რეორგანიზაციისა და რებრენდინგის შემდეგ, „რუსთავი2“-ს ძველი-ახალი სახეები უბრუნდებიან

რეორგანიზაციისა და რებრენდინგის შემდეგ, „რუსთავი2“-ს ძველი-ახალი სახეები უბრუნდებიან

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია 5 მარტს გამოცხადდა. რეორგანიზაციის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი2“ და „პრაიმტაიმი“ გაერთიანდნენ და ერთ ჰოლდინგად იქცა.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაციის მიზეზი პანდემის მიერ გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებია, რომლის გამოც სარეკლამო ბაზრის მოცულობა შემცირდა, ამის გამო კი არხის რეიტინგი დაეცა.

რეორგანიზაციის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მაია ასათიანმა 20-წლიანი მუშაობა „რუსთავი2“-ზე დაასრულა. ამის შესახებ, მან „პროფილის“ ბოლო გამოშვებისას განაცხადა.

„დღეს მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია“, - განაცხადა მაია ასათიანმა.

რატომ დატოვა მაია ასათიანმა „რუსთავი2“, აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, For.ge „პროფილის“ პროდიუსერს, ნიკა ხაჩიძეს დაუკავშირდა. თუმცა, მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. „ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ვიძლევი“, - გვითხრა ნიკა ხაჩიძემ.

როგორც For.ge-თვის გახდა ცნობილი, მაია ასათიანი და მისი გუნდი მუშაობას ტელეკომპანია „ტვ პირველზე“ გააგრძელებს.

მაია ასათიანისა და არხზე განხორციელებული რეორგანიზაციის საკითხზე, ინფორმაციის გადამოწმება, „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორთან, პაატა სალიასთან შევეცადეთ. მთელი დღის განმავლობაში მას ტელეფონზე ვუკავშირდებოდით, თუმცა სალია For.ge-ის ზარებს არ პასუხობდა. ამიტომ, მხოლოდ მისი იმ განცხადებით შემოვიფარგლებით, რომელიც არხის გენერალურმა დირექტორმა თავად გაავრცელა.

„თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა - „პროფილის“ ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არც ერთი გადაცემის და მათ შორის „პროფილის“ შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არც ერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

„პროფილის“ დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა - „შორენას ეფექტი“, - ნათქვამია სალიას განცხადებაში.

როგორც სალია აღნიშნავს, მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა „პროფილის“ შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს for.ge-თან არხის კიდევ ერთი, ახალი ხელმძღვანელი თაკო ფხაკაძე. თუმცა, მანამდე ფხაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ „პრაიმ ტაიმი“ და „რუსთავი2“ კი არ გაერთიანდნენ, არამედ ჰოლდინგი შეიქმნა.

რაც შეეხება რეორგანიზაციასა და მაია ასათიანის არხიდან წასვლას, ტელეკომპანიის ახალი ხელმძღვანელი განმარტავს, რომ „რუსთავი2“-დან მაია ასათიანის წასვლა არხის რეორგანიზაციის გეგმაში არ ყოფილა.

„გეგმაში არ ყოფილა, რომ მაია ასათიანი არხიდან წასულიყო. ჩვენ მას ვუთხარით, რომ მას ექნებოდა საკუთარი ბიუჯეტი და გარანტია, რომ გაეგრძელებინა ისეთივე პოზიციონირება, როგორც აქამდე ჰქონდა. უბრალოდ, გაუგებრობა მოხდა იმ პოზიციაში, რომ ის ჯგუფი, რომელიც „პროფილს“ აკეთებდა, აკეთებდა ასევე „შორენას ეფექტს“. „შორენას ეფექტი“ ჩვენს რეორგანიზაციაში არ შედიოდა. ახალ ბადეში შორენას გადაცემა გათვალისწინებული აღარ გვქონდა, რადგან ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში თანხვედრაში არ მოდიოდა. ზოგადად, პროექტმა არ გაამართლა. ამის შემდეგ, მაიამ გადაწყვიტა, რომ რადგან „შორენას ეფექტი“ აღარ გავიდოდა თავადაც წასულიყო არხიდან. ჩვენ ძალიან გული დაგვწყდა. წარმატებებს ვუსურვებთ იქ, სადაც წავიდა“, - განუცხადა for.ge-ს თაკო ფხაკაძემ.

თაკო ფხაკაძე ჩვენთან საუარში უარყოფს ინფორმაციას, რომ საინფორმაციო ბადესაც და საინფორმაციოში მომუშავე პირებს რეორგანიზაცია შეეხებათ.

„აღნიშნულ ინფორმაციას არ ვადასტურებ. საინფორმაციო ბადეს რა უნდა შეეხოს?! პირიქით, გადაცემებს შაბათ-კვირის ანალიტიკური გადაცემა დაემატება, ასევე, ღამის ყოველდღიური ფორმატი შეიძლება იყოს. ამაზე ჯერ მხოლოდ ვმსჯელობთ. რა თქმა უნდა, რებრენდინგი მოხდება, მაგრამ სარედაქციო პოლიტიკა სრულიად შენარჩუნებული იქნება. რეორგანიზაცია იქნება იმისთვის, რომ არხი პირველ ადგილზე გავიდეს. ამ გაერთიანების შედეგად, „რუსთავი2“-ის ვებ-გვერდი ტოპებში პირველ-მეორე ადგილზეა. ზუსტად ასე იქნება ტელე-მედიაც. რა თქმა უნდა, ვებისგან განსხვავებით, ამას ცოტა მეტი დრო სჭირდება“, - გვითხრა „პრაიმტაიმის“ რედაქტორმა.

რაც შეეხება როგორ გადაინაწილებენ პაატა სალია და თაკო ფხაკაძე უფლება-მოვალეობას, „პრაიმტაიმის“ რედაქტორი ასე განმარტავს: „არხს ორი აქციონერი ჰყავს. ასევე, ტელევიზიას ჰყავს ერთადერთი დირექტორი და გენერალური დირექტორი“.

თაკო ფხაკაძემ for.ge-სთან არხზე ახალი სახეების გამოჩენაზეც ისაუბრა.

„არხზე დაბრუნდნენ გიორგი ხაბურძანია და დემნა ჯაფარიძე. ასევე, დათო ნიკურაძე დაბრუნდა. ძველი სახეები დაგვიბრუნდებიან. აქცენტი უფრო გაკეთდება ძველ-ახალ სახეებზე - ვისაც რაღაც პერიოდში „რუსთავი2“-ს დატოვება მოუწია. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არხი ძველ პოზიციას დაუბრუნდეს“, - განაცხადა თაკო ფხაკაძემ.

For.ge-მ გაარკვია, რომ გადაცემა „ფარული კონვერტი“ არ იხურება და ახალი გადაცემების ჩაწერა მიმდინარეობს. როგორც ჩვენთან გადაცემის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, ავთო ჩიტიძემ განაცხადა, რეორგანიზაციის ფარგლებში გადაცემის დახურვა არ იგეგმება.

„ახლა, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ სეზონის ბოლომდე „ფარული კონვერტი“ არ დაიხურება. ახლაც ახალი გადაცემების ჩაწერა მიმდინარეობს“.

შეგახსენებთ, 2019 წელს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი2“ მის ძველ მფლობელს ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. არხის გენერალური დირექტორი კი ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია გახდა. ხოლო, როდესაც ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი2“ -ის 100%-იანი წილი გადაიფორმა, არხი თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის არხის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დატოვეს და ახალი ტელეკომანია „მთავარი“ დააფუძნეს.

Katana . მრავალწლიანი ომისა და მრავალრაუნდიანი სასამართლო ჭიდილის შემდეგ, როგორც იქნა, "რუსთავი 2" რომ წაართვეს ნაცებს, ამითი ერთადერთი ხეირი ნახა ხელისუფლებამ: აქედან ეს ტელევიზია ლანძღავს ძველებურად და იქიდან - "მთავარი არხი"...
3 წლის უკან