ტიტო ვილანოვა აპრილში დაბრუნდება

ტიტო ვილანოვა აპრილში დაბრუნდება

გასულ წელს კატალონიური „ბარსელონას“ 44 წლის მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას ყელ-ყურის სიმსივნე აღმოაჩნდა.

ფეხბურთის სპეციალისტს ქალაქ ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს. საინტერესოა რომ კლუბის ხელმძღვანელობა ვილანოვას მხარში დაუდგა და მისი პატივისცემა იმით გამოხატა, რომ შობა-ახალ წელთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა.

მიმდინარე წლის დასაწყისში ტიტო მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა და ესპანეთის პირველობის რამდენიმე შეხვედრაში უშუალოდ უხელმძღვანელა.

იანვრის დასასრულს მწვრთნელი ქალაქ ნიუ-იორკში ჩავიდა და იქაურ ექიმებთან შემოწმება გაიარა. გამოკვლევების შემდეგ ესპანელი სპეციალურ კლინიკაში მოათავსეს და მკურნალობის სამთვიანი კურსი გამოუწერეს.

ტიტო ვილანოვას დროებით არყოფნაში „ბარსელონას“ ხორდი როურა უძღვება.

გუშინ კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ პრეს-კონფერენცია ჩაატარა და განაცხადა, რომ მწვრთნელის მკურნალობა ნორმალურად მიმდინარეობს.

სუბისარეტას მტკიცებით, ვილანოვა მშობლიურ გუნდს დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.