მურმან დუმბაძე: “სააკაშვილს მშენებარე მეჩეთის ადგილას დამარხავენ“

მურმან დუმბაძე: “სააკაშვილს მშენებარე მეჩეთის ადგილას დამარხავენ“

“რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ პრესა.გე–ს აცნობა, რომ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიასთან ახლოს, ყოფილი მე–6 საჯარო სკოლის შენობის დანგრევა და ამ ადგილას მეჩეთის აშენება იგეგმება.  

მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება პირველად ბათუმის საკრებულოში ვცადეთ; პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, გურანდა აბულაძემ განგვიცხადა, რომ საკრებულო ვერ გააკეთებს კომენტარს იმაზე, მართლა აპირებენ თუ არა ყოფილი მე-6 საჯარო სკოლის შენობის დანგრევას. აბულაძემ აჭარის ა/რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაგვამისამართა. ამ უწყების პირველმა პირმა, ვაჟა ბოლქვაძემ სკოლის ადგილას მეჩეთის აშენების შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო:

“საიდან მოგივიდათ ეგ აზრი, ან ვინ მოგაწოდათ ეგ ინფორმაცია?! ყოფილი სკოლის შენობა საპრივატიზაციო ობიექტთა სიაში არის და თუ ინვესტორი გამოჩნდება, მივყიდით, მაგრამ მაგ ტერიტორიაზე არანაირი მეჩეთის აშენება არ იგეგმება“.

აჭარის ა/რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ, მურმან დუმბაძეს ხელახლა დავუკავშირდით და ვკითხეთ, რამდენად სარწმუნოა მის მიერ მოწოდებული ცნობა, მეჩეთის აშენების შესახებ, რაზეც მან გვიპასუხა: “ეს ინფორმაცია მე ძალიან სარწმუნო წყაროდან მაქვს; მეჩეთის აშენება იმ ხელშეკრულების ფარგლებში იგეგმება, რომელზე ხელმოწერასაც აპირებენ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები“.  

შეგახსენებთ, რომ 5–7 დეკემბერს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის დელეგაცია. 6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დელეგაცია იმყოფებოდა და რომ ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ეროვნულ ძეგლებთან დაკავშირებული სადავო საკითხები იქნებოდა განხილული – “საქართველოსა და თურქეთს შორის ერთობლივი ოქმის გაფორმება იგეგმება, რომელიც საქართველოში თურქულ, ხოლო თურქეთში ქართულ კულტურულ ძეგლებს უკავშირდება“.

ნინო კალანდაძემ აღნიშნა ისიც, რომ სამუშაო ჯგუფი ოქმს ხელმოსაწერად მოამზადებს, ხოლო მისი გაფორმება საქართველოში თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის ვიზიტის დროს იგეგმება.

პრესა.გე–მ 7 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ინტერნეტით გაუგზავნა განცხადება და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37–ე, 38–ე და 40–ე მუხლების საფუძველზე, ზემოხსენებული ოქმის ასლის მოწოდება სთხოვა. დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ განცხადება კანცელარიაში უნდა ჩაგვებარებინა. მეორე დღეს, 8 დეკემბერს განცხადება კანცელარიაში ჩავაბარეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არ გაუციათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც ამა თუ იმ მასალისთვის საჭირო კომენტარს ყოველთვის ოპერატიულად გვაწვდის, ვიმედოვნებთ, რომ ამჯერადაც ასე მოიქცევა და ორშაბათს მაინც მივიღებთ პასუხს ჩვენს განცხადებაზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ისტორიულ ტაო–კლარჯეთში სამი ქართული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ, თურქული მხარე გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს, რომელთა შორისაა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის რეპლიკის აშენება, სალოცავი ფუნქციის გარეშე; ახალციხეში მეჩეთის რესტავრაცია და სოფელ კვირიკეში არსებული ჯამეს რესტავრაცია. ეს ინფორმაცია პრესა.გე–ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკა ვაჩეიშვილმა, 2009 წლის 8 მაისს ინტრვიუში (სათაურით – ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთს ააშენებენ) დაუდასტურა. 

ამასთან, ჩვენთვის გაუგებარია რატომ ცდილობენ ჩვენი კულტურული მემკვდირეობის თურქულად გამოცხადებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები (ნიკა ვაჩეიშვილი, ნინო კალანდაძე). პრესა.გე–მ იმ ძეგლების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია, რომლის აშენება–რესტავრაციასაც თურქები ითხოვენ, მოიძია და მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გამოაქვეყნა სათაურით – ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია!!! ამ მასალაში შეგიძლიათ წაიკითხოთ იმ სპეციალისტების კომენტარები, რომლებიც საქართველოში მუსულმანური ძეგლების ისტორიას იკვლევენ. ისინი აღნიშნავენ და ასაბუთებენ, რომ ზემოხსენებული ძეგლები ქართული კულტურის ნიმუშებს წარმოადგენენ.

პრესა.გე–მ უკვე ორჯერ (9 მაისს და 5 დეკემბერს) შემოგთავაზათ საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ოფიციალური წერილის სრული ვერსია, რომელშიც პატრიარქი ხელისუფლებას იმ საფრთხეების ირგვლივ ღიად მიანიშნებს, რაც თურქების მოთხოვნების უპირობო შესრულებას შეიძლება მოჰყვეს. გთავაზობთ ამონარიდს მისი უწმინდესობის წერილიდან:
“ცნობილია, რომ ბათუმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. მიუხედავად ამისა, ბათუმში უკვე ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი მეჩეთი, რომელიც შეესაბამება მუსლიმური მრევლის რაოდენობას და ამასთან, გამოხატავს სახელმწიფოს კეთილგანწყობას, თავისი მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური, კულტურული და ტრადიციული მემკვიდრეობის მიმართ.
ყოფილი “აზიზიეს მეჩეთის“ ადგილზე დღეს საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული და მათი დანგრევა ვერ მოხერხდება, ხოლო ბათუმის სხვა უბანში, ტერიტორიის გამოყოფა და იქ აღნიშნული მეჩეთის ასლის აგება, ფაქტიურად ახალი მეჩეთის აშენებას ნიშნავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ამის შესახებ გაგაფრთხილოთ“.

არც პრესა.გე–ს და არც ამ მასალის ავტორს დღემდე არავინ დაკავშირებია და პოზიციის გამოხატვის სურვილი არ გამოუთქვამ, თუ არ ჩავთვლით, სტატიების ბოლოს, ფორუმებზე დატოვებულ ძალიან ბევრ კომენტარს. “რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურმან დუმბაძე პირველია, ვინც თურქეთ–საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებასა და მისი უწმინდესობის პოზიციას ღიად გამოეხმაურა. 

მურმან დუმბაძე: “ზოგადად საქართველოში, მუსულმანური აღმსარებლობის ადამიანებს, მუსულმან ქართველებს, ერთად შეკრების და ლოცვის საშუალება აქვთ. კერძოდ, აჭარაში ეს თვალშისაცემიცაა. აქ თქვენ ვერ ნახავთ ხეობას, სოფელს, რომ არ ფუნქციონირებდეს ჯამე. აქაურ ქრისტიანებს მათი რწმენის თავისუფალ აღმსარებლობაზე არავითარი გართულება არ აქვთ. ამ მხრივ აჭარა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და კონფესიური ურთიერთობის შესანიშნავი მაგალითია. ქალაქ ბათუმშიც ფუნქციონირებს ე.წ. ორთაჯამე. ამ სახელითაა ცნობილი ბათუმში მოქმედი მეჩეთი. 

ბოლო 10 წელია ჩვენი პარტიის ოფისი არის ამ ჯამეს გვერდით. ვერ ვიტყვი რომ ჯამე ცარიელია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ტევა არ არის. აქ უმეტესად დადიან ადგილობრივი მოხუცები, სტუმრად შემოსული თურქეთის მოქალაქეები და დადის ახალგაზრდობაც, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით მცირეა. 

ბათუმისგან განსხვავებით ზემომთიან აჭარაში, მაგალითად, ხულოს რაიონში, ღორჯომის ხეობაში) კომპაქტურად დასახლებულნი არიან მუსულმანური აღმსარებლობის ადამიანები და იქ რამდენიმე ჯამე ფუნქციონირებს. იგივე ხულოს რაიონის სხალთის ხეობაში მართლმადიდებლების რაოდენობა ჭარბობს და ამიტომ იქ ჯამეც არის და ეკლესიაც. რაც შეეხება ბათუმს, აქ პრაქტიკულად იმდენად ცოტაა მუსულმანი, რომ ახალი ჯამეს, ან მეჩეთის აშენება წმინდა პოლიტიკური ხასიათისა იქნება“.
მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილ დოკუმენტებს შორის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც “კონკორდატის“ სახელითაა ცნობილი, ერთ–ერთი საუკეთესოა.  

“რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერს მიაჩნია, რომ ამ დოკუმენტით სახელმწიფომ ზუსტად აღიქვა ეკლესიური სწავლება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღიარა შიდასაეკლესიო მმართველობა და სცნო კათალიკოს-პატრიარქის იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე, მურმან დუმბაძე თვლის, რომ საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიყოს – წმინდა კანონიკური, საეკლესიო თვალსაზრისით და სახელმწიფო–საჯარო თვალსაზრისით.

მურმან დუმბაძე: “ყურადღებით ვადევნებდი თვალს პრესა.გე–ზე გამოქვეყნებულ თქვენს წერილებს, ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, პატრიარქი და, შესაბამისად – სინოდი, წინააღმდეგია ამ საკითხის ეკლესიური ვალდებულებებით მოწესრიგებისა. ანუ პატრიარქი ამბობს, რომ თუ იქ ისტორიული მნიშვნელობის სამონასტრო ტაძარს აღვადგენთ, მაგრამ საეკლესიო მმართველობა ვერ განხორციელდება, აქ მეჩეთი არ უნდა აშენდესო. პატრიარქის ნათქვამი მე ასე მესმის – ის არ იქნება წინააღმდეგი, თუ იქ, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, აღდგება ხანძთა, იშხანი, ოშკი და აქ სანაცვლოდ აშენდება ნებისმიერი კომერციული (მაგალითად, სასტუმრო, მაღაზია), თუ არაკომერციული ობიექტი; მაგალითად თურქეთის საკონსულოს დამატებითი შენობა. მაგრამ სანაცვლოდ მეჩეთის აშენება, მისთვის არის მიუღებელი. 

ამასთან, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას აპირებენ, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ეს საკითხი საქართველოს ეკლესიასთან შეათანხმოს. თუ სააკაშვილი ამ ეკლესიებს განიხილავს, როგორც ისტორიული მნიშვნელობის მატერიალური კულტურის ობიექტებს და სურს მისი გადარჩენა კაცობრიობისთვის, მაშინ რატომ იცვლება ის ერთი ერთში, ანუ ეკლესია მეჩეთში? მოგვცენ უფლება აღვადგინოთ ეს ძეგლები და მის სანაცვლოდ, ისევ თურქეთის ტერიტორიაზე ავუშენოთ მეჩეთი და არა საქართველოში. მაინტერესებს, ჩვენ, საჯარო-საერო პირებს, არ გვეკითხება, გვსურს თუ არა მეჩეთის მშენებლობა ბათუმში, როცა ამის არავითარი პრაქტიკული მოთხოვნილება არ არსებობს?! 

მიხეილ სააკაშვილს და, მით უმეტეს, თურქეთის ხელისუფლებას მართლმადიდებლობის არსი არ ესმით და აი რატომ – სააკაშვილი თურქების გასაგონად ამბობს, რომ მე იქ აღმიდგინეთ ჩემი მართლმადიდებლური ეკლესია და თქვენ აქ სანაცვლოდ ააშენეთ მეჩეთიო. ანუ სააკაშვილს ჰგონია, რომ ქრისტიანული ეკლესია და მუსულმანური მეჩეთი რელიგიის თვალსაზრისით ეკვივალენტურია. არა და მათლმადიდებლობა არ არის ეკლესია, მართლმადიდებლობა არის სჯულის კანონი, რომელიც შეიძლება შესრულდეს მაგალითად, ლოდზე, როგორც ამას აკეთებდა ვთქვათ, წმინდა სერაფიმ საროველი. მართლმადიდებლობა არის ცოცხალი რწმენა, უფლის სიყვარული, რომელიც გათავისუფლებს ყველასგან და ყველაფრისგან, გარდა უფლის მორჩილებისა. ამაშია მისი სიდიადე. სააკაშვილს რომ ეთქვა, მე იქ აღვადგენ ეკლესიას და აქ თქვენ სანაცვლოდ კომერციულ დაწესებულებას, მაგალითად სასტუმროს აგაშენებინებთო, მაშინ მივხვდებოდი, რომ სააკაშვილი ეკლესიასა და მეჩეთს შორის სხვაობას ხედავს. 
რაც შეეხება ჯამეს აშენებას ქალაქ ბათუმში – ბათუმი როგორც ქალაქი არსებობდა სააკაშვილამდე, არსებობს სააკაშვილის დროსაც და იარსებებს სააკაშვილის შემდეგაც. საჯარო-სახელმწიფო გაგებით, ბათუმი თვითმმართველი ქალაქია, მას ჰყავს თვითმმართველი ორგანო - საკრებულო (თავისუფალ გარემოში არჩეული თუ დანიშნული წევრებით დაკომპლექტებული, ეს სხვა, პოლიტიკური საკითხია); ქალაქში რაც აშენდება ან დაინგრევა, ეს ბათუმელების გადასაწყვეტია, არაპირდაპირი დემოკრატიის, ამ შემთხვევაში ბათუმის მოსახლეობის წარმომადგენლების, ადგილობრივი დეპუტატების მეშვეობით და დედამიწის ზურგზე არავის არ ეკითხება, სად, რა და როდის აშენდება ქალაქ ბათუმში; მათ შორის არც საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ხელისუფლებას და მით უმეტეს თურქეთის სახელმწიფო ხელისუფლებას. ამის თქმის უფლებას მაძლევს საქართველოს კონსტიტუცია.

არასოდეს ვყოფილვარ ჩასაფრებული პირი, მაგრამ 7 ნოემბრისა და 8 აგვისტოს შემდეგ მკვდრეთით აღმდგარ სააკაშვილზე არ ვმალავ, ნამდვილად ჩასაფრებული ვარ. ერთი სული მაქვს, მორიგ სისულეს, დანაშაულთან ერთად როდის ჩაიდენს.

მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსთაველის ქუჩაზე, სადაც არის “ შერატონის“ სასტუმრო და იქვეა ბარბარეს ეკლესიაც, რამდენიმე ათეულ მეტრში, მე-6-ე სკოლის ყოფილ შენობას ანგრევენ და მის სანაცვლოდ მეჩეთის აშენება უნდათ. სააკაშვილი ცეცხლს ეთამაშება. ეს თუ გაბედა, და არა მარტო ამ ადგილზე, მაშინ ჩათვალეთ, რომ ის, რაც ვერ გააკეთა ვერცერთმა პოლიტიკოსმა, თუ პოლიტიკურმა პარტიამ, გააკეთებს ქართველი ხალხი – მე ვიცი მოქალაქეების განწყობა. სააკაშვილს მშენებარე მეჩეთის ადგილას დამარხავენ და ამ პროცესში მეც მივიღებ მონაწილეობას“.