ტაილანდში სამხედრომ ზღვაში ცეცხლწაკიდებული გემიდან 4 კნუტი გადაარჩინა

ტაილანდში სამხედრომ ზღვაში ცეცხლწაკიდებული გემიდან 4 კნუტი გადაარჩინა

ტაილანდელმა მეზღვაურებმა ცეცხლმოკიდებული გემიდან 4 კნუტი გადაარჩინეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ კო ადანგთან მოხდა. გემს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაძირვა დაიწყო. ეკიპაჟის რვავე წევრმა ზღვაში გადახტომა მოასწრო, რის შემდეგაც ისინი მეთევზეებმა გადაარჩინეს და ნაპირამდე მიიყვანეს. მაგრამ მეზღვაურებს გემზე მცხოვრები კატები არ გახსენებიათ.

ამის შემდეგ ადგილზე ნავთობის შესაძლო დაღვრის შესამოწმებლად სამხედრო ფლოტის წარმომადგენლები მივიდნენ. გემი უკვე ნახევრად ჩაძირული იყო. სწორედ სამხედროებმა შეამჩნიეს შეშინებული ცხოველები, რომლებიც ხანძრისგან მოშორებით ისხდნენ. ერთ-ერთი მეზღვაური მათ გადასარჩენად წყალში გადახტა, კატები სათითაოდ ზურგზე შემოისვა და თავის გემზე გადაიყვანა.

კატები თავს კარგად გრძნობენ და კუნძულ კო ლიპეზე, ტაილანდის ფლოტის ბაზაზე იმყოფებიან.