საქართველოს ნომერმა პირველმა ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი QATAR OPEN-ის ჩემპიონია. ბასილაშვილმა დოჰას მასტერის ფინალში, ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა და ჩემპიონობაც დაიმსახურა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს ტაი-ბრიეკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ გაიმარჯვა.
ფინალის მოგების შემდეგ კი, საქართველოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა ითხოვა, რომ ქართულად ესაუბრა და შვილს მიმართა:
„ლუკა, მამიკო, მინდა, რომ დაიმახსოვრო – შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები“.
ქართველ ჩოგბურთელს არც ქართველი გულშემატკივარი დავიწყებია: „მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ქართველ გულშემატკივარს, მხადაჭერისა და გვერდში დგომისთვის“.
ცნობისთვის, ნიკილოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლესთან ამ დრომდე სასამართლო დავა აქვს და ის შვილის ნახვას ვერ ახერხებს.
ფინალამდე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიო საუკეთესო ჩოგბურთელს როჯერ ფედერერს აჯობა. ფედერერთან მოგების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა განაცხადა, რომ ის საღამო მას არასდროს დაავიწყდება.
„დაუჯერებელია, როჯერ ფედერერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია. მასთან თამაშიც კი უბრალოდ სასიამოვნოა. მიხარია, რომ დაბრუნდა. დღეს ოცნება ამიხდა. ის ჩემი კერპი იყო. არაჩვეულებრივი, დაუჯერებელი მოთამაშეა და ექსტრემალურად გახარებული ვარ. არა მხოლოდ მე, არამედ ბევრი სხვა მოთამაშეც ფედერერის ყურებაში გავიზარდეთ. ის ჩემი კერპი იყო და დაუჯერებელი პერსონაა. ძალიან ბედნიერი დღეა და ღამე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება“, – განაცხადა ბასილაშვილმა.
ნიკილოზ ბასილაშვილს გამარჯვება თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელით მიულოცა.
„ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება - ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირი მოიგო. ვულოცავ ნიკა ბასილაშვილს და მთელ საქართველოს ამ დიდ წარმატებას!“, - დაწერა კახა კალაძემ.
საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს გამარჯვება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც მიულოცა.
„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრწყინვალე გამარჯვებას! ამ ტურნირში მან უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა და საამაყო შედეგს მიაღწია! წარმატებები ქართველ ჩოგბურთელს!“, - დაწერა თალაკვაძემ სოციალურ ქსელში.
ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებას მთელი საქართველო ზეიმობს. მისი გულშემატკივრები მას გამარჯვებას სოციალური ქსელით ულოცავენ, დებენ ნიკოლოზის სურათებს, აზიარებენ ფინალის ვიდეობს და ა.შ
თუმცა, გამონაკლისებიც არიან, რომლებიც ნიკა ბასილაშვილს მის ყოფილ მეუღლესთან სასამართლო დავას ახსენებენ. უფრო მეტიც, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას მასტერის ტურნირიდან მოხსნასაც კი ითხოვდნენ.
როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ქალების უფლების დამცველმა ნიკოლოზ ბასილაშვილი „კაცების კაცად“ მოიხსენია.
„კაცების კაცის“ ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით. სპორტული აღტყინება რომ კაცებზე იდიოტურად მოქმედებს, ეს ხომ უკვე ვთქვი. ვის რაში აინტერესებს, ცოლს რომ სცემა ბასილაშვილმა, ბრალი რომ დაუმძიმდა გამოძიების მსვლელობისას, შემაკავებელი ორდერი რომ ნაღდად გამოწერილია მასზე და ეს მაინცაა უკვე სასამართლოთი დადასტურებული... ეჰჰჰ... არაფერი ესმით კაცებს „კაცობისა“ ამ ქვეყანაში“, - ასე გამოეხმაურა ბასილაშვილის ტრიუმფს ბაია პატარაია.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, თავის კარიერაში ეს მე-4 ATP ტიტულია. დოჰას ტურნირი ქართველს 500 სარეიტინგო ქულას მოუტანს.