„მეორე ტალღის დროს არც ერთ პროგნოზსა და სცენარში საქართველოში 5 ათასი შემთხვევა განხილული არ ყოფილა“

„მეორე ტალღის დროს არც ერთ პროგნოზსა და სცენარში საქართველოში 5 ათასი შემთხვევა განხილული არ ყოფილა“

„კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში სკოლა არასოდეს განიხილებოდა, როგორც ეპიდაფეთქების წყარო. დღესდღეობით სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმე ადამიანი, რომელიც ყველა კომპონენტს შეამოწმებს, დაწყებული ნიღბის ტარებით, დამთავრებული დისტანციის დაცვით, შესვენებისას ერთად თავმოყრის აკრძალვით, ხელების ხშირი დამუშავებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში თსსუ-ს პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

განათლების სამინისტრომ გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა მოსწავლეებისთვის, მაგრამ მშობლებს მაინც ეშინიათ სკოლებში შვილების გაგზავნა და არჩევანი ცუდსა და უარესს შორისაა. პირადად თქვენ რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს და რა უკეთესია, სკოლაში გაგზავნონ შვილები, თუ დისტანციური სწავლება გააგრძელონ?

- აუცილებლად მიმაჩნია, რომ მანამ, სანამ ბავშვს გაუშვებდნენ სკოლაში, მშობლებმა ჯიდევ ერთხელ შეახსენონ და კარგად ასწავლონ შვილებს, როგორ უნდა გაიკეთონ ნიღაბი, როგორ მოიხსნან, სახეზე როგორ დაიმაგრონ სწორად, ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ ნიღბის გაკეთების წინ ხელები უნდა დამუშავდეს. კარგი იქნება, თუ მშობელი ბავშვს სკოლაში გაატანს ხელის დასამუშავებელ საშუალებას, ვინაიდან წამდაუწუმ ბავშვი ვერ ირბენს საპირფარეშოში ხელების დასაბანად. ანუ აუცილებელია კარგად დამუშავებული ხელები, ნიღბის მოხსნისა და გაკეთების ცოდნა და, რაც მთავარია, არ უნდა დაირღვეს ნიღბის გაკეთების ხანგრძლივობა, დღევანდელი რეკომენდაციით, ეს არის 4-6 საათი. თუკი სასწავლო პროცესი გაგრძელდება ამ პერიოდზე მეტი ხნის განმავლობაში, ბავშვს უნდა ჰქონდეს მეორე ნიღაბიც, რომ გამოიცვალოს სკოლაში და მთელი დღის განმავლობაში ერთი ნიღაბი არ ეკეთოს.

კორონავირუსის გადაცემა ძალიან ხშირია კვების მომენტში, როცა რამდენიმე ადამიანი პირბადის გარეშეა საერთო მაგიდასთან. ამ მხრივ მოსწავლეებმა როგორ უნდა აიცილონ ეს საფრთხე და როგორ უნდა გაძლონ საკვების გარეშე?

- კორონავირუსის გადაცემის მხრივ ერთ-ერთი რისკი არა მხოლოდ სკოლაში, ზოგადადაც, არის კვების პროცესი, როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთმანეთთან ახლოსაა მაგიდასთან განთავსებული და საკვებს მიირთმევს. კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით, დღეში 15-წუთიანი კონტაქტი უკვე რისკს წარმოადგენს, შესაბამისად, თუ კვების პროცესი 15 წუთზე დიდხანს გრძელდება, მაშინ ინფიცირების რისკი ძალიან მაღალია. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ სკოლის მოსწავლეები საკვებს მიიღებენ არა ერთად, არამედ ინდივიდუალურად, საკუთარ მერხებზე, სახლიდან წაღებული, წინასწარ მომზადებული და დაფასოებული პროდუქტით. დაუშვებელია, სასადილოს ან ბუფეტის ტიპის თავშეყრის ადგილი იყოს გამოყენებული 20-25 ბავშვის ერთობლივი კვებისთვის. ყველაზე იდეალურია, შესვენებაზე სახლებში გადავიდნენ, იქ იკვებონ და შემდეგ ისევ დაბრუნდნენ სკოლებში, მაგრამ ეს რეკომენდაცია ჩვენთან პრაქტიკულად შეუსრულებადია.

რაც შეეხება ჰიბრიდულ სწავლებას, უმჯობესია, სკოლებში იარონ ბავშვებმა, თუ დისტანციურად განაგრძონ სწავლა?

- აქ უნდა გავითვალისწინოთ, რამდენი ხნით ვგეგმავთ ამ რეჟიმში სასწავლო პროცესის გაგრძელებას. არავის აქვს იმის ილუზია, რომ პანდემია ერთ-ორ თვეში დასრულდება. ჩვენი მზაობა უნდა იყოს იმისთვის, რომ 2021 წელი ისევ პანდემიის წელი იქნება, დიდი იმედი გვაქვს, რომ შემთხვევები შემცირდება და აღარ იქნება 400-500 ყოველდღიური შემთხვევა, მაგრამ მაინც 2021 წლის განმავლობაში საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, დაფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები. ამიტომ ან ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, სასწავლო პროცესი განახლდეს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით ან ისევ დისტანციურ რეჟიმში უნდა გადავიდეთ. აქ არა მარტო რეკომენდაციების მიცემაა საჭირო, არამედ ყველაზე აუცილებელია ამ რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგი. სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმე ადამიანი, რომელიც ყველა კომპონენტს შეამოწმებს, დაწყებული ნიღბის ტარებით, დამთავრებული დისტანციის დაცვით, შესვენებისას ერთად თავმოყრის აკრძალვით, საკვების ერთად მიღების აკრძალვით, ხელების ხშირად დამუშავებით, ტუალეტში რიგითობის დაცვით. თუ ეს მონიტორინგი განხორციელდება და ბავშვები და მასწავლებლები რეკომენდაციებს დაიცავენ, რისკი მინიმალურია. ცნობილი ფაქტია, რომ სკოლა არასოდეს განიხილებოდა, როგორც ეპიდაფეთქების წყარო. არც პირველი და არც მეორე ტალღის დროს სკოლა არ არის დაფიქსირებული, როგორც ეპიდაფეთქების განმაპირობებელი. ასეთი უფრო ხშირად იყო სხვადასხვა დაწესებულებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, საყოფაცხოვრებო (ოჯახური) შემთხვევები, რესტორნები, მაგრამ არა სკოლა. ზოგადად, ბავშვებში კორონავირუსის მიმღებლობა დაბალია. თუკი ჩვენ ბავშვების ამ თავისებურაბას შევუსაბამებთ ნიღბის სწორად ტარებას, დისტანციის დაცვას, ხელების ხშირ დამუშავებას, მაშინ რისკი მართლაც მინიმალურია. მით უმეტეს, როგორც ვიცი, მასწავლებლები განიხილება იმ კატეგორიად, სადაც ვაქცინაციის პროცესი პირველ რიგში ჩატარდება, ასე რომ, თუ ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში მივიღებთ უსაფრთხო გარემოს სკოლაში, ვაქცინირებული მასწავლებელი არ იქნება ინფექციის წყარო და ბავშვებიც რეკომენდაციებს დაიცავენ, ინფექციის რისკი მინიმალური იქნება.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, პირბადის ტარებისას მოსწავლის ასაკია გასათვალისწინებელი. დაბალი კლასების ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის პირბადის გამოყენება, მე- 5 კლასიდან ზემოთ კი აუცილებელია პირბადის ტარება. რამდენად სწორია ეს მიდგომა და პირბადის გამოყენება ყველა ასაკის მოსწავლისთვის ხომ არ არის აუცილებელი?

- ჩემი პირადი აზრია, რომ პირველი კლასიდან დაწყებული, ყველა კლასში ნიღბის ტარება სავალდებულო უნდა იყოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს რეკომენდაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 6 წლამდე ასაკში ნიღბის ტარება რეკომენდებული არ არის, 6-დან 11 წლამდე კი რეკომენდებულია მაშინ, თუ ქვეყანაში არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა (რაც არის კიდეც ახლა საქართველოში). ასე რომ, ჩემი აზრით, ყველა კლასის მოსწავლემ უნდა გამოიყენოს ნიღაბი. ის, რომ ჩვენ ნიღბის ტარებას ვითხოვთ მე- 5 კლასის ზემოთ, ანუ 12 წლის ასაკიდან, ეს გამომდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციიდან, რომელიც აფიქსირებს, რომ 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ნიღბის ტარება ისევე უნდა მოხდეს, როგორც მოზრდილებში. ისედაც ნიღბის ტარება უსაფრთხოა, არ არსებობს არც ერთი დაავადება და სიმპტომი, რომლის განვითარება შეიძლება დავუკავშიროთ ნიღბის ტარებას. ეს არის მითი და ნიღბის ტარება არ განეკუთვნება რაიმე რისკის შემცველ კატეგორიას.

ბოლო პერიოდში ე.წ. სამ მუშკეტერს ადანაშაულებენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩაკეტვების შედეგად საზოგადოება გადაიღალა და, ნაწილობრივ, ამითაცაა განპირობებული უკმაყოფილება კონკრეტულად ამ სამი ინფექციონისტის მიმართ, თუ არსებობს დაეჭვების საბაბი, რომელიც შეიძლება პოლიტიკური მოტივით გაჩნდეს?

- ჩემი აზრით, სწორედ საზოგადოების დაღლილობაა უკმაყოფილების მიზეზი. ბევრი საპროტესტო გამოსვლაა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, აშშ- ში, რაც სწორედ აკრძალვების, საზოგადოების ფსიქოლოგიური დაღლილობის შედეგია. ეს აბსოლუტურად პროგნოზირებადი რეაქციაა, ამის უკან არ დგას არანაირი პოლიტიკა. უდიდესი წვლილი შეიტანეს ბატონმა ამირანმა, ბატონმა თენგიზმა და ბატონმა პაატამ კორონავირუსის პანდემიის წინაააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა საზოგადოება რომ აპროტესტებს და არ მოსწონს შეზღუდვები, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სამედიცინო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პირველი ტალღა გადავიარეთ მინიმალური დანაკარგებით, მეორე ტალღის დროს არავინ არ ელოდა 5 ათას შემთხვევას, არც ერთ პროგნოზში, არც ერთ სცენარში საქართველოში ყოველდღიური 5 ათასი შემთხვევა განხილული არ ყოფილა. ეს ძალიან მოულოდნელი იყო, ბევრი გარდაცვლილი გვყავდა, მაგრამ ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის გარეშე მოახერხა უმძიმესი პერიოდის გადატანა ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე.

მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ პირველი ტალღის დროს არ იყო ასეთი წინააღმდეგობა კონკრეტული ინფექციონისტების მიმართ. მეორე ტალღამ უფრო მეტად დაღალა საზოგადოება?

- მე პირადად არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებული ცვლილება მოხდა ექიმებთან დამოკიდებულებაში. ეს ხანგრძლივი შეზღუდვების შედეგია და ეს არის ნორმალური ადამიანური რეაქცია თითქმის ერთწლიან შეზღუდვებზე. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში სამედიცინო სისტემამ თავი ვერ გაართვა კორონავირუსის პანდემიას. ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც უკვე მინიმალურია. ყველაზე ცუდია, რომ ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არც საქართველოში არსებობს, არც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. იმდენად ახალი, უცნობი და უჩვეულო გამოვლინებები ჰქონდა ამ ვირუსს, რომ დასაწყისში ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობაც იყო იტალიაში, ანალოგიურად გრძელდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ასე რომ, აქ სამედიცინო სისტემის მოუმზადებლობასა და ჩავარდნაზე ზედმეტია საუბარი.