ძველი ბარათების ახალი სიცოცხლე

ძველი ბარათების ახალი სიცოცხლე

თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დღეს ძველი ქართული მისალოცი ღია ბარათების პრეზენტაცია გაიმართება.  სწორედ მუზეუმმა ჩაუყარა საფუძველი ორიგინალურ პროექტს, რომლის მიზანია, მუზეუმში დაცული XIX საუკუნის უნიკალური და ხელით დახატული საახალწლო მისალოცი ბარათების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

 

წელს პირველად, ახალ წელს ისეთი მისალოცი ბარათებით აღნიშნავენ, რომლითაც საუკუნის წინ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და იაკობ ნიკოლაძე სხვა ცნობილ ქართველებს ულოცავდნენ. უნიკალურ პროექტის მიზანი, ძველი ქართული საახალწლო ტრადიციების აღდგენა და გაცოცხლებაა.

 

მუზეუმის საცავებში დაცული უნიკალური მისალოცი ბარათების კოლექცია ფართო საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა. ეს ფერწერული თუ გრაფიკული მხატვრობის ძვირფასი ნიმუშები საუკუნის წინ შეიქმნა. ისინი ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა ფონდში, საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებში ინახება. თითოეული მისალოცი ბარათი ერთ ეგზემპლარად შეიქმნა. ზოგიერთი მათგანის ავტორი კი დიდი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეა.

 

ბარათები გაზეთ “ივერიის“, “ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, თეატრალური და დრამატული კავშირების დაკვეთით იქმნებოდა. ამ ბარათებით საიუბილეო თარიღებსა თუ ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ექვთიმე თაყიშვილი, გიორგი ერისთავი და მრავალი გამორჩეული ქართველი.