წინა კვირას ესპანურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში კლუბის თანამშრომლებისა და ფეხბურთელების პირად ცხოვრებას აქტიურად აკვირდებოდა და ამ მიზნით კერძო დეტექტივები ჰყავდა დაქირავებული.
ამ თემამ გუშინ გაგრძელება მიიღო და გამოცემამ „El Confidencial” სენსაციური ცნობა გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა რომ მოთამაშეების პირადი ცხოვრებით კლუბის იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა განსაკუთრებით დაინტერესებული გახლდათ. მისი მოთხოვნით, „ბარსას“ უფროსობამ დეტექტიური კერძო სააგენტო „Metodo 3“ დაიქირავა და ფეხბურთელებზე თვალთვალი დაიწყო.
ბატონ პეპს თავდაპირველად ხერარდ პიკეს პირადი ცხოვრება აინტერესებდა. იმ პერიოდში ფეხბურთელმა კოლუმბიელ მომღერალ შაკირასთან სასიყვარულო ურთიერთობა გააჩაღა.
დეტექტიური სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, გვარდიოლა გუნდის თითოეული წევრის ცხოვრებას აქტიურად აკონტროლებდა. ყოველ დილით მის სამუშაო მაგიდაზე იდებოდა ცნობები, რომელშიც აღწერილი გახლდათ, ამა თუ იმ მოთამაშემ წინა საღამო როგორ გაატარა.
ეს სკანდალური ინფორმაცია მას-მედიაში გუშინ საღამოს გავრცელდა. ჯერჯერობით უცნობია კლუბის ხელმძღვანელობისა და თავად პეპ გვარდიოლას რეაქცია ამ ბრალდებების შესახებ.