თუ წესებს არ დავიცავთ მორიგი აფეთქება 3 კვირაში იქნება - როგორი ეპიდვითარება გვაქვს დღეს ქვეყანაში

თუ წესებს არ დავიცავთ მორიგი აფეთქება 3 კვირაში იქნება - როგორი ეპიდვითარება გვაქვს დღეს ქვეყანაში

ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, იკლო სამედიცინო პირბადის ტარების მაჩვენებელმა. შედარებით სტაბილურმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ ადამიანები გაათამამა, ისინი თითქოსდა უფრო გულგრილები გახადა და სიფრთხილეც გარკვეულწილად დაივიწყეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა დაიცვან წესები და ატარონ პირბადე, რათა მესამე ტალღა თავიდან იქნას აცილებული.

ვხედავთ, ბოლო პერიოდში კოვიდსტატისტიკა შედარებით შეიცვალა და ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ოდნავ მოიმატა, რასაც სპეციალისტების ნაწილი იმით ხსნის, რომ ქვეყანაში გარკვეული რეგულაციები უკვე მოიხსნა და ახალი შემთხვევების რაოდენობის მატებაც ბუნებრივია. თუმცა, მეორე ნაწილი ამას იმით ხსნის, რომ საზოგადოების საკმაოდ სოლიდური ნაწილი რეკომენდაციებს აღარ ითვალისწინებს და წესების მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა.

„პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 11 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსის მესამე ტალღისა და შეზღუდვების გამკაცრების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები შეასრულოს. მისივე თქმით, პირადად არის ჩართული ვაქცინის შემოტანის შესახებ მოლაპარაკებებში და საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, რათა ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყოს.

„მოგეხსენებათ, რომ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით. ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა მოსახლეობას ვთხოვო, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე For.ge-სთან ამბობს, რომ ყველაფერი მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, თუკი საზოგადოება წესებს არ დაიცავს, სამ კვირაში მორიგი, მესამე ტალღაა მოსალოდნელი.

„თუ რეგულაციებს უგულებელვყოფთ, როგორც შარშან, ახლაც აუცილებლად ჩაიკეტება ქვეყანა, რადგან ეპიდემია თავიდან „აფეთქდება.“ თუ შევძელით და ოდნავ ზომები შევინარჩუნეთ, რეგულაციები დავიცავით, რა თქმა უნდა, გვაქვს შანსი, რომ სანამ საკმარისი რაოდენობის ადამიანების ვაქცინაცია არ დასრულდება, შევძლებთ გამკლავებას და შეზღუდვების გარეშე გავლას.

გავხსენით ქვეყანა და მოსალოდნელი იყო რაოდენობის მომატება. მთავარია, არ „აფეთქდეს“ და 500 არ გახდეს 2000, 4000... შემდეგ უკვე ახალი შტამის პირობებში ინფექციის შეკავება ძალიან გაგვიჭირდება. ასე რომ, ახლა მთავარი ამოცანაა, დავიცავთ რეგულაციები, თუ არა და შემდეგ კვლავ მოგვიწევს ლაკონური შეზღუდვების შემოღება.

დღეს არის სიტუაცია ფრთხილად სტაბილური. 500-მდე მოიმატა, რაც ნიშნავს, რომ თუ ცოტა არ გავფრთხილდით, კიდევ უფრო მოიმატებს. ხვალ და სამ კვირაში „აფეთქდება.“ მთავარია, სამ კვირაში „აფეთქება“ თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ For.ge-სთან.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ რეკომენდაციების დაცვის კუთხით, უფრო მეტი სიხისტე უნდა გამოიჩინოს, რომ ის გულგრილი დამოკიდებულება, რაც საზოგადოებას აქვს, შეიცვალოს.

„საუბარი მიდის, რომ არის უკვე გარკვეული იმუნიტეტი, მაგრამ ის ხალხი, ვინც თავის დროზე გადაურჩა, დიდი შანსია, რომ ისინი დაინფიცირდნენ. წესები უნდა დავიცვათ. დღეს, მაგალითად, ვნახე, როგორ დააჯარიმეს ერთი ჩემი ნაცნობი პირბადის არტარებისთვის და ძალიანაც კარგი, მივესალმები. ჩვენ ერთადერთი რისიც გვეშინია, ეს არის ჯარიმა. ამიტომაც, საჭიროა, სახელმწიფომ მეტი ფხა გამოიჩინოს ამ სიტუაციაში. ჩვენ არ გვაქვს ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატი. ვცდილობთ, მხოლოდ იმუნიზაციით რაღაცას მივაღწიოთ. პირბადის ტარების კოეფიციენტის კლება ხალხის ზერელე დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ყველაფერი დამოკიდებულია დინამიკაზე. დღეს არსებული ვითარება სტაბილური არ არის, ეს არის მართვადი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან.

ინფორმაციისთვის, შაბათს, 13 მარტს, საქართველოში კოვიდვაქცინის პირველი დოზები უნდა ჩამოვიდეს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, 11 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ზეგ მართლაც ჩამოვა საქართველოში ვაქცინა, თითქმის 10 დღით გადმოიწევს ეს თარიღი, რადგან წინა კვირის განცხადებით თანახმად, ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანას 22 მარტიდან უნდა მიეღო.