პოლიტიკური დიალოგი - ვინ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს

პოლიტიკური დიალოგი - ვინ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს

საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე ათი დღე რჩება. პოლიტიკურად დაპირისპირებულმა მხარეებმა სასურველია შეთანხმებას სწორედ ამ ვადაში მიაღწიონ. 16 მარტს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან - ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კონკრეტული შეთანხმებით უნდა შეხვდეს. მანამდე კი, მხარეებს შორის დიალოგი უნდა შედგეს, თუმცა მოლაპარაკებების გამართვის კონკრეტული თარიღი ამ დრომდე არ დასახელებულა.

„განსაკუთრებული იმედი მაქვს იმ ახალი ფუნქციის, რომელიც ევროკავშირმა საკუთარ თავზე აიღო - რომ წინადადებები არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ან ოპოზიციის მხრიდან, არამედ, ევროკავშირის მიერაც შეიძლება, დაიდოს. ამიტომ, იმედიანად ვარ განწყობილი. ერთ თუ ორ კვირაში იქნება, მაქსიმუმ ვადას ვიღებ მარტის ბოლომდე, რომ შეთანხმება შედგეს“ - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ მოლაპარაკებებს დიდი რესურსი გააჩნია.

„მიუხედავად ამისა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ორი მხარე ისურვებს, რომ მოლაპარაკებამ კონკრეტული შედეგები გამოიღოს. სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან კვლავ ვერ ვხედავთ შემხვედრ პოზიციებს. მოლაპარაკებებს შედეგი ექნება, თუ „ქართული ოცნება“ შესაბამის ძალისხმევას გაიღებს“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტამდეც და ვიზიტის შემდეგაც, კონსტრუქციული დიალოგის მზაობას გამოთქვამდნენ, თუმცა, ერთი პირობით: ოპოზიციას ულტიმატუმის ენა უნდა შეეცვალა და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მისულიყო მოლაპარაკების მაგიდასთან.

„შარლ მიშელთან შეხვედრისას, ჩვენმა ოპონენტებმა ჩამოწერეს ის ექვსი პუნქტი, რომელიც შემდეგ გასაჯაროვდა კიდეც. ამ ექვსიდან ოთხს ჩვენ უკვე ვასრულებთ: ერთია საარჩევნო რეფორმა, მეორე - საგამოძიებო კომისია, მესამე - რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისია დაადგენს 1%-იან სხვაობას და მეოთხე - კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობა, რასაც ჩვენ ასევე ვაცხადებთ“ - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ იურიდიული საფუძველი უნდა შეიქმნება იმისთვის, რომ დამტკიცდეს, გაყალბდა თუ არა არჩევნები.

„ამის გარეშე, არ შეიძლება, პლებისციტმა სამართლიანი სურათი მოგვცეს. პლებისციტთან, ადგილობრივი არჩევნების მონაცემებთან დაკავშირებით, ცხადია, მსჯელობა ღირს. შეიძლება, მოლაპარაკებების მაგიდასთან, ამასთან დაკავშირებით, არგუმენტები ორივე მხარეს ჰქონდეს, მაგრამ ის, რომ ულტიმატუმი აუცილებლად უნდა შესრულდეს და სააკაშვილი ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ცხადია, განსახილველი თემა ვერ იქნება“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.