საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო და უკვე „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შედეგად, პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა.
27 წლის ექთანს მეგი ბაქრაძეს, რომელიც ახალციხეში კორონავირუსზე აიცრა, აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა და ის თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს და ახალგაზრდა ექთანი დაიღუპა.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ახლა დასადგენია რამ გამოიწვია მეგი ბაქრაძის ორგანიზმში შოკი. მისივე თქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაახლოებით ერთ კვირაში იქნება და ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი.
„უპირველეს ყოვლისა ქალბატონი მეგის ოჯახს მივუსამძიმრებ. მართლაც ძალიან ტრაგიკული ამბავია, მისი ოჯახისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია, მაგრამ ასევე, ტრაგიკულია მთლიანი ქვეყნისთვის, რადგან იმ პროცესებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც რეალურად იმედის მომცემი უნდა ყოფილიყო პანდემიის დასრულებისთვის. ძალიან ბევრისთვის ვაქცინაცია იმედის მომტანია, რადგან ჩვენ ამ შეზღუდვებიდან გამოვალთ. თუ ვაქცინაცია არ იქნება, დავდგებით კორონავირუსის მესამე თუ მეოთხე ტალღის წინაშე, რის გამოც ჩვენი ცხოვრება გაუარესდება. ვაქცინაციაა ერთ-ერთი საშუალება, რომ ეს მძიმე პერიოდი დასრულდეს. ოღონდ მას შემდეგ, რაც დაახლოებით ჩვენი მოქალაქეების 60% აიცრება. ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა დაიღუპა იმით, რომ ცდილობდა მოქალაქეებისთვის მაგალითი მიეცა.
რაც შეეხება რატომ დადგა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა? - რა თქმა უნდა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იღუპება, საშინელებაა. ჯერჯერობით არ ვიცით ანაფილაქსიური შოკი იყო თუ არა. ანაფილაქსიური შოკი იშვიათი გართულებაა, მაგრამ მოსალოდნელი გართულება. ნებისმიერი ვაქცინის მოხმარებისას, თუ წამლის მოხმარებისას, ასევე სხვა მიზეზების გამო შეიძლება იყოს გამოწვეული ანაფილაქსიური შოკი. ამ შემთხვევაში სხვა მიზეზი იყო თუ არა, ეს დგინდება. იყო თუ არა ასევე დამატებითი გართულება? მოხდა თუ არა დროულად დახმარების აღმოჩენა? წინასწარ ამის მონაცემები არ გვაქვს. როგორც ვიცით, მოსაცდელ ოთახში იყო და ეს ისედაც უნდა ხდებოდეს, რადგან აცრის შემდეგ 30 წუთი ადამიანს მოსაცდელ ოთახში ამყოფებენ, რათა დახმარება მალევე მოხდეს. ამბობენ, რომ დახმარება იქვე აღმოუჩინეს. მიუხედავად ამისა, ახალგაზრა ექთანი მაინც დაიღუპა. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი გახდება. ასევე საქმის კურსში ვიქნებით, რადგან შესაბამისი საერთაშორისო კონვენციები ამას გვავალებს. აღნიშნული თემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეცნობება, ასევე ეცნობება „ასტრაზენიკას“ კომპანიას და ისინიც გამადიდებელ ლუპის ქვეშ მოაქცევენ აღნიშნულ საკითხს. მსოფლიოს თვალი არის მოქცეული კონკრეტული საქმის გამოძიებისკენ, რადგან დადგინდეს რაიმე სხვა მიზეზიც ხომ არ იყო გართულების მიზეზი, რომლიც ძალიან იშვიათად ვაქცინის დროს დგება“, - განუცხადა for.ge-ს აკაკი ზოიძემ.
ჯანდაცვის ექსპერტის მოსაზრებით, მიუხედავად ტრაგედიისა, ვაქცინაცია არ უნდა შეწყდეს. ზოიძის თქმით, თავად გარდაცვლილი ექთანი მოუწოდებდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ის იყო მოსახლეობისთვის მაგალითი.
„რაც შეეხება „ასტრაზენიკას“, მისი გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა და ამის ფონზე ცუდად დაემთხვა ჩვენთანაც აღნიშნული ტრაგედია. თუმცა, გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ კვლავ განაახლეს. უნდა ითქვას, რომ სიკვდილიანობა „ფაიზერის“ ვაქცინის დროსაც მოხდა. ჩემი აზრით „ფაიზერს“ უბრალოდ, უფრო უკეთესი რეკლამა აქვს, თორემ არანაირი ობიექტური საფუძელი, რომ ვივარაუდოთ, რამით ჩამოუვარდება „ასტრაზენეკის“ ვაქცინა „ფაიზერს“ ან „მოდერნას“ - არ არსეობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან მკარი მიდგომა აქვს. პირველ რიგში, რასაც ყურადღება ექცევა, ეს არის უსაფრთხოება. ასე რომ, არავითარი საფუძველი, რომ ამ ვაქცინას რაიმე პრობლემები აქვს, თუნდაც ხარისხის მხრივ - მსგავსი რამ არ არსებობს. რა თქმა უნდა, ვაქცინის მიმართ ნდობა აუცილებელია. ეს უნდა განვამტკიცოთ იმით, რომ მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რატომ მოხდა ეს, რა იყო მიზეზი, განმეორდება მსგავსი შემთხვევა კიდევ თუ არა! - ყველანაირი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას. მარტივი მაგალითი შეგვილია ვთქვათ -
აღნიშნული ტრაგედია არ უნდა იქცეს მიზეზად, რომ უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე. ასევე მინდა სამძიმარი გამოვხატო იმ 10 ადამიანის ოჯახის მიმართ, ვინც ამ ორ დღეში კორონავირუსის გამო გარდაიცვალა. თითქოს ამას მივეჩვიეთ და ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ ყოველდღე კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვლება ხოლმე. ეს ვაქცინაცია სწორედ იმისთვის არის, რომ სიკვდილიანობა ავიცილოთ თავიდან.
მეგი ბაქრაძე კოლეგებისთვის გმირია. მან სწორედ სიკვდილის წინ მოუწოდა თანამოქალაქეებს, რომ ვაქცინა გაეკეთებინათ. მანაც იმიტომ გაიკეთა, რადგან სჯეროდა, რომ ეს არის ერთადერთი გზა ამ ტრაგიკული სიტუაციიდან გამოსვლისა, რასაც პანდემია ჰქვია“, - გვითხრა ჯანდაცვის ექსპერტმა.
ასევე აკაკი ზოიძის განცხადებით, ვაქცინაციის დროს ალერგიის შესამოწმებლად სინჯის გაკეთება არ ხდება.
„თუნდაც სტომატოლოგთან როდესაც მიდიხართ, ყოველთვის სინჯს არ იკეთებთ - გეკითხებიან ხართ თუ არა ალერგიული?! ვაქცინაზე სინჯი არ არსებობს. ვაქცინის დროს უკუჩვენებები იშვიათად ვლინდება, მაგრამ ამის გარდა, ვაქცინაციის დროს დიდი დრო გამოკითხვას მიაქვს. სპეციალური კითხვარია შედგენილი, რომელიც მიზნად ისახავს სწორედ რისკ-ფაქტორების დადგენას. ვაქციის გაკეთების დროს 100%-ანი გარანტია არავის აქვს. მეც შეიძლება დამემართოს ალერგია, მიუხედავად წარსულში მქონია თუ არა. ვაქცინა არ არის პენიცილინი. ლიდოკაინის გაკეთების შემთხვევაში ტესტი შეიძლება ჩაგიტარონ, რადგან ის გამაყუჩებელია. ვაქცინაციის დროს სინჯი არ კეთდება, მაგრამ ვაქცინის შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოსაცდელად 30 წუთი იმიტომ გამოყო, რომ თუ რაიმე შოკური მდგომარეობა გამოიკვეთა, მაშინვე რომ მოხდეს დახმარების აღმოჩენა. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ეს ტრაგედია მაინც მოხდა“, - განუცხადა for.ge-ს აკაკი ზოიძე.
ახალციხის კლინიკა „იმედის“ კლინიკურმა მენეჯერმა მზევინარ კაკოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალურად აღწერა ის ღონისძიებები, რომლებიც აცრილ ექთანს კლინიკაში ჩაუტარეს.
„მეგი ბაქრაძე ჩვენი თანამშრომელი იყო, რომელმაც 17 მარტს დაახლოებით 12:30 წუთზე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ნებაყოფლობით ჩაიტარა. ვაქცინაციის შემდეგ ის მოთავსდა დაყოვნების ოთახში. დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ მან თავი იგრძნო ცუდად. ზოგადი სისუსტე დაეწყო და რამდენიმე წამში გონება დაკარგა. ადგილზე გამოვიძახეთ რეანიმატოლოგი. დროულად დაიწყეს ანტიშოკური და რეანიმაციული ღონისძიებები. იმუნიზაციის კაბინეტი აღჭურვილია სათანადო ინვენტარით და მედიკამენტებით. იმუნიზაციის ოთახში დგას ანტიშოკური ტუმბო, რომელშიც არის ყველა საჭირო მედიკამენტი“, - აცხადებს კლინიკური მენეჯერი.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ადრენალინი დროულად არ გაკეთდა. როგორც ის იხსენებს, რეანიმატოლოგი 1 წუთში იყო ადგილზე. პასუხისმგებელი ექიმიც კლინიკაში იყო, რომელმაც შეაფასა მდგომარეობა.
„რა თქმა უნდა, 18 მარტს დაწესებულებაში მყოფი ყველა მედპერსონალის დაკითხვა მიმდინარეობს. ამოიღეს ყველა საჭირო დოკუმენტი. რა თქმა უნდა, მეც დამკითხეს. თვეების განმავლობაში ვემზადებოდით კოვიდვაქცინის კამპანიისთვის. 10 მარტისთვის იმუნიზაციის ოთახი როგორც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, ისე გვქონდა მოწყობილი. ამ დროისთვის 14-მა თანამშრომელმა გაიკეთა ვაქცინა და არანაირი რეაქცია არ გამოვლენილა მათ შემთხვევაში. იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. ხვალაც არის იმუნიზაციის დღე“, - განაცხადა მზევინარ კაკოშვილმა.
პარლამენტარი გია ვოლსკი for.ge-ს მეშვეობით მეგი ბაქრაძის ოჯახს უსამძიმრებს. უმრავლესობის წევრს იმედი აქვს, რომ შესაბამისი უწყებები ახლაგაზრდა ექთნის გარდაცვალების მიზეზს მალევე იტყვიან. ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული ტრაგედიის მიუხედავად, გია ვოლსკი ვაქცინის გაკეთებას მაინც აპირებს.
„უდიდესი მწუხარება მინდა გამოვხატო ჯანმრთელობისათვის ბრძოლის ველზე თავდადებული ადამიანის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო - ორი შვილის შესანიშნავი დედა, დიდი მწუხარებაა მის ოჯახში. მთელი საქართველო სამძიმარს იზიარებს. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები და შესაბამისი უწყებები მიზეზებს დადგენენ. პანდემიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. გამოწვევა მიმდინარეობს გადარჩენისათვის. თავად ეს ფაქტი როგორ მოხდა, კონკრეტულ მონაცემებს ველოდებით.
თუმცა, გეტყვით, როდესაც ჩემი დრო მოვა, ვაქცინას გავიკეთებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის ერთი ოჯახის, ერთი ქალაქის, ან პატარა ადამიანთა ჯგუფის პრობლემა - ეს არის მსოფლიო პრობლემა, რომელსაც მხოლოდ ვაქცინით შეგვიძლია დავუპირისპიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება. აქედან გამომდინარე, ალტერნატივა არ გააჩნია გადარჩენის“, - განუცხადა for.ge-ს უმრავლესობის წევრმა.
ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა.
„უდიდეს გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ყველამ განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა, დიდი დარტყმა, რომელიც მთელმა საქართველომ მიიღო. ჩვენმა ექიმებმა დაკარგეს ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას. გულწრფელად თანავუგრძნობ და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებ მთელ სამედიცინო საზოგადოებას“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეგი ბაქრაძის ოჯახს მიუსამძიმრა.
„მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა წუხილი და სამძიმარი გამოვუცხადო მეგი ბაქრაძის ოჯახს. ვიზიარებ ამ უსამართლო და უდროო გარდაცვალებისგან გამოწვეულ დიდ მწუხარებას. ძალიან უსამართლოა, როცა სიკვდილი გვართმევს ახალგაზრდა ქალს, ექთანს, რომელიც მედგრად, შეუპოვრად ებრძოდა პანდემიას და გვართმევს სწორედ იმ დროს, როცა ვაქცინასთან ერთად ახალი იმედი გაჩნდა.
მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე, ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა. მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: „ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ“. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება. მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, ზომების კიდევ უფრო მეტად დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.