„მსხვილი ნაწლავის კიბო უფრო იმ ადამიანებს აღენიშნებათ, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ წითელ ხორცს, ძეხვეულს, შებოლილ პროდუქტებს“

„მსხვილი ნაწლავის კიბო უფრო იმ ადამიანებს აღენიშნებათ, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ წითელ ხორცს, ძეხვეულს, შებოლილ პროდუქტებს“

მარტი მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა. რას ნიშნავს ტერმინი „ლურჯი მარტი“ და რამდენად გავრცელებულია მსხვილი ნაწლავის კიბოს დაავადება საქართველოში? ამის შესახებ for.ge-ს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ენდოსკოპისტი, ქირურგი გურამ გურაშვილი ესაუბრა.

რას ნიშნავს ტერმინი „ლურჯი მარტი“ და, ზოგადად, რას მოიცავს მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციის სკრინინგ პროგრამა?

- „ლურჯი მარტის“ იდეა ეკუთვნის ამერიკის ერთ-ერთ მოქალაქეს, ანიტა მიტჩელს, რომელმაც 2006 წელს მსხვილი ნაწლავის კიბო დაამარცხა. მისგან მომდინარეობს ეს კამპანია. თვითონ ტერმინი „ლურჯი მარტი“ მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის დღედ არის აღიარებული. კოლორექტალური კიბო, ანუ მსხვილი ნაწლავის კიბო მოიცავს მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის და ანალური არხის ეპითელური სიმსივნეების ერთობლიობას. გავრცელების თვალსაზრისით, მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი ონკოლოგიურ დაავადებებს შორის საქართველოში მესამე ადგილზეა. აღნიშნული დიაგნოზით გამოწვეული სიკვდილიანობა კი მეოთხე ადგილზეა.

როგორია მისი გავრცელების სიხშირე მამაკაცებსა და ქალბატონებში?

- მსხვილი ნაწლავის კიბო როგორც მამაკაცებში, ასევე, ქალბატონებში ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა მამაკაცებში 40%-ით მეტია გავრცელების სიხშირე. კოლორექტალური კიბოს მრავალი გამომწვევი მიზეზია, შეგვიძლია, გამოვყოთ რისკფაქტორები, რომლებმაც ხელი შეიძლება შეუწყონ მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას. უპირველესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას, ამ თვალსაზრისით, არის ცალკეული პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ ამ დაავადების განვითარებას. ამ დაავადებისკენ მიდრეკილნი არიან ის ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ წითელ ხორცს, აქ იგულისხმება საქონლის, ღორის და ცხვრის ხორცი, ასევე, ძეხვეულს და შებოლილ პროდუქტებს, რომლებსაც კარცენოგენური მოქმედება გააჩნია. ასევე, ამ დაავადების განვითარების მაღალი რისკი გააჩნიათ იმ ადამიანებს, ვინც უჯრედისით ღარიბი საკვები პროდუქტებით იკვებება, ვინც ნაკლები რაოდენობით მოიხმარს ბოსტნეულს და ხილს. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, მჯდომარე ცხოვრების სტილი, ჭარბწონიანობა, სიმსუქნე, მავნე ჩვევები ხელს უწყობს აღნიშნული დაავადების განვითარებას, მავნე ჩვევებში იგულისხმება ჭარბი რაოდენობით თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება. ასევე, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორია გენეტიკური წინასწარგანწყობა. სხვა ადამიანებთან შედარებით ამ დაავადების განვითარების რისკი უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომელთა პირველი რიგის ნათესავებს, მაგალითად, დას, ძმას, მშობლებს წარსულში ეს დაავადება აღენიშნებოდათ, ან პაციენტის ახლობლებს ჰქონდათ მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი, ან ჰყავდათ ოჯახური ადენომატოზური პოლიპით დაავადებული ნათესავი. ასევე, რისკფაქტორებში შეგვიძლია გამოვყოთ კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, მაგალითად, წყლულოვანი კოლიტი, რომელიც აღნიშნული დაავადების ერთ-ერთი ხელშემწყობი და გამომწვევი ფაქტორია.

თუ არის გამოკვლეული აზიის ხალხებს უფრო ემართებათ ეს დაავადება, თუ ევროპელებს?

- სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, ევროპაში მისი გავრცელების სიხშირე 4-5%-ია, ანუ ეს დაავადება იმ ქვეყნებში უფროა გავრცელებული, სადაც დიდი რაოდენობით მოიხმარენ ხორცს, ძეხვეულს და შებოლილ პროდუქტებს, ამიტომ აზიაში მისი გავრცელება უფრო მეტია.

რაც შეეხება ამ ტიპის კიბოს განვითარების პრევენციულ საშუალებებს?

- ამ კიბოს განვითარების პრევენციის ერთ-ერთი საშუალება მთელი მსოფლიოში სკრინინგია. თვითონ ტერმინი სკრინინგი მოიცავს დაავადების რისკჯგუფში მყოფი ადამიანების პროფილაქტიკურ გასინჯვას, რათა მოხდეს კიბოს დაავადების დროული გამოვლენა და მკურნალობა. დროული გამოვლენის შემთხვევაში, იზრდება მკურნალობის წარმატებულად დასრულების შანსი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსხვილი ნაწლავის სკრინინგს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დიდი მონაპოვარია, რომ ასეთი საშუალება ჩვენთან არსებობს. ყველა მოქალაქეს, როგორც მამაკაცებს, ისე ქალბატონებს 50-დან 70 წლამდე, ანუ დაავადების რისკჯგუფებს, ორ წელიწადში ერთხელ შეუძლიათ აღნიშნული გამოკვლევა სრულიად უფასოდ ჩაიტარონ. ეს გამოკვლევა უფასოდ უტარდება იმ ადამიანებს, ვინც მივა სკრინინგ ცენტრში, განავლის ანალიზს ჩააბარებს ფარულ სისხლდენაზე და ფარულ სისხლდენაში ამოუვა განავლის სისხლის არსებობა, ანუ დადებითი ტესტი. მათ უფასოდ ეკუთვნით აღნიშნული გამოკვლევა. თუ აღმოჩნდა რაიმე სიმსივნური პროცესი, რისთვისაც საჭირო გახდა ბიოფსია, ბიოფსიის წარმოებაც და ბიოფსიის მორფოლოგიურად შესწავლაც უფასოდ ეკუთვნით. მსხვილი ნაწლავის ლორწოვან ზედაპირში შიგნითა მხრიდან რაიმე პათოლოგიური წარმონაქმნის არსებობა (მაგალითად, პოლიპის, ან სიმსივნური პროცესის) რომ გავიგოთ და დავადგინოთ უცხო სხეული კეთილთვისებიანია, თუ ავთვისებიანი, ამისთვის ხდება სხეულის ქსოვილის ფრაგმენტის აღება სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით და მიკროსკოპის ქვეშ მისი დათვალიერება ბიოფსიის მეშვეობით. ბიოფსიის პასუხის შემდეგ უნდა გადაწყდეს, პაციენტს ენდოსკოპიურად ესაჭიროება აღნიშნული წარმონაქმნის მოკვეთა, თუ საჭიროა რადიკალურად ქირურგიული გზით მკურნალობა, ონკოლოგიური კუთხით ქიმიო ან სხივური თერაპია.

ხშირია ქირურგიული ჩარევა?

- ჩემთან თვეში საშუალოდ 100 პაციენტის მომართვიანობაა. ბევრ პაციენტს დადებითი ტესტი აქვს ფარულ სისხლდენაზე, თუმცა არ მოდის სკრინინგ ცენტრში, რადგან ეშინია თავისი დიაგნოზის გაგების. ქართველებს ხშირად გვაქვს ასეთი დამოკიდებულება, წინასწარ არ გვსურს, ვიცოდეთ, რა დაავადება გვჭირს. 100 პაციენტიდან დაახლოებით 10-15%-ს აღენიშნება პოლიპის არსებობა, დაახლოებით 2-3%-ს შეიძლება ჰქონდეს სიმსივნური პროცესი, დანარჩენ შემთხვევაში, საერთოდ პათოლოგიასთან საქმე არ გვაქვს, ან 20-დან 30-35%-ში შეიძლება გვქონდეს ჰემოროიდული კვანძები, ანუ ბუასილი, რომელმაც შეიძლება ტესტში დადებითი პასუხი აჩვენოს იქიდან გამომდინარე, რომ განავლის ანალიზში სისხლის მინარევები იქნება. ამიტომ ყველა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ დადებითი ტესტის პასუხი არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს აუცილებლად აქვს კიბო. დროულად უნდა ჩაიტარონ სკრინინგი, რომ დადასტურდეს, ეს ბუასილის კვანძიდანაა გამოწვეული, თუ რაიმე სხვა პათოლოგიური პროცესია.

თქვენ აღნიშნეთ სისხლდენის შესახებ. მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს ეს არის ძირითადი სიმპტომი, თუ სხვა სიმპტომითაც შეიძლება პაციენტმა ეჭვი შეიტანოს, ხომ არ აქვს მსხვილი ნაწლავის კიბო?

- ძირითადი გამოკვეთილი სიმპტომია სისხლდენა, სხვა სიმპტომები, ფაქტობრივად, არ ახასიათებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიმპტომების არსებობაც არ ნიშნავს, რომ პაციენტს აქვს კიბო. ამ სიმპტომების არსებობა მიუთითებს, რომ პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი გართულებები. შეიძლება, საერთოდ, ელემენტარულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, თუმცა დროულად მიმართვიანობისას თუ აღმოჩნდა რაიმე წარმონაქმნი ან სიმსივნური პროცესი, მკურნალობის წარმატებულად დასრულების შანსი იზრდება. ამიტომაცაა სკრინინგი აუცილებელი.

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ასევე, ტარდება კოლონოსკოპიური კვლევა. რას იტყვით ამ კვლევის შესახებ?

- კოლონოსკოპია წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის გამოკვლევის მეთოდს და ეს არის ენდოსკოპიის ერთ-ერთი სახეობა. ჩვენ გვაქვს თანამედროვე ოლიპუსის აპარატი, რომლითაც ვახდენთ კოლონოსკოპიის წარმოებას. თვითონ კოლონოსკოპია წარმოადგენს სპეციალურ ზონდს, რომელსაც თავზე აქვს ვიდეოთვალი და ხდება მსხვილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის მდგომარეობის დათვალიერება, ლორწოვანის შეფასება, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიის წარმოება, პოლიპის შემთხვევაში კი, პოლიპოტომიის წარმოება.