„მსხვილი ნაწლავის კიბო იმ იშვიათი სიმსივნეების ჩამონათვალშია, რომლის პრევენციაც შესაძლებელია რეგულარული სკრინინგით“

„მსხვილი ნაწლავის კიბო იმ იშვიათი სიმსივნეების ჩამონათვალშია, რომლის პრევენციაც შესაძლებელია რეგულარული სკრინინგით“

მთელ მსოფლიოში მარტი მიჩნეულია მსხვილი ნაწლავის კიბოს (ანუ კოლორექტული კიბოს) შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ. მსხვილი ნაწლავის კიბო გავრცელების მხრივ მსოფლიოში ყველა ტიპის სიმსივნეს შორის მესამე ადგილზეა, ხოლო სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ მეორე ადგილზე. ასეთი სახიფათო მონაცემების მიუხედავად, მსხვილი ნაწლავის კიბო იმ იშვიათი სიმსივნეების ჩამონათვალშია, რომლის პრევენციაც შესაძლებელია რეგულარული სკრინინგით.

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება, ამის შესახებ for.ge- ს კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოთერაპიული მიმართულების ხელმძღვანელი, სამედიცინო ონკოლოგი ირინე ხუბუა ესაუბრა.

რას წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის კიბო და რა მნიშვნელობა ენიჭება სკრინინგს დაავადების პრევენციისა და დროულად აღმოჩენისთვის?

- მსხვილი ნაწლავი ეს არის კუნთოვანი ორგანო, სადაც ხდება წყლისა და მინერალური მარილების შეწოვა. კიბო განვითარებას იწყებს ნაწლავის კედლის ყველაზე შიდა შრიდან. ლორწოვან გარსში ჩნდება სიმსივნური უჯრედები, რომლებიც იწყებენ გაყოფას, გამრავლებას და მეზობელ სტრუქტურებში გავრცელებას. მსხვილი ნაწლავის კიბო იმ იშვიათი სიმსივნეების ჩამონათვალშია, რომლის პრევენცია შესაძლებელია რეგულარული სკრინინგით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მსხვილი ნაწლავის სკრინიგი დაბალი რისკის პაციენტებში ტარდება 50 წლიდან, ერთი ან ორწლიანი ინტერვალით. მომატებული რისკის, კოლორექტული კიბოს ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში მოწოდებულია სკრინინგის დაწყება ადრეული ასაკიდან. აღნიშნული პროგრამა მოიცავს კოლონოსკოპიას და განავლის ტესტს ფარულ სისხლდენაზე. კიბოსწინარე დაავადების ან უშუალოდ კიბოს ადრეული აღმოჩენა პირდაპირ კავშირშია დაავადების მიმდინარეობასთან, მის პროგნოზთან და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. აქედან გამომდინარე, სკრინინგის მიზანს წარმოადგენს ადრეულ სტადიაზე, უსიმპტომოდ მიმდინარე კოლორექტული კიბოს აღმოჩენა და, ასევე, ნაწლავის კიბოსწინარე დაზიანებების გამოვლენა. საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 16%-ით ამცირებს ამ დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას.

როგორია ამ დაავადების გავრცელება მსოფლიოსა და საქართველოში და როგორია სქესთა შორის და ასაკის მხრივ განაწილება?

- მსოფლიოში ყოველწლიურად მსხვილი ნაწლავის ანუ კოლორექტული კიბოს მილიონამდე ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება. გავრცელების მხრივ მე- 3 ადგილზეა, ხოლო სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილობის მხრივ მე- 2 ადგილზე. უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. ევროპაში, ოციდან ერთ მამაკაცს და 35-დან ერთ ქალს უვითარდება მსხვილი ნაწლავის კიბო. რაც შეეხება ასაკს, ძირითადად ვითარდება 60 წლის ზევით, საკმაოდ იშვიათია 40 წლამდე.

რა სიმპტომებით უნდა მივიტანოთ ეჭვი მსხვილი ნაწლავის კიბოზე?

- მსხვილი ნაწლავის კიბო გავრცელების ადრეულ ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა სიმსივნის ზრდასთან ერთად ვლინდება ჩივილებიც. ჩივილების ინტენსივობა, სახეობა დამოკიდებულია სიმსივნის ზომასა და ლოკალიზაციაზე. მსხვილი ნაწლავის კიბოზე ეჭვი უნდა მივიტანოთ, თუ პაციენტი უჩივის ფაღარათისა და შეკრულობის მონაცვლეობას, სისხლიანი და /ან ლორწოს შემცველი განავლის არსებობას, დისკომფორტს, ტკივილს მუცლის არეში, ნაწლავის დაცლის არასრულ შეგრძნებას, საერთო სისუსტეს, აუხსნელ წონაში კლებას, ადვილად დაღლას.

რა შეიძლება ჩაითვალოს ამ დაავადების რისკ-ფაქტორებად?

- დღესათვის ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ვითარდება ავთვისებიანი სიმსივნე, უცნობია. თუმცა არსებობს რისკ-ფაქტორები, კიბოსწინარე დაავადებები, რომლებიც ზრდიან კიბოს განვითარების ალბათობას. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება - კეთილთვისებიანი წარმონაქმნები - კოლორექტული კიბოს განვითარების რისკს ზრდის პოლიპის, ადენომის ხანგრძლივი ანამნეზი. როდესაც მსხვილი ნაწლავის პოლიპი ვლინდება, მაგალითად - სკრინინგით, აუცილებელია მისი მოკვეთა, კიბოდ გადაგვარების პრევენციის მიზნით. ასევე, რისკ-ფაქტორად ითვლება მემკვიდრეობითი ფაქტორი - მსხვილი ნაწლავის კიბოს მცირე ნაწილი დაკავშირებულია გენების მუტაციასთან. ყველაზე ხშირი მემკვიდრეობითი სინდრომი, რომელიც ზრდის ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს, არის ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი და ლინჩის სინდრომი. ასევე, მნიშვნელობა ენიჭება ასაკს - კოლორექტული კიბო შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობა დიაგნოსტირება 60 წლის ზევით ასაკის პირებში. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება კიბოს განვითარების რისკი. რისკ- ფაქტორია, ასევე, კუჭ-ნაწლავის დაავადებები - წყლული, პოლიპოზი, კრონის დაავადება; არასწორი კვება - ყველაზე მაღალი რისკი აღენიშნებათ პირებს, რომლებიც ცხიმით, კალორიებით მდიდარ და ბოჭკოებით ღარიბ დიეტას მოიხმარენ, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება;

როგორია დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზი?

- დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზი პირდაპირ არის დამოკიდებული სიმსივნური პროცესის გავრცელებაზე. ადრეულ ანუ პირველ სტადიაზე ხუთწლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და შეადგენს 90%-ს, ეს ნიშნავს, რომ კოლორექტული კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტთა 90% ცოცხალია დაავადების გამოვლენიდან ხუთი წელი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სტატისტიკა არ გულისხმობს ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებს და ვერ გამოვიყენებთ ნებისმიერი პაციენტის გამოსავალის განსაზღვრისთვის. დაავადების ერთი და იმავე სტადიის, გავრცელების მიმდინარეობაც კი განსხვავებულია; კოლორექტული კიბოს შორსწასული, მეტასტაზური ფორმების დროს ხუთწლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი 14%-ს არ აღემატება, ანუ დაავადების გავრცელების, სიმსივნის ზრდასა და მეტასტაზირებასთან ერთად აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება.