კელი დეგნანი: მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, არსებობს ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება

კელი დეგნანი: მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, არსებობს ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას აღნიშნა, რომ ორივე მხარეს აქვს სურვილი, გამოსავალი მოიძებნოს და მოთხოვნებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერი საუბარი გაგრძელდეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

კელი დეგნანის თქმით, ამ თვალსაზრისით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩი ამბობს, ეს ვიზიტი მოწმობს, რამდენად შეწუხებულები და დაინტერესებულები არიან საქართველოს მეგობრები.

დეგნანი დარწმუნებულია, რომ შედეგის მისაღწევად საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს.

„გამოსავლის მოსაძებნად სურვილი არსებობს. ეს ძალიან კომპლექსური პრობლემებია. ადამიანებს აქვთ დიდი აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა ვნახე, რომ ყველა მხარეს აქვს სურვილი, მოიძებნოს გამოსავალი და გაგრძელდეს ერთმანეთთან კეთილსინდისიერი საუბარი მოთხოვნებზე, თუ რა სჭირდებათ მათ შეთანხმებისთვის, რომელიც ყველასთვის კომფორტული იქნება.

ძალიან სასარგებლო იყო, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში. ეს აჩვენებს, რაოდენ შეწუხებულები და დაინტერესებულები არიან საქართველოს მეგობრები. ჩვენ ვნახეთ იგივე სულისკვეთების განცხადებები კონგრესის წარმომადგენლების მხრიდან და საქართველოს სხვა მეგობრებისგან. მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ოპოზიციისთვის მთავარ მოთხოვნებად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ დესტრუქციული ნაბიჯებით თავად ოპოზიცია აფერხებს მოლაპარაკებების პროცესს.