მეთიუ მაკკონაჰი ტეხასის გუბერნატორობას განიხილავს

მეთიუ მაკკონაჰი ტეხასის გუბერნატორობას განიხილავს

Interstellar, Dallas Buyers Club, True Detective — თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეთიუ მაკკონაჰი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია. როგორც აღმოჩნდა, საკულტო როლების შესრულება მისი ერთადერთი ინტერესი სულაც არაა: მეთიუ მაკკონაჰი შესაძლოა, ტეხასის შტატის გუბერანტორობისთვის ბრძოლაში ჩაერთოს.

The Balanced Voice-ის პოდკასტში მეთიუ მაკკონაჰმა კითხვაზე, აპირებს თუ არა ტეხასის შტატის გუბერნატორობას, განაცხადა, რომ ამ ალბათობას ნამდვილად განიხილავს.

"ვფიქრობ, მაქვს ისეთი რამ, რისი სხვებისთვის სწავლაც და გაზიარებაც შემიძლია. რა როლი მაკისრია? რა როლს შევასრულებ ჩემი ცხოვრების მომდევნო ეპიზოდში, რომლისკენაც მივემართები?" — თქვა მაკკონაჰმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იგივე კითხვა მსახიობს ნოემბერშიც დაუსვეს. მეთიუ მაკკონაჰმა მაშინ განაცხადა, რომ ეს საკითხი ხალხის გადასაწყვეტი იყო და არა — მისი. აგრეთვე, აღნიშნა, რომ როდესაც პოლიტიკა საკუთარ მიზნებს გადააფასებს, ამ სფეროთი შემდეგ უფრო დაინტერესდებოდა. შესაბამისად, ვიხილავთ თუ არა მსახიობს პოლიტიკოსის როლში — ამას დრო გვიჩვენებს.