რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” სენაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორე შეიძლება ბანკროტად გამოაცხადონ, თუ არ გაიზრდება მისი სამეფო კარის შესანახად გამოყოფილი თანხა.
უკანასკნელად ეს საკითხი 2000 წელს წამოიჭრა, როდესაც დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გაყინა ყველა თანხა, რაც დედოფლის საჭიროებისთვის იყო განკუთვნილი.
მონარქის ხაზინადრები ამბობენ, რომ საჭიროა დედოფლისთვის გამოყოფილი თანხების სასწრაფოდ გაზრდა. ჩვეულებრივ, ის პარლამენტისგან ყოველწლიურად იღებს 7.9 მილიონ გირვანქა სტერლინგს. მთელი ეს თანხა ელისაბედ მეორის სამეფო კარის შენახვას სჭირდება.
მასში შედის - ყველა სასახლისა და ციხე-დარბაზის რესტავრაცია, აგრეთვე, ახალი ავეჯისა და აღჭურვილობის შეძენა.
ელისაბედ მეორის პირადი ქონება, დაახლოებით 240 მილიონი გირვანქა სტერლინგი, სასახლის საჭიროებისთვის არ იხარჯება. გარდა ამისა, მონარქი მხატვრულ ფასეულობათა დიდი კოლექციის მფლობელიც გახლავთ, რომლის შეფასება წარმოუდგენელია.
მთლიანად, სამეფო ოჯახის შენახვა დიდი ბრიტანეთის ხაზინას დაახლოებით 41.4 გირვანქა სტერლინგი უჯდება. ამ თანხას ქვეყნის ყველა მცხოვრებზე თუ გადავანაწილებთ, აღმოჩნდება, რომ თითოეულმა ბრიტანელმა, დედოფლისა და მისი ნათესავების შესანახად 69 პენსი გაიღო.