დედობა ცალკე პროფესიაა, ის ყველა პროფესიაზე რთული და ამავდროულად სასიამოვნოც არის. ქართველი პოლიტიკოსი დედები, დედის დღესთან დაკავშირებითაც იმდენად საქმიანები აღმოჩნდნენ, რომ for.ge-ს ზარებს არ პასუხობდნენ. მხოლოდ ორ ქალბატონთან მოვახერხეთ დაკავშირება და მათგან შევიტყვეთ რამდენად რთულია იყო წარმატებული ქალი და ამავდროულად წარმატებული დედა.
მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი სამი შვილის დედაა. როგორც მან for.ge-ს განუცხდა, ის „ხარისხიანი დედაა“ და დროის სიმცირს მიუხედავად, შვილებს სწორ ღირებულებებს ასწავლის.
„იყო დედა, უკვე პასუხისმგებლობაა, ამიტომ ნებისმიერი სხვა აქტივობა დამატებით ორმაგი დატვირთვაა. ბავშვობიდან მომწონდა აქტიური ქალები და ყოველთვის მინდოდა მეც დამემტკიცებინა, რომ ქალს დედობა და წარმატებული კარიერა ერთობლივად შეეძლო ეტვირთა. სულ ვამბობ, რომ ხარისხიანი დედა ვარ. დროის სიმცრის მიუხედავად, შვილებს ვაძლევ იმ მნიშვნელოვანს, რასაც სიყვარული და სწორი ღირებულებები ჰქვია“, - გვითხრა მმართველი გუნდის წევრმა.
„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერს, ანა დოლიძეს ერთი შვილი ჰყავს, თუმცა მალე მეორე შვილსაც ელოდება. როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, დედობაზე საუკეთესო პროფესია არაფერია.
„წარმატებული კარიერასთან ერთად იყო წარმატებული დედა, ეს რთული მოსახერხებელია. საბოლოო ჯამში ორივეგან კომპრომისის გაკეთება გიწევს. მაგრამ, ახალაზრდა ქალებს სულ ვეუბნები, რომ ეცადონ, იქნებ, ორივე მოახერხონ. მე ძალიან გამიმართლა, რადგან დიდი მხარდაჭერა მაქვს. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ტრენინგებზე ასწავლიან ქალებს, არის ამ მხარდაჭერის მობილიზების სწავლა. ანუ, სწავლა - როგორ სთხოვო დახმარება ახლობელს, ეს იქნება თანაშრომელი, ახლობელი თუ ოჯახის წევრი.
მეორე - ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგომარეობა. ჩემს შემთხვევაში ეს განათლების მეშვეობით მოვიდა. ამის გარეშე ძალიან რთულია, რადგან დედობა ათას ხარჯთან და ეკონომიკურ დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული.
მესამე - სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობაა საჭირო. ჩემს შემთხვევაში კარგ სკოლაში ვისწავლე. ახლა, რა მოხდა საქართველოში - პირადად მშობლების ტვირთი გახდა ბავშვების განათლება. ბაღი ერთი წელი არ იყო. ამან ძალიან ბევრი ადამიანის მატერიალური მდგომარეობა უკან დახია. ბაღები და სკოლები ერთი წელი რომ არ იყო, ბავშვების განათლება მშობლებმა აიღეს საკუთარ თავზე“, - გვითხრა ანა დოლიძემ.
პოლიტიკოსს შვილი სახელით არ მიმართავს. როგორც ანა დოლიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, არ უყვარს, როდესაც ბავშვი მშობელს სახელით მიმართავს.
„დედათი მომმართავს. არ მიყვარს, როდესაც სახელით მიმართავენ მშობლებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძე შვილის რჩევებს იღებს, განსაკუთრებით აზარტული თამაშების შესახებ და მის რჩევებსაც ითვალისწინებს.
„ვიღებ რჩევებს. როდესაც საჯარო სივრცეში ჩემს ნათქვამს წააწყდება, თავისის აზრს აუცილებლად გამოხატავს. მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან მისდევს და თვალს ადევნებს ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებას, არა. რაღაც თემებზე - კი. აზარტული თამაშების თემები ძალიან აინტერესებს. უფრო იმიტომ, რომ გეიმები და აზარტული თამაშები ერთი ჯგუფია. მეც ამაზე ვამახვილებ ყურადღებას და როცა საკუთარ აზრებს მიზიარებს, ვითვალისწინებ“, - განაცხადა პოლიტიკოსმა ქალბატონმა.