რამდენიმე დღის წინ იტალიურმა „მილანმა“ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი სენსაცია გამოაცხო და ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში კატალონიური „ბარსელონა“ ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხა.
იმ შეხვედრის შემდეგ მილანური კლუბის მფლობელი სილვიო ბერლუსკონი თავაწეული დადის და საკუთარ კლუბს ევროპის ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის პირველობის მოგება დაუგეგმა.
გუშინ ბატონი სილვიო გამოცემა „Goal.com”-ს ესაუბრა და თავისი ამბიციური გეგმები გააცნო.
„მიმდინარე სეზონი სუსტად დავიწყეთ. ამისი უმთავრესი მიზეზი ის გახლდათ, რომ გასული წლის ზაფხულში რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დავკარგეთ, მათი შემცვლელები კი ვერ მოვძებნეთ.
იტალიის პირველობაზე „მილანი“ დიდი ხნის განმავლობაში სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებოდა და ერთი პირობა მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლებაც გვსურდა. საბედნიეროდ მცდარი ნაბიჯი არ გადავდგით და მოგვიანებით კლუბმა მდგომარეობა გამოასწორა.
მართალია ტურინის „იუვენტუსს“ ამჟამად 11 ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ სხვაობას მინიმუმამდე დავიყვანთ. ჩემმა გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა და ფეხბურთელებმა გამარჯვებულის მენტალიტეტი დაიბრუნეს.
„ბარსელონა“ ყველა საფეხბურთო კომპონენტში აშკარად დავჩაგრეთ. ეჭვი არ მეპარება რომ ამ ბარიერს აუცილებლად გადავლახავთ და მეოთხედფინალში ვიასპარეზებთ.
მარიო ბალოტელიმ გუნდში ახალი სიცოცხლე შემოიტანა. ის „მილანის“ უპირობო ლიდერად გადაიქცა. ამჟამად გუნდი ახალგაზრდა ფებურთელებითაა დაკომპლექტებული და უახლოეს მომავალში ისინი თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან.
„მილანის“ გულშემატკივრებს ვპირდები, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონს მაღალ დონეზე დავასრულებთ. არ გამიკვირდება თუ „იუვენტუსის“ დაწევასა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოვახერხებთ“. - განაცხადა სილვიო ბერლუსკონიმ.