„აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას“, – საუბარია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისინი ყოვლისმომცველი რეფორმების ხელშეწყობის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩათვლით. ბლინკენი და ბორელი ერთმანეთს ბრიუსელში გუშინ შეხვდნენ.
რუსეთის აგრესიაზე განცხადება გააკეთა NATO–ს მინისტერიალის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა, რომლის განცხადებით რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. ასევე, რუსეთი მხარს უჭერს ბელარუსში მიმდინარე სადამსჯელო ზომებს და ცდილობს ჩაერიოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის საქმეებში. როგორც NATO–ს გენერალური მდივანი აცხადებს, ალიანსი შეინარჩუნებს სიფხიზლეს და გააგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან და ახლო პარტნიორებთან ერთად იმისათვის, რომ პასუხი გასცენ რუსეთის ქმედებებს.
„რუსეთი განაგრძობს ფართო მასშტაბის სამხედრო მობილიზებას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხმელთაშუა ზღვიდან არქტიკამდე. ნატო–ს მოკავშირეებმა გააკრიტიკეს რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. არჩევნებზე გავლენის მოხდენისკენ მიმართული მცდელობები, კიბერშეტევები და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ალიანსის პასუხი მტკიცე და თანმიმდევრულია.
რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, NATO–მ გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა. გავაუმჯობესეთ ჰიბრიდული და კიბერთავდაცვა. შევინარჩუნებთ სიფხიზლეს, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთად ვუპასუხებთ რუსეთის ქმედებებს. ნატო–ს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უნდა გავაგრძელოთ შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხილვა და ადაპტირება, როდესაც საქმე ეხება, მათ შორის, რუსეთის მხრიდან მზარდ სარაკეტო საფრთხეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სურვილებზე, რომ საქართველო ერთ დღესაც გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, ამის შესახებ წევრი ქვეყნები ღიად საუბრობენ, მათ შორის სკეპტიკური ქვეყნები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეს ქვეყნები თავს იკავებენ. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მასშტაბური სამუშაო, რომელიც 2021 წელს ჩატარდება, ნატო–საქართველოს ურთიერთობების კონკრეტულ შედეგში აისახება.
„ნატო–სთან საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან სხვადასხვა აქტუალურ თემებზე გამართული კონსულტაციები, მათ შორის „ნატო 2030“ – ის სტრატეგიული ხედვის შესახებ, აისახა საქართველოს მხარდამჭერი ფორმულირებები „ღია კარის პოლიტიკის“ და ალიანსში ინტეგრაციის საკითხებზე. ბოლო პერიოდში ნატო–ში გააქტიურებულია დისკუსია „ღია კარის პოლიტიკასთან“ დაკავშირებით და მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველომ შესაბამისად გამოიყენოს ეს ვითარება და მაქსიმუმი გააკეთოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსესუსის ჩამოსაყალიბებლად“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმობა განახლებული ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) დროული და ეფექტური იმპლემენტაციის საკითხს და შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით ალიანსთან პრაქტიკულ თანამშრომლობას.
„2021 წელს უნდა ჩატარდეს მასშტაბური და შინაარსობრივად დატვირთული სამუშაო, რომელმაც უნდა გამოიღოს კონკრეტული შედეგი და 2022 წელს დაგეგმილ ნატო–ს სრულფასოვან სამიტზე მოხდეს ასპირანტი საქართველოს პროგრესის ადეკვატური ასახვა სამიტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ნატოს წევრობისთვის აუცილებელია ვაკმაყოფილებდეთ ყველა კრიტერიუმებს, ერთი მხრივ ჩანს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმებს, მაგრამ როგორც ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს, ნატო ის ორგანიზაციაა, რომელიც გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე ღებულობს. მისი თქმით, ლიდერი ქვეყანა, როგორიც აშშ–ია მომხრეა იმის, რომ საქართველო გახადეს ნატოს წევრი, მაგრამ ამისთვის საჭიროა ყველა ქვეყნის თანხმობა.
„თუ აშშ ცოტა მეტ პედალირებას გააკეთებს ამისათვის, დაელაპარაკება ალიანსში თავის პარტნიორ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, უფრო დააჩქარებს პროცესებს. ნატოში ყველა არის თანასწორი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგს უფრო მეტი გავლენა გააჩნია, ზოგს ნაკლები. ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც არის ლუქსემბურგი, რომლის შეიარაღებული ძალები 1200 ითვლის და მეტს არა, გახდა ნატოს წევრი, იგივე ისლანდია, რომელსაც საერთოდ არ ჰყავს ჯარი, მაგრამ ნატოს წევრია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონსენსუსი არის აუცილებელი. თუ იქნება პოლიტიკური ნება, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას გარკვეული დრო სჭირდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლევან ნიკოლეიშვილმა.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება უკიდურესად იძაბება, რუსეთსა და ნატოს შორის ცივი ომი გადადის ცხელ ფაზაში, დადგა დრო, ალიანსმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ.
„საქართველომ 2002 წელს გააკეთა განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ ვიცით, როგორ განვითარდა პოლიტიკური პროცესები. არსებული პოლიტიკური რეჟიმის გამო შეუძლებელი იყო საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყევტილების მიღება. სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმი არ შეესაბამებოდა დემოკრატიული კლუბის სტანდარტებს და ბუნებრივია, საქართველოს გაწევრიანება გამორიცხული იყო.
მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დადგა საქართველოს გაწევრიანების შანსი. ახლა, როდესაც სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში, ყველაზე რთული პერიოდია, ამიტომ უნდა დაჩქარდეს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის – MAP–ის მიცემის პროცედურა. მაგრამ ერთია ჩვენი სურვილი და მეორეა არსებული ვითარება. სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ ვისმენთ მხოლოდ სიტყვებს, სამწუხაროდ, რეალური ნაბიჯები გადადგმული არ არის.
ეჭვი მეპარება, რომ სკეპტიკური ქვეყნები შეიცვლიან გადაწყვეტილებას. რუსეთის ფაქტორის გამო შეიძლება თავი არ აიტკიონ. არსებული შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და კრიზისი – ამაზე კარგი საჩუქარი სკეპტიკოსებისთვის რთულად თუ მოიძებნება, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სკეპტიკოსებს, რომ გაიმარჯვონ ალიანსში“, – აცხადებს for.ge–სთან ვახტანგ მაისაია.
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც ერთმანეთს არ ველაპარაკებით, ვერ ვრეაგირებთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ბრიუსელისთვის ეს არის არგუმენტი თქვას – რა დროს საქართველოს ნატოს წევრობაა. მისი თქმით, ეს არგუმენტი კარგად მუშაობს და აწყობს სწორედ რუსეთს.
„საქართველოს გაწევრიანიების მინიმალური შანსი აქვს. აუცილებელია, საქართველო გახდეს ნატოს ღირსეული წევრი. ამაზეა მუშაობა და ფიქრი საჭირო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსეთმა თავი აიწყვიტა. აშკარად ჩანს, რომ რუსეთი არ შეიცვლება. აუცილებელია, საქართველომ გაანძრიოს ხელი, რომ გახდეს უფრო მიმზიდველი, ვიდრე დღეს ვართ.
სამწუხაროდ, კარებშიც კი არ შევსულვართ, არა თუ კიბეზე ავიდეთ. ჯერ MAP უნდა მივიღოთ. წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. სამწუხაროდ, უკან–უკან მივდივართ. გუშინ უფრო ახლოს ვიყავით ნატოსთან, ვიდრე დღეს ვართ. ვცილდებით ნატოს. ვხედავ, როგორ აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ჩვენი მეგობრები ბრიუსელში და ნატოში. ეს ცალსახად აძლიერებს რუსეთის გავლენებს, ამის ფონზე ნიჰილიზმი იზრდება მოსახლეობაში“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.