კახა საბანაძისა და კიდევ რამდენიმე პირის შესაძლო მიყურადება–თვალთვალის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. კახაბერ საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სუს–ის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ტელეეთერში განაცხადა, რომ ის კონკრეტულ დავალებებს სწორედ კახაბერ საბანაძისგან იღებდა, მათ შორის სუს–ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა.
როგორც გულაშვილმა აღნიშნა, საბანაძემ აქციის დარბევის ღამის კადრები ამოაღებინა პარლამენტის სარდაფიდან, სადაც სერვერი იწერდა. ამასთან, გულაშვილის განმარტებით, მას უნდა გაეთიშა პარლამენტის წინ დამონტაჟებული დიდი მონიტორი სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროტალღურ სხივებს გამოსცემდა. მისივე თქმით, სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილიც“ ჰქონდა.
for.ge „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარეს, ბესიკ ალადაშვილს ესაუბარა.
კახა საბანაძეს სამუშაო კაბინეტში მოსასმენის დამონტაჟება რისი მანიშნებელია - ერთმანეთის მიმართ ნდობის ფაქტორი არ არსებობს თუ მიღებული პრაქტიკაა მაღალი თანამდებობის პირების მოსმენა?
ბესიკ ალადაშვილი: საბჭოთა კავშირიდან მოდის ეს სამწუხარო პრაქტიკა. სამუშაო კაბინეტში ამონტაჟებდნენ მოსამენს, მერე ვინ დაინიშნებოდა იმისდა მიხედვით იღებდნენ გადაწყვეტილებას, მოეხსნათ ეს აპარატურა თუ - არა. ძირითადად, ხმის აპარატურა იყო დამონტაჟებული. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ეს არის შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის. სამწუხაროდ, ეს არის სპეცსამსახურების ხელი და ეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ უცხოეთშიც ხდება.
ზოგადად, სამართალდამცავების და სპეცსამსახურების სტრუქტურებში, ეს არის მიღებული პრაქტიკა. შეიძლება ამას დავარქვათ კონტროლი, გადამოწმება, მაგრამ ეს არ უნდა გასცდეს სახელმწიფოს ინტერესებს, არ უნდა გადაიზარდოს პირად და ჯგუფურ დაპირისპირებაში, კლანურ ბრძოლაში.
რასაც ჩვენ ტელევიზიის საშუალებით ვაკვირდებით, ეს არის კლანებს შორის ბრძოლა?
– ვფიქრობ, რომ ასეა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ერთ თვეში სერიოზული ცვლილებები მოხდა ძალოვან სტრუქტურებში. ეს ნიშანსვეტია იმისა, რომ რაღაცა წრეზე, რაღაცა მოვლენის შემდეგ მოხდა პარალელური პროცესების განვითარება სპეცსამსახურებში და ძალოვან სისტემაში.
გამორიცხავთ, რომ აქ გარე ძალების ინტერესებიც იყოს ჩართული? მით უფრო, რომ საქართველო მოწყვლადია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის...
– სამწუხაროდ, ჩვენს რეალობას თუ გავითვალისწინებთ, აქ კლანური დაპირისპირების გარდა, ბუნებრივია არსებობს სხვა ქვეყნების ოპერატიული დაინტერესება საქართველოს მიმართ. ეს დაინტერესება უპირველესად გამოიხატება ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღავენელების მოქმედებების ანალიზით, შესწავლით, მათ შორის მათი მოსმენით, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ საქართველოს სტრუქტურების ხელით უნდა გაკეთდეს, ბუნებრივია, - იმ თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ამ სტრუქტურებში მუშაობენ.
აქ ეს პროცესი იმდენად რთულია, რომ შესაძლებელია, ეს კლანური დაპირისპირება უკვე იყოს უცხო ქვეყნების მიერ ინსპირირებული და უკვე ინფორმაცია ავტომატურად მიდიოდეს. იმდენად რთულია შეღწევადობა, ბუნებრივია, უცხო ქვეყნის სპეცსამსახური სხვადასხვა ფორმით ცდილობს სწორედ ამ კლანური, ჯგუფური, შიდა დაპირისპირების გამოყენებას. არ არის გამორიცხული, რომ ეს ინფორმაცია და ზოგადად, ოპერაცია მისი ინსპირირებული იყოს.
მაგალითად, სერბეთის პრეზიდენტს უსმენდა შს მინისტრი, ხომ ხედავთ, რა დონის გავრცელებული სამართალდარღვევაა. აქ შეძილება პარტიული ინტერესი იყოს, შეიძლება ჩართული იყოს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები და არ არის გამორიცხული შეიძლება, იყოს პირადი ამბიციები. ჩვენ გვახსოვს, რა ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს.
მიღებული პრაქტიკა იყო, ყველა კაბინეტში, მათ შორის დამლაგებლის ოთახშიც კი მოსასმენი იყო დამონტაჟებული...
– კუდ–ი, სოდ–ი, კონტრდაზვერვა და ყველა ეს სამსახური ერთამენთს უსმენდა. ერთმანეთის წინააღმდეგ მიდიოდა კომპრომატების შეგროვება. არ არის გამორიცხული, დღესაც იგივე გრძელდებოდეს.
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე?
– არ ვიცი, არ მახსენდება რომელიმე საქმე, რომელიც ბოლომდე მივიდა, თუ არ ჩავთვლით 2013 წელს, როდესაც ფარული მიყურადების გამო, ოპერატიულ–ტექნიკური სამსახურის და შსს–ს კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. სხვა მაგალითი არ მახსენდება. ახლაც არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ ბოლომდე სიმართლე გაირკვევა.
შემთხვევით არ ხდება, რომ ოპოზიციურ არხზე ხდება ფარული ჩანაწერების გავრცელება. კახა საბანაძე არ არის პირველი შემთხვევა, ამას წინ უსწრებდა ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის აუდიო–ჩანაწერების გავრცელება. მანამდე სოსო გოგაშვილის ინტერვიუ გავიდა ამავე არხზე და დაანონსება, რომ კიდევ ბევრ რამეს გავიგებთ, ამას მოჰყვა სერიებად ჩანაწერების გავრცელება და ამას მალევე მოჰყვა ლაშა ნაცვლიშვილის უკვე ტელევიზიიდანაც წასვლა, რაც შემთხვევითი არ იყო. მხოლოდ შიდა დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე?
– ეს არის ერთიანი მოზაიკური პანო, სადაც ეს მოზაიკური ქვები ამ პანოს აწყობს. მაგრამ ეს მოზაიკა სად, რომელ ქვეყანაში იქმნება, ანუ, ვინ ხედავს საერთო სურათს და ვინ ანაწილებს შემდეგ შემსრულებლებს, მთავარ მონაწილეებს, თუ ასისტენტებს და თუნდაც იმას, რომელი არხით უნდა გავიდეს შემდეგ ეს ფარული ჩანაწერი, ეს არის გამოსარკვევი. ბუნებრივია, რომ ეს უკვე არის უსაფრთხოების, ანუ სუს–ის პრეროგატივა. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს კლანური ბრძოლა და შიდა დაპირისპირება პროვოცირებული იყოს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ.
ტრადიციულად, ძალოვანი სტრუქტურები ერთმანეთთან მუდამ დაპირისპირებული იყვნენ, დღესაც იგივე ხდება, მაგრამ დღეს პრობლება უფრო ღრმა და მასშტაბური არ გეჩვენებათ?
– ეს არის ქვეყნის ნგრევა, მართვადი ქაოსი. პატარ–პატარა სერიალებს ვუყურებთ. ბუნებრივია, ეს სცენარი დაწერილია იმ ქვეყნის მიერ, ვის ინტერესებშიც არის საქართველოში არასტაბილურობა. იმიტომ, რომ სპეცსამსახურებში, თავდაცვის სამინისტროში და თუნდაც იგივე სამართალდამცავ სტრუქტურებში არ არსებობს უმნიშვნელო თანამდებობა. ყველა თანამდებობის და მათ შორის, რიგითი თანამშრომლის გამოყენება შეუძლია ჩვენს მტერს, თუ განისაზღვრა ფუნქცია, სად შეიძლება მისმა აგენტურამ კონკრეტული დავალება შეასრულოს.
ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოხდეს არასტაბილურობის პროვოცირება, შეიძლება დღეს, შეიძლება ხვალ. ზოგიერთი ე.წ. მიძინებულ მდგომარეობაშია. ასეთი მიძინებული აგენტურა არსებობს, რომლებიც არიან როგორც კულტურის სფეროში, ასევე სპორტში და ეს კიდევ ცალკე თემაა. აგენტურაა ასევე ძალოვნებში და მათი ამოქმედება ხდება კონკრეტული მიზნისთვის. საბოლოო მიზანი არის არასტაბილურობა, ხანგრძლივი ქაოსი, რომელიც იმართება ერთი ცენტრიდან.
რატომ გამოვრიცხავთ, რომ ეს იყოს სააკაშვილის გეგმის ნაწილი, რომელიც მზად არის ყველანაირი ძალა გამოყენოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, თუნცა ეს საფრთხეს უქმნიდეს ქვეყანას?
– თვითონ სააკაშვილი არის რაღაცა გეგმის ნაწილი. რაც შეეხება სპეცსამსახურების ლოიალობას, ერთი რამე უნდა ვიცოდეთ – სპეცსამსახურის თანამშრომელი ლოიალურია ყოველთვის პირადი ხელმძღვანელის მიმართ. გამორიცხულია მან სხვა რამე გააკეთოს, თუ მასზე არ არსებობს მაკომპრომეტირებელი მასალა, რომლითაც ის შეიძლება მართოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა, ან ოპოზიციამ, ან წინა ხელისუფლებამ. ეს არ უნდა გამოვრიცხოთ და ამ შემთხვევაში შეიძლება რომელიმე ოპერატიულმა თანამშრომელმა შეასრულოს უკანონო დავალება.
რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს პროცესი?
– ძალიან შორს არის უკვე. მეტი რა უნდა მოხდეს? პრემიერ–მინისტრის წინააღმდეგ გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერი, ვინ გაავრცელა, ვინ გააკეთა, ვინ იწერდა, ნორმალურ ქვეყანაში დაიწყებოდა მოკვლევა. ჩვენთან ეს რატომღაც ტაბუირებული თემაა, რაღაც ეტაპამდე მიდის გამოძიება და შემდეგ, ყველაზე კარგ შემთხვევაში, შეიძლება დაიჭირონ დაბალი დონის შემსრულებელი, ხოლო შემკვეთი და ორგანიზატორი არც სახელდება და მით უმეტეს არ ხდება მისი დასჯა. ამიტომ მუდმივად გაგრძელდება ეს პროცესი.