„მოზარდებო, თქვენია ცხოვრება და რაც შეიძლება მეტი ილაპარაკეთ!“

„მოზარდებო, თქვენია ცხოვრება და რაც შეიძლება მეტი ილაპარაკეთ!“

საქართველოში ბოლო პერიოდში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. უპირველეს ყოვლისა, გავარკვიეთ თუ რას ნიშნავს სექსუალური ძალადობა ბავშვებზე. ესაა ბავშვის გამოყენება სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და/ან გამორჩენის მიზნით, რაც მოიცავს: სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნას, სექსუალურ გარყვნას, ეროტიულ ალერსს, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერების ნებართვას ან ხელშეწყობას, გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას, სასქესო ორგანოების დემონსტრირებას, ღია საუბრებს სექსზე ბავშვის შოკირების ან მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით, სისხლის აღრევას (ინცესტი), სხეულით ვაჭრობის იძულებას და სხვა.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ქმედებათა ფართო სპექტრს მოიცავს. სექსუალური ძალადობის შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს იმას, ბავშვის თანხმობით მოხდა ეს თუ არა. მოზრდილს, ჯერ ერთი, იოლად შეუძლია ბავშვზე ზეგავლენის მოხდენა, და მეორე, ბავშვს არ შეუძლია ამ ქმედებათა მნიშვნელობის გაგება, მათი შეფასება. გარდა ამისა, მოძალადე თავისი მიზნის მისაღწევად ხშირად მიმართავს მუქარას ან შანტაჟს, რაც ბავშვისთვის ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაა.

სექსუალური ძალადობა შეიძლება მოხდეს ოჯახს გარეთ ან ოჯახში. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვი, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. ხშირ შემთხვევებში ოჯახს გარეთ სექსუალური ძალადობა გაუპატიურების სახით ხდება, ფიზიკური თავდასხმითა და მუქარით. ამგვარი ძალადობის მსხვერპლი უმეტესად მოზარდები არიან. ოჯახში სექსუალურ ძალადობას ქრონიკული ხასიათი აქვს, ზოგჯერ წლების მანძილზე გრძელდება, ბავშვის ჩათრევა ამ ქმედებებში თანდათანობით ხდება, მსხვერპლი უფრო მცირე ასაკისაა, ვიდრე ოჯახს გარეთ ძალადობის შემთხვევაში.

საქართველოში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში კანონს ამკაცრებენ.

აღნიშნულ საკითხზე, შსს-ს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ დროსაც ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვნებზე ძალადობის საკითხი საზოგადოების ბრალიც არის.

„რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით საერთოდ, რა მოხდა. ისე გავიდა ეს თვეები, საერთოდ არავის არაფერი უთქვამს. ან მეზობელი არ ხედავდა? ეს საზოგადოების პრობლემაა, ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა. იგივე იყო 14 წლის ბავშვზე, ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა, დაიკითხა, არანაირი ძალადობა არ დაუფიქსირებია, სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა, როგორც წესია. არანაირი პრობლემა არ ყოფილა, გავიდა და მოხდა ეს. ბაბუა დავაკავეთ და გამოძიება მიდის კიდევ და თუ ვინმე გამოიკვეთება, დავაკავებთ.

გახმაურებული არის ერთი-ორი შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევაა. ამაზე ცოტა შეფერხება გვქონდა პანდემიიდან გამომდინარე, თორემ ჩვენ დავდიოდით სხვადასხვა რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დადიოდნენ და სკოლებში მოზარდებს აცნობდნენ თავიანთ უფლებებს. ასევე, ხვდებოდნენ მშობლებს, უკითხავდნენ ლექციებს. ასევეა ოჯახში ძალადობაზეც. ძალიან მძიმე და რთული თემაა. ჩვენ ვეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. მე არ ვირიდებ პასუხისმგებლობას. მეც მყავს შვილები, ყველას გვყავს შვილები და ეს ურთულესი თემაა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება უნდა ჩაერთოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, აღნიშნული საკითხი საჭიროებებს საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობას.

„ცალსახად, შემიძლია გითხრათ, რომ მართლაც სულისშემძვრელია აღნიშნული ფაქტები თავისი სიმძიმიდან გამომდინარე, მაგრამ აღნიშნული საკითხი საჭიროებს საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობას. ერთხელ და სამუდამოდ ავირჩიოთ ის გზა, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი შვილები და მათი მომავალი. რა თქმა უნდა ვგმობ ასეთ ფაქტებს, მაგრამ მარტო დაგმობა არ კმარა. თქვენ ნახეთ, რომ კანონმდებლობაში ცვლილება შევიტანეთ და არასრულწლოვანზე სექსუალური ხასიათის ქმედება უვადო პატიმრობით ისჯება. მთელი ერი ერთ აზრზე ვართ, აღნიშნული საკითხი ყველას აწუხებს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ერთად უნდა დავსხდეთ, მათ შორის ფსიქოლოგები, პედაგოგები და ვფიქრობ, ერთიანად უნდა დავსახოთ ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ვიფიქრეთ, საპარლამენტო რეგულაციებზეც. ერთგვარი პრევენცია განვახორციელეთ, რომ სასჯელი უვადო გახდა, რითაც სახელმწიფომ გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა ამ დანაშაულს. აღნიშნულთან მიმართებაში არ და ვერ განხორციელდება საპროცესო შეთანხმება. ჩვენი კომიტეტი მუშაობს იმაზე, რომ არც ერთ პროკურორს არ შეეძლება, მსგავსი ქმედებაში მხილებულ პირის მიმართ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება ან განრიდება“, - განუცხადა უმრავესლობის წევრმა for.ge-ს და დასძინა, რომ საქმეს ართულებს გაუპატურების ფაქტების დამალვა დაზარალებულების მხრიდან, რადგან ისინი მოძალადის მხრიდან ბულინგის ქვეშ იმყოფებიან.

„სექსუალურად დაზარალებული მოზარდების ცნობიერების ამაღლება აუცილებლად უნდა მოხდეს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აქტიურად განვიხილავთ ისეთ საკითხებს, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკებზე და ნაბიჯებზეა დაფუძნებული და რომელიც ქმედითი იქნება. მოზარდების და ბავშვების ფსიქიკა არის სათუთი და მათთვის დამთრგუნველი რომ არ გახდეს, საჭიროა მოზომილი ნაბიჯები, რა დოზით და როგორ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია.

ამავე დროს, როდესაც ვსაუბრობ ცნობიერების ამაღლებაზე, პირველ რიგში ვგულისხმობ ზრდასრულ ადამიანებს, ეს იქნება დაზარალებულის კანონერი წარმომადგენელი, ახლობელი თუ ნათესავი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ და რევოლუციური გარღვევა უნდა მოხდეს, რათა საბოლოოდ, ცნობიერება ჩამოყალიბდეს ისეთი, რომ არ მოხდეს ერთგვარი ხელის დაფარება, ფაქტის მიჩქმალვა.

რეგიონებში გვაქვს მახინჯ პრაქტიკასთან საქმე. ხშირად ოჯახის წევრები და ახლობლები გვევლინებიან წამახალსებელი თუ დანაშაულის დაფარვის იარაღად, რადგან ფიქრობენ, თითქოს ფაქტის გახმაურებით მათ „ღირსებას“ ჩრდილი მიადგება.

თუმცა, აღვნიშნავ, ეს მიდგომა მცდარია და ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, უფრო მკაცრი ვიქნები და ვიტყვი, რომ ეს არის დანაშაული, რომელთანაც სახელმწიფო შეურიგებელი და უკომპრომისო იქნება. ერთი მხრივ, დანაშაულის ჩამდენი დაისჯება უვადო პატიმრობით, ხოლო მეორე მხრივ, უკომპრომისო და შეუვალი ვიქნებით თვითონ დაზარალებულის ახლობლების, მშობლის თუ მზუნველის მიმართ, რომელიც ასეთი დანაშაულს ხელს დააფარებს. ის პირდაპირ ჩაითვლება დანაშაულის მონაწილედ“, - განუცხადა for.ge-ს ალუდა ღუდუშაურმა.

პარლამენტის წევრის მსგავსად, ფსიქოლოგი ნანა სართანიაც არასრულწლოვნების მიმართ გაზრდილ სექსუალურ ძალადობას იმით ხსნის, რომ საზოგადოებაში განათლების უკმარისობაა.

„დღევანდელი ყოფა ძალიან რთულია, მოვლენები იმდენად დაჩქარებულია, რომ თვალსა და ხელს შუა გვეპარება დეტალები, რომელიც ძალიან მნიშნელოვანია. ვთვლი, საზოგადოებას ცნობიერების ამაღლება არ აწყენდა. ასევე საჭიროა მეტი თანამშრომლობა მოზარდებთან და მეტი საუბრები, პირველ რიგში მშობლებთან. მოგეხსენებათ, გარდატეხის ასაკი რთულია, ამ დროს ორგანიზმში ხდება რევოლუცია და მოზარდები ჩიხში ექცევიან, რადგან არ იციან რა გააკეთონ და გულშემატკივარი არ ჰყავთ. აქ ჩნდება შიშის მომენტი და ამიტომ მთავარია, შიში დაიძლიოს. უნდა მოხდეს განცდების გამოტანა სააშკარაოდ და აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც დაეხმარება მათ. ოღონდ, მთავარია, ვილაპარაკოთ“, - გვითხრა ფსიქოლოგმა და გვიდასტურებს, რომ გაუპატიურების ფაქტების დამალვას საფუძვლად შიში უდევს. ამიტომ ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა საუბრებით უნდა დაიძლიოს.

„როდესაც მსხვერპლზე ძალადობენ, იგი ჩარჩოში ექცევა, რადგან ჰგონია, რომ თავადაა დამნაშავე, მას ჰგონია, რომ თითს მისკენ გაიშვერენ, რადგან დაცინვის ობიექტია და საზოგადოებიდან გარიყულია. თუმცა, ეს ასე არაა, პირიქით, მსხვერპლია და მას დახმარება სჭირდება“, ამბობს ფსიქოლოგი. ამასთან სართანია მიიჩნევს, რომ მსხვერპლი რაც უფრო მეტთან ილაპარაკებს საკუთარ პრობლემაზე, მით უფრო მეტი დამცველი გამოუჩნდება. მისი განმარტებით, მსხვერპლი მოძალადის მხრიდან შანტაჟის ქვეშ ექცევა და დაბულინგებულია. ის პირველ რიგში, მისგან არის დასტრესილი, რადგან სანამ ძალადობა მოხდება, მანამდე ხდება შეშინება და ეუბნებიან: „შენ ამას არ იტყვი“. ანუ, ჯერ თავდაცვა მიდის და შემდეგ - თავდასხმა.

„მოზარდებო, თქვენია ცხოვრება და რაც შეიძლება მეტი ილაპარაკეთ!“ - ურჩევს ფსიქოლოგი ნანა სართანია მოზარდებს.

ამასთან, იმასაც აღნიშნავს, რომ მოძალადეების უვადო პატიმრობა შესაძლოა, სხვისთვის მაგალითი გახდეს, მაგრამ თავად მოძალადეებშიც ფსიქოლოგიური პრობლემა დგას.

„უვადო პატიმრობა შესაძლოა სხვისთვის პრევენციად იქცეს, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც მოძალადესთან ფსიქოლოიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ვინც არ უნდა იყოს და რა ასაკისაც, მას დასჯასთან ერთად მკურნალობაც სჭირდება“, - განუცხადა for.ge-ს ნანა სართანიამ.

მისივე თქმით დედაქალაქისგან განსხვავებით აღნიშნული პრობლემა რეგიონებში უფრო დგას.

„რა თქმა უნდა, ეს არის არასაკმარისი განათლების გამო და აუცლებელია ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული თემა ყოველთვის ტაბუდადებული იყო. დღეს მეტ-ნაკლებად მოიხსნა, მაგრამ რეგიონებში მაინც ტრადიციები არის, როცა არც ინფორმაცია უნდათ მიიღონ და არც უნდათ გასცენ. ეს არის ტაბუდადებული თემა, ამიტომ რეგიონებში პრობლემები გვაქვს. რაც უფრო მეტი ცნობადობა იქნება, მეტად გადარჩება ყველაფერი“, - გვითხრა ფსიქოლოგმა.

ცნობისთვის, სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ 13 წლის მოზარდმა გორში 50-წლამდე მამაკაცისგან შვილი გააჩინა. სამართალდამცველებმა 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში 49 წლის კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 49 წლის კაცს 12 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდა. მან რამდენიმე თვის წინ იმშობიარა და ახლა 13 წლისაა. თბილისის სოციალურ სააგენტოს ფაქტის შესახებ დედაქალაქის ერთ-ერთმა სამშობიარო სახლმა აცნობა. ამ დროისთვის მოზარდი ჩვილთან ერთად საცხოვრებლად თავშესაფარშია გადაყვანილი.

გოგონას მშობლები დევნილები არიან და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაასახლეს, სადაც 10 წელი გაატარეს. თუმცა ბოლო პერიოდი ოჯახი ძირითადად თბილისში ცხოვრობდა. სოფელს კი ხშირად სტუმრობდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოზარდის დედას დედობის უფლება შეუჩერდა.

მანამდე კი, რამდენიმე კვირის წინ ქობულეთში 14 წლის გოგონამ სექსუალური ძალადობის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია, როგორც მოძალადე, ასევე გოგონას ბაბუა, რომელიც მოზარდს აღნიშნული ინფორმაციის დამალვისკენ მოუწოდებდა და მასზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად იძალადა.