„ილიჩოვა–მელაშვილის საქმეში ძალიან ბევრია გამოსაძიებელი და დასადგენი, არა მარტო დავითგარეჯის მიმართულებით“

„ილიჩოვა–მელაშვილის საქმეში ძალიან ბევრია გამოსაძიებელი და დასადგენი, არა მარტო დავითგარეჯის მიმართულებით“

„სააკაშვილს შეეძლო დათანხმებულიყო ილჰამ ალიევის თხოვნას და ყველაფერზე წასულიყო“, – აცხადებს ა–ო „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პეტრე მამრაძე. მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ კომისია მუშაობდა, უშიშროების სხდომაზე რეგულარულად ისმენდა მოხსენებებს როგორ მიმდინარეობდა პროცესები და შევარდნაძემ და ალიევმაც ისე დაასრულეს თავისი პოლიტიკური კარიერა, რომ თემას ხელი ვერ ახლეს.

for.ge პეტრე მამრაძეს ესაუბრა.

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ამ ადამიანების მოუხდის ბოდიშს, იმიტომ, რომ დანაშაულია მათ წინაშე ჩადენილი. მელაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, აქეთ გვამუნათებს: „რაც შენი არ არის, არ შეიძლება მოითხოვო“. ასევე გვაქვს 2007 წელს სააკაშვილის ცნობილი განცხადება, რომ სტრატეგიული სიმაღლეები აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა მოექცეს, რადგან სჭირდებათ...

პეტრე მამრაძე: რაც შეეხება სააკაშვილს და მის ცნობილ განცხადებებს დავითგარეჯთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სააკაშვილს შეეძლო დათანხმებულიყო ილჰამ ალიევის თხოვნას და ყველაფერზე წასულიყო. სააკაშვილის ინტერესები ყველასთვის ცნობილია, ეს იყო გამდიდრება. ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია. რამდენი რამ მსმენია „სოკარ ჯორჯიასთან“ დაკავშირებით, რომ იქ სააკაშვილის და მისი ოჯახის ინტერესებია ჩადებული.

სულ სხვა თემაა დავითგარეჯის საქმე. 1996 წელს გარკვეული მოლაპარაკება იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის. მაშინ შევარდნაძე და ალიევი ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობდნენ იმ დიდ პროექტებთან დაკავშირებით. ურთიერთობა იყო საუცხოო, ბოლომდე გვერდში ედგნენ ერთმანეთს და ამის მოწმე ვარ.

როდესაც ხელი მოეწერა და პირველი ნაბიჯები გადაიდგა ბაქო–ჯეიჰანის მიმართულებით, მაშინ ალიევმა თქვა ასეთი სიტყვები: „ნავთობი კი ჩვენია, მაგრამ ედუარ შევარდნაძის გარეშე ვერ გავიტანდით ვერსად“. მათ მოილაპარაკეს იმაზე, რომ პრობლემა არ შექმნოდა სასულიერო პირებს, რომ სადავო ტერიტორიაზე ასულიყვნენ და წირვაც აღევლინათ. თავისუფალი მიმოსვლა ყოფილიყო ყოველგვარი მესაზღვრეების გარეშე და ეს ასე გრძელდებოდა.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კომისიები მუშაობდა, უშიშროების სხდომაზე რეგულარულად ვისმენდი მოხსენებებს როგორ მიმდინარეობდა ეს ყველაფერი, შევარდნაძემ და ალიევმაც კი ისე დაასრულეს თავისი პოლიტიკური კარიერა, რომ თემას ხელი ვერ ახლეს. შევარდნაძე ისე გადადგა, რომ დემარკაცია და დემილიტაცია ვერ განახორციელეს, ძვრა არ იყო.

სააკაშვილის დროს კაცმა არ იცის, როგორ რა მოხდა. შეიძლება სიტყვიერად დათმო. კარტოგრაფები ვერ წყვეტდნენ საკითხს, აქ საკითხს წყვეტდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. სულ არ გამიკვირდება, რომ სააკაშვილს ფული აეღო, ადამიანს, რომელმაც კოდორის ხეობაზე თქვა, რომ მივიდა მტერი და დახვდა ქვა და ღორღი, როცა მანამდე აცხადებდა, რომ კოდორი ჩვენი საყრდენი იყო, აფხაზეთის ზურმუხტი იყო და ა.შ. ყველაფერზე წამსვლელია.

2007 წელს აზერბაიჯანულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილს ორასი მილიონი მისცა სესხის სახით 25 წლით და ეს იყო ერთ პროცენტიანი სესხი. თანხა გამოყოფილი იყო ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზისთვის, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, თანხა მისცეს ქეშად. როგორ ფიქრობთ, ეს თანხა იყო გარეჯის სანაცვლოდ?

– პირველად მესმის, რომ ქეში მისცეს. მე მახსოვს, რომ აზერბაიჯანიდან ორჯერ აიღეს სესხი, თან ძალიან დიდი თანხები, 200, 400 მილიონი. მე სააკაშვილისგან განსხვავებით ხელის დადება არ შემიძლია, თუ ამის შესაბამისი საბუთები არ მაქვს. გახსოვთ, სააკაშვილი როგორ აფრიალდებდა სახლების ფოტოებს და აცხადებდა, რომ ეს კორუმპირებული მთავრობის სახლებიაო და მერე არც ერთხელ არ უთქვამს ვისი სახლები იყო. მე ასე არ შემიძლია, მაგრამ მე ვიცი რაც ხდებობდა.

რა ხდებობდა?

– როდესაც ლონდონის ბირჟაზე აიღეს კრედიტი, არადა უკვე ფონს გავდიოდით და მთლიანად ვიხდიდით ჩვენს საგარეო ვალს, აქედან რამდენი მილიარდი დოლარი მიისაკუთრა სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა? ჩვენ მოვისმინეთ თემურ ალასანიას და მიშა სააკაშვილის სატელეფონო საუბარი, სადაც თემურ ალასანია ეუბნება, რომ სასწრაფოდ ჩამოდი, მაიამიში ტრამპის გვერდით კოტეჯებს ვყიდულობთო. შემდეგ იყო მეორე საუბარი, სადაც თემურ ალასანია უკვე თავის დას, გიული ალასანიას ეუბნება, რომ სანდრა რუსლოვსი ჩამოვიდა, ითხოვს, რომ ყველაზე კარგი კოტეჯი ჩემი უნდა იყოს და ჩამაბარე გასაღებიო.

მე, გეკითხებით, მაიამიში, თან ტრამპის გვერდით კოტეჯები რა ეღირება? როდესაც სააკაშვილი საბერძნეთის წყლებში საკუთარი იახტით დააკავეს, რომელიც შესაბამისი ქალბატონებით იყო გატენილი და ეს იახტა 15 მილიონ დოლარად შეფასდა, ეს რა, პრეზიდენტის ხელფასიდან იყიდა?! ამიტომ, რაც შეეხება სააკაშვილს და ამ ოჯახს, აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია.

მაგ პერიოდში მაჩვენეს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც სააკაშვილის ეგიდით დაიბეჭდა. იქ ეწერა, რომ 1873 წელს, როდესაც აჭარა დაუბრუნდა საქართველოს, ეს იყო თურმე პეტერბურგის უბინძურესი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ორი მოძმე ხალხის – თურქების და ქართველების ერთმანეთზე გადაკიდებას. ეს ჩემი თვალით მაქვს წაკითხული. იცით, რომ გიული ალასანიას თურქეთის ხელისუფლებამ უმაღლესი ჯილდო გადასცა, ურთიერთობების განვითარებისათვის. ასე რომ, ილიჩოვა–მელაშვილის საქმეში ძალიან ბევრია გამოსაძიებელი და დასადგენი. და არა მარტო დავითგარეჯის მიმართულებით, არამედ სხვა მიმართულებითაც.

რაც შეეხება აზერბაიჯანიდან აღებულ 1%-იან კრედიტს, ვიცით, რომ არ მომხდარა ამ თანხის დანიშნულებისამებრ გამოყენება. 2014 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე აზერაიჯანის მიერ გამოყოფილი თანხის არაკანონიერად ხარჯვის თემაზე, მაგრამ გამოძიებას შედეგი არ დაუდია. გამოძიების მასალებში საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანმა ჯამში 555 მილიონი მისცა, ოფიციალური დოკუმენტებით ეს თანხა რკინიგზისთვის იყო გამოყოფილი, გვახსოვს, რომ ეზუგბაიას პრობლემები ჰქონდა. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ იყო გარეჯის სანცვლოდ მიღებული დივიდენდები?

– რა თქმა უნდა, ილჰამ ალიევი და აზერბაიჯანული მხარე სააკაშვილის ასეთ თანხებს პირადი ინტერესების გარეშე არ გადასცემდა, ეს გამორიცხულია. აბა საიდან დაუგროვდა სააკაშვილს და მის ოჯახს ასეთი თანხები? როგორ მოხდა, რომ უცხოური პრესიდან ვიგებთ, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარი დავით კეზერაშვილის ანგარიშზე, სულ ცოტა, მილიარდ ნახევარი დოლარი ირიცხება? მინისტრის თანამდებობიდან წასული კეზერაშვილი სულ რამდენიმე თვეში მილიარდერი გახდა. როდესაც დააკავეს კეზერაშვილი, გვახსოვს, სააკაშვილმა წერილი მისწერა ობამას, სადაც წერდა, რომ ჩვენი პარტიის ძირითადი დამფინანსებელია და გაუშვითო.

გასაგებია, მაგრამ როგორ ხდებოდა მაშინ გადაწყვეტილებების მიღება? 2007 წელს სააკაშვილის ცნობილი განცხადების შემდეგ - „სტრატეგიული სიმაღლეები უნდა მოხვდეს აზერბაიჯანის მხარეს, რადგან აზერბაიჯანს სჭირდება“ - იწყება პრობლემები. რთულია იმის თქმა, რომ სააკაშვილი სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებდა. იყო ფინანსური ინტერესები? რის საფუძველზე მოხდა ასეთი შეთანხმება აზერბაიჯანთან?

– პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. სააკაშვილს პირადი კავშირები ჰქონდა ალიევთან, შეუძლებელია არ ყოფილიყო ფინანსური ინტერესები. მიუხედავად ასეთი ღალატისა სააკაშვილის მხრიდან, ვერც ილიჩოვა და ვერც მელაშვილი გავლენას ვერ მოახდენდნენ, ამას მაინც არ მოჰყვა საბუთის შექმნა. საბუთი რომ დადებულიყო, თუნდაც არა სააკაშვილის, არამედ მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბეჟაშვილის მიერ, ან კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით, ასეთი არ ყოფილა. დელიმიტაციის საკითხში ძვრა არ არის დღემდე, აი, რაშია საქმე.

სააკაშვილის ნაწილში რატომ არ იწევს გამოძიება წინ, იგივე დავითგარეჯის ნაწილში? სახელმწიფოს პოზიცია იყო მაშინ ასეთი, რომ გარეჯი არ არის საქართველოს ნაწილი. ეს გვითხრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ, მანამდე გოკა გაბაშვილმა, სააკაშვილის ნებართვის გარეშე ასეთ განცხადებას ვერ გააკეთებდნენ, ეს ხომ ცხადია. როგორ ფიქრობთ, გარეჯის ნაწილში გამოძიება მივა სააკაშვილამდე?

– კალანადაძე, რურუა, გაბაშვილი და სხვები ასეთ განცხადებებს სააკაშვილის პირადი დავალებით აკეთებდნენ. ეს იყო სააკაშვილის ხელწერა. რაც შეეხება გამოძიებას, ძალიან მეეჭვება, გაცილებით მარტივი და აშკარა საქმე ვერ გამოიძიეს და გარეჯის შემთხვევაში, როცა ხელმოწერილი საბუთი არ არსებობს, მეეჭვება გამოიძიონ. სააკაშვილის დროს დემარკაცია–დელიმიტაციის საკითხი არ დამთავრებულა, როგორც იყო ღიად, ასე დარჩა.

გასაგებია, რომ სააკაშვილის დროს გამოჩნდნენ მესაზღვრები გარეჯში, ეს უკვე არის ფაქტი, მაგრამ დოკუმენტი? ალიევი იტყვის, რომ სააკაშვილს ზეპირად შევუთანხმდითო? მეეჭვება „ოცნების“ ხელისუფლებამ, რომელმაც ბევრი საქმე არ გამოიძია, დავითგარეჯის საქმე გამოიძიოს ისე, რომ გამოჩნდეს სააკაშვილის პირადი ბრალეულობა, რომელიც ასევე დამტკიცებული იქნება სასამართლოთი.

Katana . ჭკვიანი, ღრმად ინფორმირებული კაცი, რომლის საუბრებსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ვუსმენ.
(უკეთესი იქნებოდა, მთავრობის წევრებიც უსმენდნენ და ყურად იღებდნენ მის ნაუბარს!)
3 წლის უკან