არმი ჰამერი 2017 წელს ლოს-ანჯელესში ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს.
ამერიკელ მსახიობს სექსუალურ ძალადობაში ბრალი 24 წლის ქალმა, რომელიც მედიას ეფის სახელით გაეცნო, საჯაროდ გამართულ ვირტუალურ კონფერენციისას დასდო.
BBC-ის ინფორმაციით, მბრალდებელმა ღიად ისაუბრა არმი ჰამერთან ურთიერთობის დეტალებზე: მათ ერთმანეთი ფეისბუქით 2016 წელს გაიცნეს, როცა ქალი 20 წლის იყო. მისი თქმით, მას მსახიობი მაშინვე შეუყვარდა, რაც ჰამერმა მასზე "კონტროლის დასამყარებლად გამოიყენა".
ეფი არმი ჰამერს "ფსიქოლოგიურ და სექსუალურ" ძალადობაში ადანაშაულებს, ამავდროულად კი 2017 წელს მომხდარი სავარაუდო გაუპატიურების ფაქტსაც იხსენებს:
"არმი ჰამერი ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მაუპატიურებდა, რა დროსაც თავი კედელზე არაერთხელ მიმარტყმევინა და სახე დამილურჯა. ამ დროის განმავლობაში რამდენიმეჯერ ვცადე გაცლა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომცა. მეგონა, რომ მომკლავდა..."
არმი ჰამერის პოზიციაზე უცხოურ მედიასთან მსახიობის ადვოკატმა ისაუბრა: The Guardian-ის ცნობით, ადვოკატი აცხადებს, რომ ჰამერის ურთიერთობა მბრალდებელთან "წინასწარ შეთანხმებული, განხილული და დადასტურებული იყო" ქალის მიერ.
ადვოკატმა მედიას პირადი მიმოწერის ტექსტებიც წარუდგინა, სადაც, სავარაუდოდ, მბრალდებელი 2020 წლის ივლისში მსახიობს სთავაზობს, რომ უხეში სექსი ისევ ჰქონდეთ.
"მისი ყურადღების მიპყრობის მცდელობა და დაუდევარი ბრალდებები მხოლოდ უფრო გაართულებს სექსუალური ძალადობის ნამდვილი მსხვერპლებისთვის სამართლიანობის მოპოვებას", — აცხადებს ადვოკატი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე The Social Network-ისა და Call Me By Your Name-ის ეს ვარსკვლავი სოციალურ ქსელებში არაერთმა ქალმა კანიბალიზმში დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა ბრალდებებს "იდიოტური" იწოდა, მასთან მუშაობა რამდენიმე პროექტზე შეჩერდა, მათ შორის ჯენიფერ ლოპესთან ერთად დაგეგმილ ახალ ფილმზე.
ლოს-ანჯელესის პოლიციაში აცხადებენ, რომ არმი ჰამერის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით გამოძიება 3 თებერვალს დაიწყო.