პრინცესა დაიანას ხელნაწერი წერილები აუქციონზე გაიყიდება

პრინცესა დაიანას ხელნაწერი წერილები აუქციონზე გაიყიდება

უელსის პრინცესა დაიანას ხელნაწერ წერილებს ქორნუოლის აუქციონზე გასაყიდად გამოიტანენ.

აუქციონისთვის განკუთვნილ ნივთებს შორისაა ორმოცი წერილი და მოსაკითხი ბარათი, რომელიც 1990 წლიდან 1997 წლამდე გაუგზავნა პრინცესა დაიანამ თავის მეგობარს, როჯერ ბრემბლს.

წერილები საინტერესო ინფორმაციას შეიცავს დაიანას ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალების, მათ შორის პრინც ჩარლზთან გაშორების შესახებ. მაგალითად, 1992 წლის 12 ივნისით დათარიღებულ წერილში იგი განვლილ კვირას "საშინელს" უწოდებს — იმ დროს, როცა ჟურნალისტ ენდრიუ მორტონის მიერ დაწერილი დაიანას ბიოგრაფია Sunday Times-ში სერიულად ქვეყნდებოდა.

წერილების ფასი 300 გირვანქა სტერლინგიდან ($416) იწყება და 1 500 გირვანქა სტერლინგამდე ($2 080) ადის.

ბარათი, რომლითაც პრინცესა დაიანა მიწვევაზე უარს ამბობს. წერილს თან ერთვის უხერხული ღიმილის მიხატული "სმაილიც".

ქალაქ პენზენსში მდებარე დევიდ ლეის სააუქციონო სივრცის წარმომადგენლის, მიმი კონელ-ლეის თქმით, წერილებში დაიანას "თბილი, ჭკვიანი, მხიარული, მომხიბვლელი და დიდსულოვანი" პიროვნება ჩანს, რაც ნივთების აუქციონზე გამოტანის მიზეზი გახდა.

"იმეილებს და [წერილებისადმი] ინტერესის გამომხატველ მონაწერებს მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით კი ამერიკიდან და ინდოეთიდან ვიღებდით", — ამბობს კონელ-ლეი.

გაყიდვებიდან მიღებულ თანხას იმ ორგანიზაციებს შესწირავენ, რომლებთანაც პრინცესა დაიანასა და ბრემბლს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდათ. მათ შორისაა ინგლისის ნაციონალური ბალეტი და ახალგაზრდა მუსიკოსთა სიმფონიური ორკესტრი.

აუქციონი 18 მარტს გაიმართება.