გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ჩანაწერზე: უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ დაადგინოს ჩანაწერის ავთენტურობა

გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ჩანაწერზე: უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ დაადგინოს ჩანაწერის ავთენტურობა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესახებ, გამოძიება უნდა დაიწყოს და საერთაშორისო ექსპერტიზა დაინიშნოს.

„რა თქმა უნდა, შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელია აუდიოჩანაწერების შინაარსი, მაგრამ, ისევე, როგორც სხვა ჩანაწერებთან დაკავშირებით, უნდა ვთქვა, რომ უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ ამ ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დაადგინოს. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ექსპერტიზა უნდა გაკეთდეს, რადგან მასში მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულნი. საქართველოში არაფერს აღარ აქვს ნდობა და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სასურველი მიზნის მისაღწევად, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი კვლავ უკანონო გზით მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს მიმართავს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ფალსიფიცირებული ჩანაწერით ცდილობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2012 წლამდე არსებული აუდიოჩანაწერის გავრცელების მიზანია, გაჩნდეს საზოგადოებაში დაბნეულობა და გაურკვევლობა. აქვე განმარტავენ, რომ კიევში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დაწერილი გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა.