„ისეთ რაღაცეებს ვიგებ კომენტარებით და მასმედიით, ეჭვი მაქვს, საქმის მასალებს არ იცნობენ“

„ისეთ რაღაცეებს ვიგებ კომენტარებით და მასმედიით, ეჭვი მაქვს, საქმის მასალებს არ იცნობენ“

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, მცხეთის რაინულმა სასამართლომ 5 ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა. მსჯავრდებულების ადვოკატების განცხადებით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ, საქმეს სამივე ინსტანციაში გასაჩივრებენ და სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

ამ შემთხვევაში რამდენად არის მზად ფეხბურთელის ოჯახი კიდევ ერთხელ მოუწიოს სასამართლო ბრძოლის გადატანა, რა პასუხები აქვს მსჯავრდებულების ბრალდებებზე, for.ge-ს ამ კითხვებს, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პასუხობს.

სასამართლო პროცესი დასრულდა, ხუთივე ბრალდებულს მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა. ამის მიუხედავად, მსჯავრდებლების ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივა. რამდენად არის ოჯახი ბრძოლისთვის მზად?

- ზოგადად, სტრასბურგში მხარე სახელმწიფოა ხოლმე. შესაბამისად, მათ სახელმწიფოსთან რა პრეტენზიები ექნებათ, თავად დააფიქსირებენ ამ პრეტენზიას, მაგრამ ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. მათ სურთ საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ მართლები არიან და ბოლომდე იბრძვიან. თავისი საქმის თვითონ იციან.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა ციხიდან წერილები გამოაგზავნეს, სადაც ისინი თქვენ არასასიამოვნო კონტექსტში მოგიხსენიებენ. თუ გაეცანით წერილებს და რა პასუხს გასცემდით მათ?

- არ გავცნობივარ და არც მაინტერესებს. საერთოდ, მათი მოსაზრებით არ ვინტერესდები, რადგან ამ ადამიანებისგან 9 თვის განმავლობაში სინანულის გრძნობა არ დამინახავს.

ამ 9 თვის განმავლობაში, ვიდრე გამოძიება და სასამართლო მიმდინარეობდა, არასოდეს არ მოსულან თუნდაც მათი ოჯახის წევრები, რომ ბოდიში მოედახათ?

- ჩვენთან არავინ არ მოსულა.

წერილში ნიკოლოზ რევაზიშვილი წერს, რომ ამირხანაშვლის ჩვენებას დაეყრდნო პროკურატურა, ვინაიდან გამოძიებას მეტი ხელჩასაკიდი არ ჰქონდა და მისი ჩვენების საფუძველზე გაასამართლეს...

- რას ამბობთ, უამრავი მტკიცებულება იყო. წარმოდგენა მექმნება, რომ საქმე მთავრდება და დღემდე არავინ ჩახედული არ არის მტკიცებულებებში. დღემდე გაურკვეველი აზრების გადმოფქრვევით არიან დაკავებულები. ისეთ რაღაცეებს ვიგებ ხოლმე კომენტარებით და მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით, რომ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, საქმის მასალებს არ იცნობენ.

საუბარი ადვოკატებზე გაქვთ?

- ზოგადად, ყველაზე ვინც იმ მხარეს არის.

ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გიორგი ნასვამი იყო და ის თავად გდავარდა არაგვში. ასეთი ამბის მოსმენა ოჯახისთვის საკმაოდ რთული იქნებოდა?

- ჯერ იმას რომ იტყვი, წყალში გადავარდა და ამის მტკიცებას დაიწყებ, საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს ექსპერტიზის დასკვნა საქმეში თუ დევს. ასევე რას ადასტურებს ის ექსპერტიზა და რას გამორიცხავს. ამას რომ იტყვი, საერთოდ, არ იცი რა ხდება. რაც შეეხება გიორგის ნასვამობას, იმდენად მინიმალური ალკოჰოლი აღმოჩნდა, რომ რა გითხრათ - დაახლოებით ერთი ჭიქა შამპანური, რომ გქონდეს დალეული, დაახლოებით ამ დონის მაჩვენებელი წერია. ამით მანიპულაციაც რომ შეგიძლია და ეს გარდცვლილ ბავშვს მიაბა, რა საშინელებაა ხომ?! წარმოიდგინეთ, 16 დაზიანება თავად მიიყენა? გიორგიმ თავი იცემა და შემდეგ წყალში გადავარდა... მათი ვერსია ეს არის. 16 დაზიანება რომ წერია ექსპერტიზის დასკვნაში, ამას რას უშვებიან? ამიტომ გეუბნებით, რომ საქმის მასალებს არც ერთი მათგანი არ იცნობს.

ხუთივე მსჯავრდებული სამართლებრივ ბრძოლას აპირებს და ოჯახის პოზიცია რა არის?

- ოჯახი თვლის, რომ განაჩენი ობიექტურად დადგა და სრულად აისახა ის, რაც რეალობაში მოხდა. ამიტომ, ოჯახს არანაირი პრეტენზია არ აქვს არც განაჩენთან მიმართებაში, არც გამოძიებასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მათ რაც უნდათ ის უქნიათ. წესიერი ხალხი რომ იყვნენ, სხვანაირად მოიქცეოდნენ, მაგრამ რადგან ასეა, ასე იყოს.

ანუ, რადგან ისინი გასაჩივრებას აპირებენ, საქმე დახურული არაა?

- „დახურულია“ - ასეთი ცნება არ არსებობს სისხლის სამართალში. ვიდრე საქმე სასამართლოს სამივე ინსტანციას არ მოივლის, მანამდე „დახურულია“ ტერმინს ვერ ვიხმართ.

ვინაიდან მსჯავრდებულები საქმეს გაასაჩივრებენ, გიორგის ოჯახს კიდევ მოგიწევთ ფსიქოლოგიური წნეხის ატანა. რამდენად მძიმე იქნება ამის ატანა კიდევ ერთხელ?

- ძირითადად, მორალური დარტყმების ატანა მოგვიწევს, თორემ სამართლებრივად ჩვენ არ ვმონაწილეობთ და ამაზე ჩვენი ძალისხმევა, რესურსი არ იხარჯება, ამ მხრივ სამართლებრივ მხარეს პროკურატურა წარმოადგენს.

შეგახსენებთ, მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 2 არასრულწლოვანს, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ. თავდაპირველად მათი განაჩენი იყო 14-წლიანი პატიმრობა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი შემცირდა. ამასთან, სამ სრულწლოვანს ამავე საქმეზე 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ცნობისთვის, 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, ახალგაზრდებმა იჩხუბეს. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. თუმცა ჩხუბში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთისკენ, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ წავიდნენ.

ბრალდების თანახმად, სწორედ ისინი წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის ნაცნობებს. ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიში“ მსხდომი პირების თავდასხმისას დაიკარგა.

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

სასამართლო სამედიცინო დასკვნების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის 16 სახის დაზიანება, სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

XALIBI რა მტკიცებულება ნახა საქმეში ნიკოლაძემ, მეც მაინტერესებს, მაგრამ უბედურებაა ისაა, რომ მტკიცებულებები არააა, არის ეჭვები და ნიკოლაძე-პროკურატურის ვარაუდები, რაზე დაყრდნობითაც გამოიტანეს განაჩენი...... გაგნიძე ითხოვდა, გამოყვანეთ ექსპერიმენტზეო და ნიკოლაძემ ჩაატარა ექსპერიმენტი.... ამირხანაშვილის რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენება მისაღებია რატომღაც.... რატომ გაქრა ფოტოგრაფის კამერიდან კადრები და რატომ იძახის, არ გადამიღიაო, არავის აეჭვებს.... ამ საქმის ერთ ფიგურანტს, რომელსაც ორგანიზებასა და ძალადობაში სდებდნენ ბრალს, ორგანიზების მუხლი მოუხსნეს, ძალადობა არ დაუმტკიცდა, არავისთვის ხელი არ დაუკარებია და მოსამართლემ ბრალი იმაში დასდო---ან უნდა გაგეშველებინა ანდა დამჯდარიყავი მანქანაზე და წასულიყავიო!!!!! ამის გამო გამოუტანა 5 წელი.... მკვლელი უნდა დაისაჯოს, ერს ცალსახაა და ჩემი ნება რომ იყოს, მკვლელობაზე, ნარკოტიკის რეალიზაციაზე და გაუპატიურებაზე ე.წ. ,,ვიშკას" შემოვიღებდი, მაგრამ, იმის შიშით, რომ ვიღაცამ სარალიძის საქმესავით არ გამოიყენოს და პოლიტიკურ ჭრილში არ გადაზარდოსო, უდანაშაულო არ უნდა გაწირო...... ის უნდა იფიქრო, რომ ადამიანს ცოცხალ მკვდრად აქცევ და ,,კურორტიდან" დაბრუნებული ზომბი შეიძლება შენი სახლის კართან აღმოჩნდეს....
1 თვის უკან
XALIBI ექსპერტებს ახსენებს ნიკოლაძე და ვერცერთმა ექსპერტმა ვერ დაადგინა, ვის ეკუთვნის ხიდის ბურჯზე შემოდებულ შაქარაშვილის ჩანთაზე აღმოჩენილი 2 სახის დნმ.....
1 თვის უკან