ნიუ-იორკში ბენკსის ნამუშევარი $95 ათასად იყიდეს და პირდაპირ ეთერში დაწვეს

ნიუ-იორკში ბენკსის ნამუშევარი $95 ათასად იყიდეს და პირდაპირ ეთერში დაწვეს

ბლოქჩეინ-კომპანიამ Injective Protocol ბენკსის ტრაფარეტი, სახელწოდებით Morons (White) 95 ათას დოლარად იყიდა და პირდაპირ ეთერში დაწვა. ამის შესახებ CBS News-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, კომპანია ასეთ ნაბიჯზე ვირტუალური აქტივის - NFT-ტოკენის შექმნის მიზნით წავიდა. ტოკენი ბლოქჩეინზე შექმნილი ციფრული აქტივია და საგნის ორიგინალობის გარანტს წარმოადგენს. ტოკენი უნიკალურია, მისი ასლის შექმნა შეუძლებელია, ერთი NFT-ს ფასი სხვების ღირებულებაზე დამოკიდებული არ არის. NFT-ის სახით ფოტოებს, ვიდეოებს, ხელოვნების ციფრულ ნიმუშებს უშვებენ.

ბენკსის ტრაფარეტის დაწვის შემდეგ Injective Protocol-მა მისი NFT-ტოკენი შექმნა, რომელსაც 4 მარტს აუქციონზე გაიტანენ. ვაჭრობა 9 მარტამდე გაგრძელდება, მიღებულ თანხას კი ქველმოქმედებაზე დახარჯავენ.

ბენკსიმ Morons (White) 2007 წელს შექმნა. ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირების სატირაა. შავ-თეთრ ტრაფარეტზე აუქციონია გამოსახული, რომლის მთავარი ლოტიც ნახატია, წარწერით: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ბრიყვები, ამ სისულელეს ყიდულობთ“.

ბენკსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხატვარი მისი ნამუშევრის დაწვის გეგმების შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.