ტეილორ სვიფტმა გრემიზე მადლობა ბლეიკ ლაივლის და რაიან რეინოლდსს გადაუხადა

ტეილორ სვიფტმა გრემიზე მადლობა ბლეიკ ლაივლის და რაიან რეინოლდსს გადაუხადა

გრემის რიგით 63-ე დაჯილდოებაზე ამერიკელმა მუსიკოსმა ტეილორ სვიფტმა წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა, ალბომით folklore, რომელიც 2020 წლის ზაფხულში გამოუშვა. სვიფტმა რიგით მე-8 სტუდიური ალბომი კარანტინში ჯეკ ანტონოფთან და The National-ის აარონ დესნერთან ერთად დაწერა.

სვიფტმა თავის სამადლობელ სიტყვაში თავის შეყვარებულს, ჯო ალვინს, მეგობრებს - რაიან რეინოლდსსა და ბლეიკ ლაივლის და ფანებს მიმართა.

"ჯო, პირველი ადამიანი ხარ, ვინც ჩემს დაწერილ სიმღერებს ისმენს. შენთან ერთად კარანტინში სიმღერების დაწერა ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება იყო".

"ასევე მადლობა ჯეიმსს, ინეზს, ბეტის, და მათ მშობლებს - ისინი არიან მეორე და მესამე ადამიანები, ვის ყურამდეც ჩემი მუსიკა მიდის".

folklore-ის რამდენიმე სიმღერაში პერსონაჟებს ჯეიმსი, ინეზი და ბეტი ჰქვიათ, რაც რეინოლდსისა და ლაივლის შვილების სახელებია. რაც შეეხება სვიფტის შეყვარებულს, ჯო ალვინი ალბომიდან 2 სინგლის, Betty-სა და Exile-ის მუსიკისა და ტექსტის თანაავტორია.

კრედიტებში ის ფსევდონიმით, უილიამ ბოუერითაა მოხსენიებული.

ამ გამარჯვებით სვიფტი პირველი ქალი მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემიზე წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში მესამედ გაიმარჯვა.