დღეს დილით გამოცემამ „Football Espana” გაავრცელა ცნობა, რომ მომავალი სეზონიდან, ურუგვაის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ნაპოლის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.
სამხრეთ ამერიკელ შემტევს ამჟამინდელ გუნდთან ხელშეკრულება 2014 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. „ნაპოლიმ“ წამყვანი მოთამაშე 65 მილიონ ევროდ შეაფასა.
ცნობილია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში „რეალს“ მადრიდის „ატლეტიკოს“ კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაოს ყიდვა სურს. ესპანურ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ფალკაო „რეალის“ ნაცვლად ბრიტანულ „მანჩესტერ სიტიში“ გადავა.
„სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა მარცხს არ შეურიგდა და მოლაპარაკება ედინსონ კავანისთან დაიწყო.
ცნობილი გახდა, რომ ესპანელებმა „ნაპოლის“ სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ ქარიმ ბენზემა და 25 მილიონი ევრო შესთავაზეს.
ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მას-მედიას განუცხადა, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობასთან კავანის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს და არ არის გამორიცხული ურუგვაელი ესპანეთში გაუშვას.