იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ ამ ეტაპზე შეაჩერა ვაქცინაცია, დაისვა კითხვა - რამდენად უსაფრთხოა ამჟამად შემოტანილი პრეპარატი მოსახლეობისთვის? ვაქცინაციის პირველი გვერდითი რეაქცია ახალციხეში დაფიქსირდა. 27 წლის ახალგაზრდა ქალს ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში ალერგიული–ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მძიმეა.
ახალციხეში მომხდარი შემთხვევის მიუხედავად, ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია არ შეჩერდება. გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროპის წამლის სააგენტომ „ასტრაზენეკას“–ს ვაქცინა უსაფრთხოდ აღიარა და ქვეყნებს მისი გამოყენების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მინისტრის თქმით, გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის საკითხს და კვლევის შედეგად, პაციენტებს მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ფაქტი ახალციხის კლინიკა „იმედში“.
„ცოტა ხნის წინ ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ რამდენიმე ექიმს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და თავადაც ჰქონდა მკლავის ტკივილი, რომელიც დღესაც შენარჩუნებული აქვს.
„რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენა არსებობს. მე, მაგალითად, გვერდითი მოვლენის სახით მქონდა მკლავის ტკივილი, დღესაც მაქვს შენარჩუნებული, მქონდა დაღლილობის შეგრძნება მხოლოდ მეორე დღეს და მეორე დღის საღამოს მქონდა სახსრის ტკივილი, რაც წერია ანოტაციაში. ჩემი რამდენიმე კოლეგა ვიცი, ვისაც ჰქონდა 39 გრადუსი ტემპერატურა აცრის შემდეგ, ესეც ნორმალურია და პარაცეტამოლი არის საჭირო ამ შემთხვევაში.
ალერგიული რეაქციაც გვქონდა უკვე ერთი. არ არსებობს დედამიწაზე ვაქცინა, წამალი, რომელსაც რაღაც გვერდითი მოვლენა არ ექნება. ნუ ვიჩქარებთ! ნელ–ნელა ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი თავის ადგილას იქნება, მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი თქვენი თანდასწრებით მოხდება, ასე რომ, ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მრევლი თავისუფალია და თავად უნდა გადაწყვიტოს აიცრება თუ არა. მეუფე ნიკოლოზმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შესახებ საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდა.
for.ge მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ესაუბრა.
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ჩვენ ვერ ჩავერევით ამაში, ჩვენი პასუხიმსგებლობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ადმიანებს თავისუფლებას არ შევუზღუდავთ, თუ აიცრება ადამიანი, ვაზიარებთ და თუ არ იცრება – ვაზიარებთ, აიცრა თუ არ აიცრა, ზიარებაზე ეს არ მოახდენს ზეგავლენას.
ერთი რამ მინდა ბატონ ამირანს ვთხოვო და ხელისუფლებასაც და მასმედიასაც, ჩაატარეთ საგანმანათლებლო გადაცემები, გაგვანათლეთ, შემოგვიტანეთ ინფორმაცია... ბრიტანეთის საიტებზე არ უნდა ვეძებდე მე „ასტრაზენეკას“ შემადგენლობას. ბატონმა ამირანმაც და ხელისუფლებამაც უნდა მოგვაწოდოს... ერთი სიტყვა „ასტრაზენეკა“ სულ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გავიგოთ რაზეა ლაპარაკი, ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდეთ, აგვიხსენით მოსახლეობას.
მეუფევ, საგანმანათლებლო გადაცემებიდან რა შედეგი შეიძლება მივიღოთ?
– საგანმანათლებლო ღონისძიებები გულისხმობს ვაქცინის შესახებ არსებული ზუსტი ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისადმი დამალვის და გადასხვაფერების გარეშე, რაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნდობას გაზრდის და, რაც აუცილებელია პანდემიის დასაძლევად.
საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ეკლესიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში. როგორ ფიქრობთ, ეკლესია უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, მით უფრო მაშინ, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ჯანდაცვის სპეციალისტებს?
– ეკლესიის პასუხისმგებლობაა, მოუწოდოს ხელისუფლებას, ჯანდაცვის სისტემას და მასმედიას, მიაწოდონ მოსახლეობას ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ.
ვაქცინაცია ჯერჯერობით ნებაყოფლობითია, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, იქნებ უმჯობესია, რომ ამ ეტაპზე შეაჩეროს სახელმწიფომ ვაქცინაცია?
– ეს დამოკიდებულია მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სასულიერო პირები მედიის თანდასწრებით აიცრებიან. მეუფე ნიკოლოზ, უნდა ველოდოთ ასეთ სურათს?
– თუ ქვეყნისათვის საჭირო იქნება, სასულიერო პირები უკან არ დაიხევენ, მაგრამ ამისათვის ისინი უნდა დაარწმუნონ.
თქვენ თუ გეგმავთ აიცრათ?
– როდესაც რიგი მომიწევს, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღო ჩემი მკურნალი ექიმის რეკომენდაციით.