ორი დღის წინ ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში თურქეთის „გალათასარაიმ“ საკუთარ მოედანზე გერმანულ „შალკეს“ უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ - 1:1 დასრულდა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ გერმანული კლუბი უეფა-ში საჩივრის შეტანას აპირებს და თურქებისთვის წაგების ჩათვლას მოითხოვს.
გაგიკვირდებათ და ამისი უმთავრესი მიზეზი კოტ დივუარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა ბრძანდება. „შალკეს“ წარმომადგენლების მტკიცებით, აფრიკელ მოთამაშეს ევროპის ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდა.
ახალ წლამდე დროგბა ჩინურ „შანჰაიში“ ასპარეზობდა. მოთამაშემ „გალათასარაისთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 28 იანვარს გააფორმა.
ჩინელებმა მუქკანიან შემტევს ფიფა-ში უჩივლეს და სტამბოლური გუნდისგან დიდძალი ფულადი კომპენსაცია მოითხოვეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში ეს საჩივარი ორი კვირის წინ განიხილეს და დიდიე დროგბა უდანაშაულოდ მიიჩნიეს. აღმოჩნდა რომ აფრიკელს 2012 წლის ბოლო რამდენიმე თვეს ჩინეთში ხელფასი არ აუღია.
აზიელები კი დაწყნარდნენ, მაგრამ ამჟამად ხმა ევროპელებმა ამოიღეს. „შალკეს“ სპორტული დირექტორი ჰორსტ ჰელდტის მტკიცებით, დროგბას მათი გუნდის წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლის უფლება არ ჰქონდა.
გერმანელმა საფეხბურთო ფუნქციონერმა გამოცემა „Bild”-თან საუბრისას განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩინური მხარე თავდაპირველ მარცხს არ შეეგუა და ფიფა-ში, დროგბას საკითხის შესახებ საქმის აღძვრას კვლავ აპირებს. ჰელდტს მიაჩნია, რომ სანამ ფეხბურთელის ბედი საბოლოოდ არ გაირკვევა, მას ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ შეუძლია. გერმანელები უეფა-სგან სამ ქულასა და „გალათასარაის“ მიმართ ფულად სასჯელს ითხოვენ.
ჯერჯერობით უეფა-ს რეაქცია უცნობია. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს ალბათ უახლოეს დღეებში გააკეთებენ.