„ქვეყანაში ვაქცინაცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“

„ქვეყანაში ვაქცინაცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“

ქვეყანაში ვაქცინაცინაციის დაწყების დღიდან სერიოზული ანტიკამპანია მიდის, რომ არ უნდა მოხდეს მოსახლეობის აცრა. სპეციალისტები საზოგადოებას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, რადგან, მათი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთადერთ ბერკეტს სწორედ ვაქცინა წარმოადგენს, რომ მსოფლიოში პანდემია საბოლოოდ დასრულდეს.

27 წლის ექთნის გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც 18 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, საზოგადოების ნაწილი უფრო აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ვაქცინა საშიშია და არ უნდა მოხდეს მოსახლეობის აცრა.

როგორც ვიცით, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმიც გაიმართა. მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. ამასთან, „ევროპის წამლების სააგენტოს“ მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, „ასტრაზენეკაზე“ ალერგიული რეაქციის კიდევ ერთი შემთხვევა იყო, რომელიც ახალგაზრდა ადამიანს გამოუვლინდა და ის ახლა თავს კარგად გრძნობს. მისივე განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს ანაფილაქსიური შოკი. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხს ვაქცინაციაზე გვერდითი მოვლენები კომიტეტი სწავლობს და კომუნიკაცია NCDC-სთანაც იყო.

„ერთ-ერთ საავადმყოფოში არის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ალერგიული რეაქცია. იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ იმ მონაცემებით, ჯერჯერობით... საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედების კომიტეტმა, იყო თუ არა იქ ანაფილაქსია. იქ იყო, გიდასტურებთ, მწვავე ალერგიული რეაქცია და ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დასადასტურებელია. ის ახლა კარგად არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრი და ექიმი, ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითია და თუ ადამიანს არ სურს აცრა, ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს, კახაძემ აღნიშნა, რომ ეს უნდა გაგრძელდეს.

„ვაქცინაცია ამ შემთხვევაში ერთადერთია დედამიწაზე, ვერაგი გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად. ის გზა, რომ ორგანიზმი აღვჭურვოთ ამ ვირუსის წინააღმდეგ, გავაძლიეროთ დაცვის კომპონენტი, არის აუცილებელი და გადაუდებელი. ეს პროცედურა არის ნებაყოფლობითი. ყველა ის გამოწვევა, რომელიც ფიზიოლოგიურად შეიძლება ახლდეს ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციას, ეს უნდა იყოს ახსნილი. ყველა ის საპასუხო რეაქცია, რომელიც ორგანიზმს აქვს, არის მკვეთრად ინდივიდუალური და ესეც ყველამ უნდა იცოდეს“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ასევე თვლის, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს.

„ვაქცინაცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ხალხს არ ესმის, თუ დღეს კარგად არის, ხვალ შეიძლება ასე არ იყოს. ის ადამიანები, ვისაც ექნებათ ვაქცინის გაკეთებაზე გართულება, შეიძლება შეიწიროს ვირუსმა. მყავს კოლეგები, რომლებიც აიცრნენ და კარგად გრძნობენ თავს. რომ არ აცრილიყვნენ, ზოგს შაქრიანი დიაბეტი აქვს... შესაბამისად, აცრა უნდა გაგრძელდეს. ძალიან ცუდად დაემთხვა ეს ყველაფერი... ნებისმიერი უცხო ცილა, როცა შედის ორგანიზმში, ის ალერგიულია და ყოველთვის შეიძლება მოხდეს გართულება. ყველა აცრა იქ უნდა ჩატარდეს, სადაც არის რეანიმაცია და არ უნდა მოხდეს გარკვეული დროის ხარჯვა, რადგან შეიძლება ასეთი მყისიერი ალერგიული რეაქცია მოყვეს ამას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოჯახისთვის დიდი ტრაგედიაა, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც შეიძლება ყოველთვის მომხდარიყო და მაქსიმალურად უნდა ვებრძოლოთ ამ ყველაფერს, უნდა მოხდეს მოსახლეობის, განსაკუთრებით ექიმების აცრა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.