოლმა ნეშვილში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ ფერმაში, არც მეტი, არც ნაკლები – ალპაკების მოშენებას მიჰყო ხელი. ეს უცნაური, ნაზბეწვიანი ცხოველი ლამისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მას სამხრეთ ამერიკის მთებში შეხვდებით. კონან ო ბრაიანის ცნობილ სატელევიზიო შოუში ნიკოლ კიდმანმა მაყურებელს თავისი გატაცების მიზეზი ასე აუხსნა:
”რატომ მაინცდამაინც ალპაკი? იმიტომ, რომ ძალიან ლამაზია. გრძელი წამწამები და უნაზესი ბეწვი აქვს. და საერთოდ, გინახავთ ვინმეს ეს არაჩვეულებრივი არსება?” როგორც გაირკვა, მსახიობს ძალიან უყვარს ალპაკებთან ერთად სეირნობა. ამ დროს მას ყოველთვის ახლავს თავისი ქალიშვილი, სანდი როუზი.
კიდმანი გამოტყდა, რომ ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდა, უჩვეულო ცხოველები ჰყოლოდა. ვარსკვლავმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს გველები და, არ არის გამორიცხული, მათ მოშენებაზეც იფიქროს. საინტერესო სანახავი ნამდვიოლად იქნება ალკაპებთან ერთად მოსეირნე ნიკოლ კიდმანი, რომელსაც ყელზე ჩხრიალა გველი ჰყავს შემოხვეული.