„ჩვენს ვებ-გვერდზე ამასთან დაკავშირებით განთავსებულია განცხადება, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე ევროპის წამლის სააგენტოსი, რომ ეს მონაცემები, რის საფუძველზეც რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა ამ დასახელების ვაქცინის გამოყენება, გართულებები არ არის დაკავშირებული არც ვაქცინაციის პროცესთან და არც ვაქცინასთან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო გახლავთ ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციები და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვენდობით მათ დასკვნებს“, - ამის შესახებ დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ For.ge-ს განუცხადა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე საქართველოშია. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს დილით ჩამოიტანეს. ამის ფონზე, დაწყებულია სერიოზული ანტიკამპანია ვაქცინაციის და ამ ვაქცინის წინააღმდეგ. თქვენი მხრიდან თუ იქნება გააქტიურებული კამპანია იმისათვის, რომ საზოგადოება ამ ვაქცინის სანდოობაში დარწმუნდეს?
- კამპანია მიმდინარეობს. არის ჩვენი გამოსვლებიც, ზოგადად, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, ვინ უნდა აიცრას, რატომ უნდა აიცრას, რატომ არის ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გზა პანდემიის დასრულების. ის ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება და მათ შორის საქართველოში, რომელიც შემოდის, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზირებული და არის მაღალი ხარისხის ვაქცინები.
რა თქმა უნდა, ეს კამპანია მიმდინარეობს. შესაბამისი განცხადება და განმარტება ავტორიზირებული და ავტორიტეტული ორგანიზაციების დევს ვებ-გვერდზე. ამას ვიმეორებთ - არა ბატონო, გართულებები, როგორც ვაქცინირებულში, ისე არავაქცინირებულ მოსახლეობაში, დაახლოებით, ერთნაირია და ეს არ არის გამოწვეული ვაქცინით და ეს არ წარმოადგენს ვაქცინის გართულებას.
„ასტრაზენეკათი“ აცრა რომელი ასაკიდან იწყება?
- 18 წლის ასაკიდან ვიწყებთ.
რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას?
- „ფაიზერი“ 22 მარტის კვირაში შემოვა საქართველოში, როგორც გვაქვს წინასწარი დადასტურება.
როგორ ფიქრობთ, ვაქცინაცია არის თუ არა დასაწყისი იმისა, რომ საართველოში დასრულდეს პანდემია? არის თუ არა ეს ახალი ეტაპი იმისთვის, რომ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ?
- დიახ, პანდემიის დასრულების გზა სწორედ ვაქცინაციაზე გადის. ამიტომ მოვუწოდებ თქვენივე პორტალის საშუალებით მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად აიცრან, თუ გვინდა, რომ დროულად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და რეჟიმს. რაც მეტი იქნება აცრილი და გვექნება ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მით მეტია შანსი, რომ პანდემია დასრულდეს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ფონზე, სამედიცინო პირბადის ტარების მაჩვენებელმა იკლო. ბოლო პერიოდში კი, კიდევ უფრო აქტიურად საუბრობენ, მესამე ტალღაზე. თქვენ პირადად თუ ელოდებით კიდევ ერთ ტალღას საქართველოში?
- ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, ანუ მაჩვენებლები ყოველდღიურად, ამ თვალსაზრისით, უკეთესია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება.
ახლა ასეთი მასშტაბური შემსუბუქებების ფონზე, თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება, რაც სამწუხაროდ, შემცირდა საქართველოში, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანვა და რაც მთავარია, დიდი შეკრებებისგან თავის არიდება, მაშინ შესაძლებელია, რომ ქვეყანაში ახალმა შემთხვევებმა მოიმატოს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, მაშინ მარტ-აპირლს გავივლით და შეიძლება მესამე ტალღას ავცდეთ.