რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
შოტლანდიელი მწერალი უილიამ ბოიდი აგენტ 007-ზე ახალ რომანს დაწერს.
ბოიდის კანდიდატურა იან ფლემინგის ფონდმა შეარჩია. იან ფლემინგი ბონდის შესახებ 12 რომანის ავტორია.
უილიამ ბოიდი მესამე მწერალია, რომელსაც ფონდი ბრიტანულ აგენტზე წიგნის დაწერის თხოვნით დაუკავშირდა.
დღემდე ჯეიმს ბონდზე ჯეფრი დივერის წიგნები - „კარტ-ბლანში" (2011), სებასტიან ფოლკსის „ეშმაკს არ უყვარს ლოდინი" (2008) გამოვიდა. „ეშმაკს არ უყვარს ლოდინი" ბესტსელერად იქცა.
ბოიდი წინადადებას დაუფიქრებლად დათანხმდა და აღნიშნა, რომ ასეთ შემოთავაზებას მწერალი ცხოვრებაში ერთხელ იღებს. ჯეიმს ბონდის შესახებ რომანებიდან მას ყველაზე მეტად „რუსეთიდან სიყვარულით" მოსწონს.
„Jan Fleming Publications" -ში თავის მხრივ განაცხადეს, რომ ბოიდის სტილი ფლემინგის მანერასთან ძალიან ახლოსაა.
ახალი რომანის მოქმედება 1960-იან წლებში განვითარდება, ბოიდი ჯეიმს ბონდის კლასიკურ იმიჯს დაუბრუნდება.
ახალი ნაწარმოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება.