გულიტმა მოურინიოს „ჩელსი“ უწინასწარმეტყველა

გულიტმა მოურინიოს „ჩელსი“ უწინასწარმეტყველა

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თანამდებობას დაემშვიდობება.

„განსაკუთრებულის“ მომავალი სამუშაო ადგილის შესახებ არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. სხვადასხვა ვერსიით პორტუგალიელი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“, ბრიტანულ „მანჩესტერ სიტის“ ან „ჩელსის“ ჩაიბარებს. იტალიურ მას-მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ „ინტერის“ მფლობელი მასიმო მოირატი „ერთადერთის“ დასაბრუნებლად ყველაფერს იღონებს.

დღეს დილით გამოცემა „Soccerway” ახლო წარსულში ცნობილ ჰოლანდიელ ფეხბურთელ რუუდ გულიტს ესაუბრა. გროზნოს „ტერეკის“ ყოფილი დამრიგებლის მტკიცებით, ჟოზე მოურინიო კვლავ ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებს.

„ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ჟოზე მუშაობას რომან აბრამოვიჩის კლუბში გააგრძელებს. ამჟამად ესპანელი რაფაელ ბენიტესის წინაშე  ერთი ძირითადი ამოცანა დგას. მან „ჩელსი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში უნდა მოახვედროს.

პრემიერლიგის მიმდინარე პირველობის დასრულების შემდეგ ბენიტესი კვლავ უმუშევარი დარჩება და ადგილს პორტუგალიელს დაუთმობს. ეს ცნობა აბრამოვიჩთან დაახლოებულმა ადამიანებმა მომაწოდეს. მეტსაც გეტყვით. რუსი ოლიგარქი მოურინიოს რამდენჯერმე ესაუბრა და მომავალ თანამშრომლობაზე უკვე დაითანხმა.“ - განაცხადა რუუდ გულიტმა.

მოურინიო ინგლისში გადაბარგდება, „რეალს“ კი დიდი ალბათობით კლუბი „სუონსის“ მთავარი მწვრთნელი მიქაელ ლაუდრუპი ჩაიბარებს.

რამდენიმე დღის წინ მადრიდული გუნდის ხელმძღვანელობამ „რეალის“ გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ფანებს მოურინიოს ადგილზე სწორედ რომ ლაუდრუპის ხილვა სურთ.