ქლოა ჩჟაო ისტორიაში მეორე რეჟისორი ქალი გახდა, ვისაც ოქროს გლობუსი გადაეცა

ქლოა ჩჟაო ისტორიაში მეორე რეჟისორი ქალი გახდა, ვისაც ოქროს გლობუსი გადაეცა

თბილისის დროით პირველი მარტის დაახლოებით დილის 8 საათზე ოქროს გლობუსის 2021 წლის ცერემონია დასრულდა. წლევანდელ დაჯილდოებაზე ქლოა ჩჟაო საუკეთესო რეჟისორად დასახელდა და ამით მან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა: ის მეორე ქალი გახდა, ვისაც ამ ნომინაციაში ოდესმე გაუმარჯვია.

რეჟისორმა ეს წარმატება ფილმით Nomadland (მომთაბარეთა ქვეყანა) მოიპოვა, რომელიც ასევე წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა.

ოქროს გლობუსის წლევანდელი დაჯილდოება ისტორიული იყო იმითაც, რომ პირველად იყო საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში სამი ქალი წარდგენილი: ქლოა ჩჟაოსთან ერთად გამარჯვებისთვის იბრძოდნენ რეჯინა კინგი ფილმით One Night in Miami და ემირალდ ფენელი ფილმით Promising Young Woman.

78-წლიანი ისტორიის მქონე ამ დაჯილდოებაზე აქამდე საუკეთესო რეჟისორად ქალი მხოლოდ 1984 წელს დასახელდა: ბარბარა სტრეიზანდი ფილმისთვის Yentl. მას წელს უკვე ქლოა ჩჟაოც შეურთდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ამ რეჟისორის პირველი დიდი წარმატება არ არის: 2020 წელს მისი კინოსურათი მომთაბარეთა ქვეყანა ასევე საუკეთესო ფილმად დასახელდა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე.