კორტებზე ხეები გაჩეხეს და ახლა დედაენის ბაღს მისდგნენ

კორტებზე ხეები გაჩეხეს და ახლა დედაენის ბაღს მისდგნენ

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კულტურის სამინისტროს შენობის წინ, დინამოს კორტების ტერიტორიაზე ხეები გაჩეხეს, ნაგებობების დანგრევა დაიწყეს და ახლა დედაენის ბაღს მისდგნენ – შემოღობილ ტერიტორიაზე ხეებს ჩეხავენ. ეს ინფორმაცია პრესა.გე–ს “კონსერვატორმა“ ლაშა ჩხარტიშვილმა მოაწოდა. მისივე ცნობით, სპორტის სასახლესთან, მწვანე ზოლში მშენებლობის დაწყება იგეგმება, რასაც იქაური მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს. 

იმის გასარკვევად, თუ ვინ გასცა შესაბამისი ნებართვა, რამდენად კანონიერად ხდება კორტებზე და დედაენის ბაღში მწვანე ნარგავების გაჩეხვა და რატომ ელის საფრთხე სპორტის სასახლესთან არსებულ მწვანე ზოლს, ტელეფონით დავუკავშირდით გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს და თბილისის მერიის პრესსამსახურს. 

გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ეკა ბენდელიანსა და პრესა.გე–ს შორის ასეთი საუბარი შედგა: 

რატომ იჩეხება მწვანე ნარგავები კორტებზე და რატომ მიმდინარეობს იგივე პროცესი დედაენის ბაღში?

– იმ ტერიტორიაზე ხეები უნდა გაიჩეხოს თუ არა, ეს საკითხი მერიის კომპეტენციაში შედის, მე ვერანაირად ვერ გიპასუხებთ. 

იქნებ შესაბამის სამსახურთან დააზუსტოთ, ეს ხეები კანონიერად იჩეხება თუ არა დედაენის ბაღში და კორტების ტერიტორიაზე?

– კომენტარს მოგცემთ მერია, რადგან ეგ საკითხი მერიის კომპეტენციაში შედის. 

პრესა.გე გუშინ, 16 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში და დღეს, 17 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში ცდილობდა მიეღო თბილისის მერიიდან პასუხი კითხვებზე, კორტებთან, დედაენის ბაღთან და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით. გუშინ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ “თბილისის მერია არ ჩეხავს ხეებს კორტებთან და დედაენის ბაღში“. იმაზე, თუ რის საფუძველზე გაიცა ნებართვა, კორტებსა და დედაენის ბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით და რისი გაკეთება იგეგმება სპორტის სასახლესთან, პასუხი დღეს უნდა გაეცათ. რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ, თბილისის მერიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ “თბილისის მერია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს“. 

მორიგი ვანდალიზმი თბილისში 

შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის გამზირზე თბილისის მერია ჭადრებს ოქტომბრის ბოლოდან დაერია – ხეების ჩეხვა 27 ოქტომბრიდან დღემდე “წარმატებულად“ მიმდინარეობს. ჭადრების ნაცვლად, როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, ჯოხები ჩაარჭვეს; იქვე განათების ბოძებიც ჩაამაგრეს, რომელზეც ნათურასთან ერთად ორ–ორი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. 

იმაზე, რომ თბილისის ეს მონაკვეთი ისედაც ჩავარდნილ ადგილზეა, იქაურობა გამონაბოლქვით სავსეა, რასაც ათეულობით წლების განმავლობაში ჭადრის ხეები მეტ–ნაკლებად უმკლავდებოდნენ და ახლა მათ გარეშე დარჩენილ აღმაშენებლის გამზირზე ზაფხულობით სუნთქვა და ცხოვრება გაჭირდება, ხმას თითო–ოროლა ადამიანი იღებს, ისიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიდან და არა იქაური მოსახლეობიდან. 

დინამოს კორტებზე და დედაენის ბაღში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, გთავაზობთ “კონსერვატორ“ ლაშა ჩხარტიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს. 

ლაშა ჩხარტიშვილი: გასული შაბათიდან მოყოლებული უკანონოდ მიმდინარეობს რეკრეაციული ზონის განადგურება, დინამოს კორტების ბაღის ტერიტორიაზე, სადაც 180–მდე  ასწლოვანი ხე იდგა და დედაენის ბაღში, სადაც ერთი ჰექტარია შემოღობილი. ოთხი დღეა ვცდილობთ საზოგადოების მობილიზებას, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ აქტიურობს. 

მეორეს მხრივ გვინდა სახელმწიფო ორგანოები ჩაგვერთო ამ პროცესში, რათა უკანონობა აღვაკვეთონ, მაგრამ არც გარემოს დაცვის ინსპექცია, არც ზედამხედველობის ინსპექცია ზემოხსენებულ აგდილებზე პრინციპულად არ მოდის, რათა შეადგინონ ოქმი იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი უკანონოა. თუ ისინი თვლიან, რომ კანონიერია, მაშინ ეს დაწერონ. შესაბამისი სამსახურები ამ ადგილებზე მოსვლას თავს შეგნებულად არიდებენ. 

გარემოს დაცვის მინისტრის, გოგა ხაჩიძის სახელზე 13 დეკემბერს საჩივარი სამინისტროში ჩავაბარეთ, გარემოს დაცვის ინსპექციის უმოქმედობის გამო, მაგრამ გარემოს დაცვის ინსპექცია მაინც არ მოდის. ხან ამბობენ, რომ ყველა მანქანა დაკავებულია, ხან კიდევ რაღაც ფორმალურ და აბსურდულ მიზეზებს ასახელებენ. 

ფაქტი ერთია –  ხელისუფლება გადავიდა მასიურ შეტევაზე, საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ, მათ შორის საარსებო გარემოს განადგურების კუთხით, რისი მიზანიც ერთადერთი შეიძლება იყოს –  ეს არის ქრთამი, რომელსაც ისინი აიღებენ მშენებლობის სანაცვლოდ, ან ის, რომ თვითონ აპირებენ ამ ტერიტორიის დასაკუთრებას და კომერციული მიზნებით გამოყენებას. 

გაქვთ ინფორმაცია უშუალოდ ვინ ჭრის ხეებს, კორტებზე და დედაენის ბაღში?

– რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, კორტების ტერიტორია ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია და უბრალოდ, მოედანს უსუფთავებენ იმ ინვესტორს, რომელიც ან ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება და კომპანია სხვის სახელზე ექნება გაფორმებული, ან სხვა იქნება და წილში ხელისუფლება ეყოლება. დინამოს კორტების ტერიტორია დაახლოებით 3 ჰექტარია. 

ამას ემატება მის მომიჯნავედ დედაენის ბაღის ნაწილი, რომელიც თავის დროზე გაარემონტეს, ახალი ჩირაღდნები, დასასვენებელი სკამები ჩადგეს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაფერისთვის მოეარათ, გაწეული ხარჯი წყალში გადაყარეს და რეკრეაციულ ზონას ანადგურებენ, რომელსაც ქალაქისათვის უდიდესი ეკოლოგიური ფუნქცია აქვს. 

ამასთან, სპორტის სასახლესთანაც აპირებენ გამწვანებულ ზოლში მშენებლობის დაწყებას (ესაა გამწვანებული ზოლი, არმისული სალაროებამდე, თუ მივდივართ გმირთა მოედნიდან), რასაც მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს. 

ამჟამად თბილისში, ქალაქის განაშენიანების ფარგლებში, გამწვანებული ტერიტორიის ფართობი თითოეულ მოქალაქეზე არის 3–4 კვადრატული მეტრი,  მაშინ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თითოეულ მოქალაქეზე 50 კვადრატული მეტრი მაინც უნდა მოდიოდეს. ეს ყველაფერი პირდაპირ მოქმედებს ჯანმრთელობის უფლებაზე, ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე. 

ის რომ ოფიციალური სტატისტიკით თბილისში ბოლო 5 წლის განმავალობაში ხუთჯერ გაიზარდა სიმსივნური დავადობის მაჩვენებელი, არის პირდაპირი შედეგი ქალაქის ეკოლოგიური გარემოს განადგურების და იმ უხარისხო საწვავის, რომელსაც ასევე ხელისუფლება აწვდის მოსახლეობას. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავის  ერთ–ერთი მთავარი შემომტანი არის მიხეილ სააკაშვილის ძმა; ის ახორციელებს კონტროლს საწვავის შემოტანაზე. 

ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დედაენის ბაღში და კორტებზე ხდება?

– გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქცია არის აკონტროლოს ქალაქში ეკოლოგიური გარემო, მათ შორის მწვანე ნარგავების აღების საკითხი; თუ ნებართვა არის გაცემული, მას შეუძლია ნებართვის არსებობა–არარსებობა მაინც შეამოწმოს. 

ნებართვა მერიამ უნდა გასცეს, რომელსაც აქვს ერთის მხრივ გამწვანების სამსახური, რომელიც ხეების ჩეხვაზე გასცემს ნებართვას, ოღონდ ამას დასაბუთება სჭირდება და არა ზერელე დამოკიდებულება; მით უმეტეს, რეკრიაციულ ზონაში არ შეიძლება ასეთი ნებართვის გაცემა. მეორეს მხრივ, დემონტაჟის ნებართვაც მერიას უნდა გაეცა, რადგან კორტებზე დემონტაჟის სამუშაოები მიდის – ინგრევა კორტები, ინგრევა ადმინისტრაციის შენობა. 

ეს ყველაფრი აქტიურ ფაზაშია გადასული და სამწუხაროდ, ხელს ვერ ვუშლით, იქიდან გამომდინარე, რომ არც მოქალაქეები აქტიურობენ და არც სახელმწიფო ორგანიზაციები არიან დაინტერესებული, რომ აღკვეთონ ეს ვანდალური აქტი, რომელიც მიმდინარეობს ახლა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კორტების და დედაენის ბაღის ტერიტორიაზე. 

ჩვენი ინფორმაციით, რეკრეაციული ზონის სტატუსი დღემდე არა აქვს მოხსნილი კორტების ტერიტორიას და დედაენის ბაღს. შესაბამისად, შეუძლებელია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულიყო აღნიშნულ ტერიტორიაზე ხე–მცენარეების გაჩეხვის, ან მშენებლობის ნებართვა. უკანონოდ, მაგრამ ხელისუფლების ყველა შტოს მფარველობით მიმდინარეობს ხეების მასიური გაჩეხვა, ნაგებობების ნგრევა და მშენებლობისთვის მზადება. 

როგორც ჩანს, ხელისუფლებას იმდენად ეჩქარება ზემოხსენებული ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენების გზით ფულის შოვნა, რომ თავს არიდებს რამდენიმეთვიან პროცედურას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მოქმდი კანონმდებლობის ჩარჩოში მოექციათ აღნიშნული ვანდალიზმი, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ვგულისხმობ უპირველეს ყოვლისა საკრებულოს მიერ რეაკრეაციული სტატუსის მოხსნას და შემდგომში უკვე ნებართვის გაცემის პროცედურების დაწყებას.