„ასტრაზენიკის“ ვაქცინის მიმართ ბევრი კითხვა ჩნდება. ასევე ჩნდება კითხვა „ასტრაზენიკა“ თუ „ფაიზერი“?! საზოგადოებაში არსებულ ამ კითხვას for.ge-თან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ლადო კახაძე ასე პასუხობს: „როგორი ტექნოლოგიითაც არ უნდა იყოს ვაქცინა დამზადებული, ეს იქნება „ფაიზერი“, „მოდერნა“ თუ „ასტრაზენეკა“, ყველას აპრობაცია გავლილი იქნება ჯანმოს მიერ“.
ასევე, პარლამნტის წევრი ჩვენთან საუბარში ვაქცინასთან და ვაქცინაციაზე ბევრ საინტერესო თემებზე საუბრობს.
რატომ გადაწყდა, რომ მოწყვლად ჯგუფს ვაქცინაცია დროზე ადრე ჩატარებოდა?
- ალბათ, რესურსი გაჩნდა და პარალელურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციის საფუძველზე დასაშვებად მიიჩნია, რათა დრო არ დავკარგოთ.
რესურსი იმის ხარჯზე ხომ არ გაჩნდა, რომ ბევრმა სამედიცინო პერსონალმა ვაქცინაციაზე უარი განაცხადა?
- ვაქცინაციის ნებაყოფლობას კანონი არეგულირებს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს, ადამიანის უფლებები წინ არის წამოწეული. ძალას ვერავის დაატან. ამიტომ, ადამიანები თანამონაწილეობენ ამ პროცესის განხორციელებაში, რასაკვირველია, კითხვა-პასუხის რეჟიმში. პარლამენტის სხდომაზე ვთქვი, რომ ვაქცინაცია ადამიანის გადასაწყვეტია. ექიმები ამას ყოველთვის მხარს ვუჭერთ. ვიცით, ნებისმიერ ვაქცინაციას რა გამოხმაურება აქვს. ყოველთვის მომხრეები ვიქნებით ვაქცინაციის, მაგრამ ძალის დატანება არ შეიძლება.
თქვენი აზრით, ვაქცინაციის ჩატარების აქტიობა მოწყვლად ჯგუფებში რამდენად მაღალი იქნება?
- ვაქცინის წინააღმდეგ რაღაც ფაქტორები ყოველთვის მოქმედებს. ჩემდა სამწუხაროდ ამ საქმეში პოლიტიკა ჩაერია. ეს ახალი ამბავი არ არის და მარტო ჩვენთან არ ხდება. ახლა უამრავი ადამიანი მირეკავს და მეუბნებიან აცრისთვის თუ სად უნდა დარეგისტრირდნენ. მე ამას მარტო ახლო წრეში არ ვლაპარაკობ, ჩემი პოზიცია ამ საკითხზე ყველასთვის ცნობილია. რასაკვრიველია, ვაქცინაცია ერთადერთი გზაა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ადამიანები პრაგმატულად მოაზროვნეები არიან და ეს შანსი უნდა გამოიყენონ. აქვე მინდა ხატოვნად ერთი რამ ვთქვა - საჭესთან მჯდომი ადამიანები, ათასჯერ უფრო მეტნი იღუპებიან, ვიდრე ვაქცინით. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამის გამო საჭესთან ჯდომა არავისთვის აუკრძალიათ.
„ასტრაზენეკას“ შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას ინტერნეტით იგებს, ანუ, ვაქცინამდე რა წამლები არ უნდა მივიღოთ, ან - ვაქცინის შემდეგ. ვიდრე ვაქცინაცია დაიწყებოდა, საკანონმდებლო დონეზე ხომ შეიძლებოდა მიგეღოთ კანონი ან დებულება, რათა მოსახლეობის ინფორმირება უფრო მაღალი ყოფილიყო?
- რასაც თქვენ ბრძანებთ, აბსოლუტურად ლოგიკური განცხადებაა. ამის შესახებ არაერთხელ იყო გაცხადებული, რომ ყოველი პროცედურის წინ მასიური ღონისძიება უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც. ვაქცინაციის წინ ახსნა-განმარტებისთვის ყველა პლატფორმა უნდა იყოს გამოყენებული. ნებისმიერ მოსახლეს უფლება აქვს, დასვას ნებისმიერი შეკითხვა და მან შეკითხვაზე არგუმენტირებული პასუხი უნდა მიიღოს. ეს პლატფორმებია - ადამიანთა ურთიერთობა, საპარლამენტო ტრიბუნა, სარეკლამო რგოლები, სატელევიზიო სივრცეები, დებატები - ეს ყველაფერი ვაქცინას წინ უნდა უძღვოდეს და უძღვოდა კიდეც. თავადაც ვამბობდი, რომ ვაქცინაციას თან ეყოლებოდა ანტივაქცინისტები. ადამიანი ვაქცინის ჩასატარებლად რომ მივა, ჯერ ანამნეზი უნდა ჩააბაროს, ექიმის მიერ დასმული კითხვარი უნდა შეავსოს. კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ, შეიძლება ექიმმა უარი თქვას ვაქცინის ჩატარებაზე, რადგან მოსახლე შესაძლოა, რაღაცაზე ალერგიული იყო და ამიტომ უნდა ჩაუტარდეს ალერგიული ტესტი.
თქვენ გვეუნებით, რომ ალერგიული ტესტი უნდა ჩატარდეს, მაგრამ ჩვენ სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ვაქცინაზე სინჯი არ კეთდება...
- სინჯი არ კეთდება, მაგრამ კითხვარის დროს თუ გამოვლინდა, რომ მოქალაქეს აქვს ალერგიული რეაქცია, ის აუცილებლად უნდა იყოს მიმართული სინჯზე, რათა გადაისინჯოს ორგანიზმში ზედმეტი მგრძნობელობა.
ვაქცინაციის დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გამკაცრდეს?
- ვაქცინაცია როგორც საერთაშორისო, ასევე საპარლამენტო დონეზე რეგულირდება. უბრალოდ, რეგულაციები უნდა შესრულდეს იმ თანმიმდევრობით, როგორც „გაიდლაინშია“ გაწერილი. „გაიდლაინში“ წერია რა ახსნა-განმარტებები უნდა ჩატარდეს. ვაქცინის ჩატარების შემდეგ ექიმი მოქალაქეს ნახევარი საათი უნდა დააკვირდეს.
ბატონო ლადო, თუ გაქვთ ინფორმაცია ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია როგორ გამოეხმაურა და რა დასკვნა დადო?
- ყველა შემთხვევა, რომელიც ვაქცინასთან იქნება დაკავშირებული, ჯანმო არეგულირებს. ცნობილია, რომ „ასტრაზენეკა“ ნორვეგიამ აკრძალა, მაგრამ შემდეგ ნახეს, რომ თრომბოემბოლიზაცია მარტო ვაქცინის დროს არ ვლინდება და ისევ დაუშვეს.
ვაქცინაცია კორონა ვირუსს დაახლოებით რამდენი პროცენტით შეამცირებს?
- ვაქცინას მხოლოდ დადებითი მხარე აქვს. ვაქცინირებული საზოგადოება დაცულია, რადგან თუ მას ვირუსი შეუტევს, ამ დროს იმუნური სისტემა გაძლიერებული ექნება და ამ ვირუსს გაანადგურებს. მეორე საკითხია ის, რომ განადგურებული ვირუსი სხვას აღარ გადაედება.
„ფაიზერი“ თუ „ასტრაზენეკა“, ამ ორ ვაქცინას შორის უპირატესობა რომელს ენიჭება?
- ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, როგორი ტექნოლოგიითაც არ უნდა იყოს ვაქცინა დამზადებული, ეს იქნება „ფაიზერი“, „მოდერნა“ თუ „ასტრაზენეკა“, ყველა აპრობაცია გავლილი იქნება ჯანმოს მიერ. ნდობა უნდა არსებობდეს, თუმცა ექიმი ვარ და არ შემიძლია განმარტება არ გავაკეთო - მზის, საკვების, ხილის თუ წამლის მიმართ იქნება მოქალაქე ალერგიული, ეს ყველაფერი ვაქცინის წინ გათვალისწინებული უნდა იყოს.
რა ასაკიდან უნდა ხდებოდეს ვაქცინის ჩატარება?
- სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც აცდენა გვაქვს. როდესაც ვაქცინაცია ნებადართული იყო, იქ მითითებული პირველი ჯგუფი იყო - სამედიცინო პერსონალი, წინა ხაზზე მდგომი, ასაკის მიუხედავად. ანუ, ჯგუფი გამოიყო, რადგან მათ აქვთ ვირუსიანებთან კონტაქტი, ამიტომ ისინი დაცულნი უნდა იყვნენ. მეორე - ასაკობრივი ჯგუფები იყვნენ, რადგან ახალგაზრდების ორგანიზმს ბრძოლისუნარიანობა უფრო მეტი აქვს. ამის მიუხედავად, ეს არ ზღუდავს ნებისმიერ მსურველს - მაგალითად, ვიღაცას მოგზაურობა სურს და იმ ქვეყანაში ვაქცინას ითხოვენ, ვაქცინაციის შემთხვევაში მიღებული სერთიფიკატი ამ შემთხვევაში მოქალაქეს მწვანეს უნთებს. ასევე არიან სპორტსმენები, რომლებიც საერთაშორისო ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას. ასეთ ადამიანებს ვაქცინაზე უარი არ უნდა ეთქვას.
სპორტსმენები ახსენეთ და ბატონო ლადო სპორტსმენი თუ რაიმე წამალს იღებს, შეიძლება დოპინგ ტესტზე ჩავარდეს. ვაქცინის შემთხვევაში ამის საშიშროება ხომ არ არის?
- თქვენი შეკითხვა შექებად ღირს და მადლობა ასეთი წინდახედულობისთვის. დოპინგის საერთაშორისო ორგანიზაციიაში ეს ცნობილი ფაქტი იქნება, ამიტომ ვაქცინას სპორტსმენს დოპინგად არ ჩაუთვლიან. ჩვენ წინ ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონატი გავქვს, ამიტომ ეს გათვალისიწინებული იქნება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ვაქცინის ის კომპონენტები ბიო სტიმულატორებად არ ითვლება.
თქვენ როდის აპირებთ, რომ აცრა ჩაიტაროთ?
- პირველი მსურველი თქვენი მონამორჩლი იყო. ამის შესახებ საპარლამენტო ტრიბუნიდან ჯერ კიდევ მაშინ განვაცხადე, როდესაც ვაქცინაცია ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივა იყო, მაგრამ რიგითობას ვერ დავარღვევდი. ახლა ასაკობრივად მიწევს, უბრალოდ, თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი, რადგან პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი ჰქონდა და მასთან შემხებლობაში ვიმყოფებოდი. მესამედ გავიტესტე და უარყოფითი ვარ. იზოლაციის შემდეგ აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინას.