გია ცაგარეიშვილი: “ეს ჩემი კოლეგები დაფიქრდნენ, რას აკეთებენ!”

გია ცაგარეიშვილი: “ეს ჩემი კოლეგები დაფიქრდნენ, რას აკეთებენ!”

[რუსიკო მუმლაძე]
პარლამენტის ბიუროს ბოლო სხდომა: დეპუტატმა ლაშა თორდიამ სისხლის სამართლის კოდექსში მორიგი ცვლილების შეტანის საკითხის სხდომაზე გატანა ითხოვა. ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა თორდიას მიმართა: “შენ და პალიკომ ერთხელ და სამუდამოდ დაწერეთ ეს საცოდავი კანონი. შეიძლება, ყველკვირას შედიოდეს ამ კანონში ცვლილებები? ახალი კანონი დაწერეთ. დაგვასვენეთ ჩვენც და დაისვენეთ თქვენც”. თორდია: “ამ ეტაპზე სასჯელს ვამცირებთ. მაჭავარიანი: “თქვენი გაზრდილი იქნება და შეამცირებთ, აბა, რა”.

ასეთი დემოკრატიული გაბაასებები “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ჯგუფებს შორის არცთუ ისე ხშირად ხდება, თანაც ჟურნალისტების გასაგონად. როგორც ჩანს, ძველ “ბურჯანაძე–დემოკრატ” მაჭავარიანს ხანდახან ყელში ამოუვა ხოლმე შედარებით ხისტი და გამოუცდელი “ნაციონალების” საკანონმდებლო აბდაუბდა. თუმცა, ასეთი იშვიათი ინციდენტები “ნაცების” მიერ კანონების მიღებისა და მათი აღსრულების საერთო მანერაზე დიდ გავლენას მაინც ვერ ახდენს.

ამის მაგალითად, პარლამენტის საგანგებო სესიის ბოლო სხდომა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო, რომლის რეპორტაჟიც პრესა.გე-მ უკვე დაწვრილებით შემოგთავაზათ. თუმცა შეგახსენებთ, რომ ამ ერთ სხდომაზე კიდევ უფრო ლეგალური გახდა ქარელის დეპუტატის ემზარ გელაშვილის ციხეებში სიარულის პროცესი. ისე, რა გასაკვირია, მან, როგორც ამბობენ, წინასაარჩევნოდ ქარელში ისეთი სროლები ატეხა ოპოზიციის მისამართით, ამ ხმამ, ეტყობა, მიაღწია პარტიის მაღალ ეშელონებამდეც და იქ თქვეს, ეს რა საგანძური გვყოლია, წინ წავწიოთო. ასე რომ არ ყოფილიყო, წესით, გელაშვილით, პროკურატურა უნდა დაინტერესებულიყო, მაგრამ რეალურად, აქამდე ყველასთვის სახეზე უცნობი დეპუტატის სახელით და გვარით რამდენიმე დღეა აჭრელებულია ბეჭდვითი მედიის ფურცლები.

ბოლო საპარლამენტო აჯიოტაჟი იმ კომისიის შექმნას მოჰყვა, რომელმაც კონსტიტუციის ახალი პროექტის საერთო–სახალხო განხილვა უნდა მოახდინოს ცხელ აგვისტოში.

საერთო სახალხო განხილვების კომისიაში სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, არ შევიდა ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი გია ცაგარეიშვილი. თუმცა, დიდი მცდელობა იყო, რომ ისიც შეეყვანათ კომისიაში. როცა ჩვენ ინტერვიუს ვიწერდით, მას უცბად მიუახლოვდა სხდომიდან გამოსული კუბლაშვილი და ჰკითხა: “ბიჭო, შენ იმ კომისიაზე რას შვები?”. ცაგარეიშვილი: “მე არ მივიღებ მონაწილეობას”. ჟურნალისტის თანდასწრებით საუბარი ამ თემაზე უცებ შეწყდა, კუბლაშვილის გვერდით მდგომმა დეპუტატმა მინაშვილმა კი, ცოტა არ იყოს, შეშფოთებულმა შემოგვხედა.

პარლამენტის ბოლო სხდომა უმცირესობა-უმრავლესობის დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. ციხეების მონიტორინგს ის დეპუტატი განახორციელებს, რომელმაც ქარელში სროლები ატეხა წინასაარჩევნოდ. სახალხო დამცველი მხოლოდ წელიწადში ერთხელ წარუდგენს დარღვევების შესახებ ანგარიშს პარლამენტს. რისთვის ემზადება “ნაციონალური მოძრაობა”?
გია ცაგარეიშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა მუდმივად ამ წლების მანძილზე. ამ ადამიანებს ხელწერა არ შეუცვლიათ, უბრალოდ, ტალღისებურ მოქმედებებთან გვაქვს საქმე. არის აქტიურობის პიკი და უსამართლობის მწვერვალზე არიან ხოლმე ასულნი. შემდეგ, როცა საზოგადოება ადექვატურად იქცევა და პოლიტიკური ძალები აქტიურობენ, “ნაციონალების” ასეთი გააქტიურება ეცემა ხოლმე. ახლა, ეტყობა, ისევ გამწვავებულია მათი ბოროტი ვნებები და აკეთებენ იმას, რაც ბრწყინვალედ იციან. მათ სხვა არაფერი იციან და არც უნდათ, რომ ისწავლონ - დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული, თუნდაც იგივე გელაშვილით.

მე ამ ადამიანს – გელაშვილს, სახეზეც არ ვიცნობ, არც სურვილი მაქვს გავიცნო. შესაბამისად, არც ის ვიცი, სხდომებზე დადის თუ არა. ასეთები აქ ბევრნი არიან, თუმცა, რომ გითხრათ, ამაზე ვნერვიულობ–თქო, მოგატყუებთ. სხვანაირი რომ იყოს უმრავლესობის რომელიმე წევრი და არა ისეთი, როგორიც მათი მამამარჩენალი სააკაშვილია, თქვენ არ გაგიკვირდებათ? რა თქმა უნდა, გაგიკვირდებათ. უმრავლესობისგან სხვანაირ საქციელს არც ველი. ჩემთვის შემაშფოთებელი იყო, კომისია უმცირესობის გარეშე რომ დარჩა, მაგრამ გასაკვირი ამაში არაფერია.

როცა წინა მოწვევის პარლამენტის წევრს, ვალერი გელაშვილს უმოწყალოდ სცემდნენ, მაშინ არცერთი უმრავლესობის წევრი არ გამოსულა და არ დაუგმია ეს ფაქტი. ამის შემდეგ ნათელი გახდა, ვინ არიან ეს ადამიანები. ერთ თარგზეა იქ ყველა მოჭრილი. ეს თარგი ივანე მერაბიშვილის მიერ არის გამოჭრილი და მერეა მორგებული მთელ უმრავლესობაზე – ქალიან-კაციანად.

ვიდრე თქვენ მოხვიდოდით ჩემთან ინტერვიუსთვის, ისე გათავხედდა ტელეკომპანია “იმედი”, რომ მოვიდნენ და ასეთ კითხვას მისვამენ: აი, ბატონმა მერაბიშვილმა რამდენი სპეცოპერაცია ჩაატარა, ნარკოდილერები დაიჭირა, გამომძალველები, მექრთამეები და თქვენ როგორ აფასებთ მის მუშაობასო. ტელეკომპანია “იმედის” პირტიტველა ჟურნალისტი ისე მოვიდა ჩემთან ამ კითხვის დასასმელად? რა თქმა უნდა, არა. ეს არის მისი რედაქტორის მიზანდასახული დაკვეთა, რომ მაინცდამაიც მერაბიშვილთან დაპირისპირებული ცაგარეიშვილისთვის დაესვა ეს კითხვა. ისე გათავხედნენ ეს ადამიანები, ამ გოგონას მიგზავნიან და ამ კითხვას მისვამენ.

მინდა, შევუთვალო მათ: ვიდრე ქვეყანაში იქნება დამკვიდრებული აზრი, რომ მერაბიშვილი ამ ქვეყნის ხერხემალია, მანამდე ჩემს ქვეყანას არაფერი ეშველება და ნომალური განვთარების პერსპექტივა არ აქვს.

ანუ ხერხემალს აქვს ტვინი, მაგრამ ეს არ არის თავის ტვინი…
- დიახ. ჩემი ქვეყნის ხერხემალი ჩემი ხალხი უნდა იყოს და არა – ვანო მერაბიშვილი. ამ დროს სახალხო დამცველის ანგარიშიც წელიწადში ერთხელ უნდა წარმოადგინონ, თურმე, საქართველოს პარლამენტში. ეს ყველაფერი მათი ქცევები და ტენდენციებია. რა მოხდა იმ მონიტორინგის კომისიაში? ვითომდა, იმ ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ იქ უმრავლესობის წევრების ჩასმა და მისი დატოვება უმცირესობის გარეშე ვნებათაღელვას გამოიწვევდა? რა თქმა უნდა, გამოიწვევდა, ყველა შემთხვევაში, ვიდრე ადამიანს შუბლზე ნამუსის ძარღვი აქვს და თავს ოპოზიციონერად თვლის.

რაც შეეხება სახალხო დამცველს, საკვირველი ის კი არაა, უმრავლესობას ეს ინოვაცია რომ შემოაქვს, არამედ ის, როცა თავად სახალხო დამცველი ამბობს მაღალი ტრიბუნიდან, დიახაც, ეს ასე უნდა იყოს, რადგან მე თქვენ ხელს მიშლით საქმიანობაში, როცა ორჯერ ვწერ ამ ანგარიშს, ხელი მეშლება მუშაობაშიო. ეს ადამიანი იმას ამბობს, რასაც უმრავლესობის წევრები ეუბნებიან.

როცა ტუღუში ინიშნებოდა, ასეთი ისტორია მახსენდება, რომელიც თქვენი კოლეგებისგან მოვისმინე: სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ერთ-ერთ მოსასვენებელ ოთახში, მომავალ სახალხო დამცველს, ეტყობა, ბევრი რომ არ ენერვიულა, პიცები მიართვეს და იქ ღრეობა იყო გამართული. ამიტომაც არ დავუჭირე ამ ადამიანს მხარი მაშინვე. ჟურნალისტებმა შემთხვევით დაინახეს, როგორ მოჰქონდა პარლამენტის დაცვას ეს პიცები. გიორგი ტუღუში არის უმრავლესობის ხორცი ხორცთაგანი და ნეკნი ნეკნთაგანი.

როცა სახალხო დამცველის შესახებ კანონ-პროექტი იურიდიულ კომიტეტში მუშავდებოდა და ვიკითხე, სად არიან ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები, რატომ არ ესწრებიან განხილვას-მეთქი, ბატონმა თორდიამ მითხრა, რომ ეს შეთანხმდება სახალხო დამცველის ოფისთანო. მერე შეთანხმდება, თურმე, ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილება, როცა კომიტეტი განიხილავს...

ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ჩვენ ისეთი სახალხო დამცველი გვყავს, რომელიც ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევს. აქ საქმე კანონებში კი არ არის, კანონის აღსრულებაა პრობლემა. ადამიანებშია აქ პრობლემა. პრობლემაა სააკაშვილში, მაჭავარიანში, ბაქრაძეში, მერაბიშვილში, ტუღუშში. კანონი შეიძლება, ბრწყინვალე დაიწეროს, მაგრამ თუ არ აღვასრულებთ, რა აზრი აქვს ამას?

მოგებული არჩევნების შემდეგ ხომ არ ემზადება “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში ჩაკეტოს ის დემოკრატიული პროცესები, რაც 7 ნოემბრის შემდეგ, ასე თუ ისე, მიმდინარეობდა?
- ერთი რამ მინდა, გითხრათ. შეიძლება, ამის მცდელობა ჰქონდეთ ამ ადამიანებს, რომ 7 ნოემბრის ის პატარა მონაპოვარიც გამოგვლიჯონ ხელიდან, მაგრამ თუ ამას გააკეთებენ, იცოდნენ, უარეს 7 ნოემბერს მიიღებს მიხეილ სააკაშვილი. ოღონდ, ეს მისი დასასრული იქნება. მე არ ვიქნები ამ პროცესების ინიციატორი, ხალხი გააკეთებს ყველაფერს. მუდმივად თავში ურტყა საზოგადოებას და წიხლები უთავაზო, ამას არავინ შეირჩენს.

ჩემი პოლიტიკური ძალის დანიშნულებაა, პოლიტიკური პროცესი როგორმე ცივილურ კალაპოტში გადავიყვანოთ, სადაც ადამიანები ერთმანეთს ცივი, ან ცხელი იარაღით კი არა, არამედ ლოგიკით და სიტყვა-პასუხით დაუპირისპირდებიან. ეს გვინდა “თავისუფალ დემოკრატებს”, რომ გავაკეთოთ, მაგრამ თუ ვერ მოვახერხეთ, მაშინ ძალიან ცუდი პროცესები წავა, მით უმეტეს, იმ მტრულ გარემოში, რაშიც ვიმყოფებით.

ამიტომ გვინდა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება გავხადოთ თანამონაწილე ამ პროცესის, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები. როგორც ჩანს, მარტო ჩვენი შიდა ძალისხმევა საკმარისი არ არის, რომ სააკაშვილი ადექვატური გახდეს. მაშინ, ვინც მოიყვანა ეს ადამიანები, სწორედ იმ ქვეყანამ უკარნახოს მას, რა უნდა გააკეთოს. ამ ხელისუფლებას მუშტის ეშინია. ამერიკული იქნება ეს მუშტი, თუ ქართული, მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში მუშტის ეშინია, ისეთი მუშტის, როგორიც მან 7 ნოემბერს მიიღო.

თუ აშშ დიდ ზეწოლას განახორციელებს “ნაციონალურ მოძრაობაზე”, მაშინ ჩვენ შედეგს მოვიმკით. ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და უცხოელი კოლეგებიც უნდა დაგვეხმარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილი თავის მონუსხულ წრეში ჩაიკეტება და გახდება დიქტატორი, რომელიც ახალი მსხვერპლის გადასაყლაპად ემზადება.

“თავისუფალი დემოკრატები” მჭიდრო კავშირში ვართ ყველა ოპოზიციურ ძალასთან და ჩამოვაყალიბებთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გზას. ვაპირებთ, აქტიურად მოვთხოვით ხელისუფლებას გამოვიდეს კონტაქტზე. თუ სააკაშვილი ხელს აგვიქნევს და ამას არ გააკეთებს, მაშინ იგი ადექვატურ პასუხს მიიღებს.

აქციები იქნება?
- ვერ გეტყვით, ეს რაში გამოიხატება, მაგრამ ადექვატურები იქნებიან არამარტო ქართული საზოგადოება, არამედ ის საერთაშრისო ორგანიზაციებიც, რომლებიც მნიშვნელოვნად ქმნიან აქ პოლიტიკურ ამინდს. საუბარი მაქვს აშშ-სა და ევროკავშირზე. რეალურად არის საუბარი, საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს. მე ამას ვგრძნობ.

ირაკლი ალასანიამ არაერთხელ თქვა, მასთან საუბარში ყველა, აშშ-იც და აქაც (მათ შორის, ქლინთონთან შეხვედრის დროსაც) აფიქსირებს, რომ აუცილებელია ცვლილებები ამ ქვეყანაში და ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს პროცესებს, რათა ეს ცვლილებები განვითარდეს საქართველოში, მთავარია, იყოს თქვენი აქტიური მონაწლეობა და ჩართულობა, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთო. ეს არის გზავნილი და ისევე უნდა გავიგოთ, როგორც გვესმის.

არ ფიქრობთ, რომ ახალი კონსტიტუციით და უკვე გაშიფრული სამომავლო გეგმებით სააკაშვილი ერთი ერთზე იმეორებს იმას, რაც პუტინმა პრეზიდენტობიდან პრემიერობამდე გააკეთა, რათა ისევ გაპრეზიდენეტებისთვის გაეკვალა გზა?
- რა თქმა უნდა. მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ. სხვათა შორის, პარლამენტში კომპლექტდება კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვების წარმმართველი კომისია. მე დამიკავშირდნენ ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები და მთხოვეს, რომ ამ კომისიაში შევსულიყავი. მე კატეგორიული უარი განვაცხადე ამ კომისიაში შესვლაზე. სულ მცირე, ორი ადამიანის წინაშე ვიქნები პასუხისმგებელი - ჩემი შვილების, და ვიტყვი, რომ არ ვიყავი შემადგენელი ნაწილი რაღაცა ე.წ კომისიის, რომელმაც გაათეთრა სააკაშვილის კომისიის პუტინიზაცია საქართველოში და კარებიდან გაგდებული კაცი, ფანჯრიდან გადმოაძვრინა.

ეს ჩემი კოლეგები დაფიქრდნენ, რას აკეთებენ! ჯერ იყო და სააკაშვილს ნამუსი მოწმინდეს ე.წ. დემოკრატიულ კომისიით, დემეტრაშვილისა და შარმანაშვილის მონაწილეობით. ახლა აქ უნდათ იმოღვაწეონ, ვითომ დემოკრატიული პროცესი დაამკიდრონ და საერთო სახალხო განხილვა მოახდინონ? აგერ თქვენ და აგერ მე, როგორი განხილვები იქნება ამ კომისიაში.

ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა, იქ შენ იჩხუბებ, გამოხვალ შენ სტილშიო. მე ჩემს სტილში ვიქნები საკომიტეტო და სასესიო განხილვებზე, როცა კონსტიტუციის პროექტის განხილვები უკვე პარლამენტში დაიწყება. ჩემი სტილი მიუმხრობლობაზე და წესიერებაზე გადის, სხვებისგან განსხვავებით, სახელებს და გვარებს არ დავასახელებ. დაფიქრდნენ, რას აკეთებენ.

არც მე და არც მათ იმ კომისიაში არაფერი გვესაქმება. თუ ვინმეს ჰგონია, მათ შორის ჩემს კოლეგებს პარლამენტში, სახელმწიფო კომისიამ, რაც დაადგინა, რამე შეიცვლება საერთო სახალხო განხილვების კომისიაში, მაშინ ძალიან მიამიტები ყოფილან. საერთო სახალხო განხილვა 24 აგვისტომდე მოესწრება, რაც ძალიან მზაკვრულად შემოგვთავაზეს ამ პაპანაქება ზაფხულში..

სპეციალურად არის გაკეთებული, რომ ეს ყველაფერი ჩაარიხინონ და სახალხო განხილვის პროცესი ივლის-აგვისტოს ხვატში ჩაკლან. მერე კი, როცა პარლამენტი არდადეგებიდან დაბრუნდება, გამოგვიცხადონ, მობრძანდით და განიხილეთ კონსტიტუციაო. მე მზად ვიქნები, მაგრამ სხვებზე იმათ აიღონ პასუხისმგებლობა ამ კომისიაში ვინც გაწევრიანდა. რა პროდუქტს მიიღებენ, ვნახავთ.

ეს კაცი 2013 წელს ფანჯრიდან რომ გადმოგვიძვრება, მერე მე მოვტრიალდები და ვიტყვი: “აბა, ჩემო ძმებო და დებო, რას აკეთებდით ან საკონსტიტუციო კომისიაში, ან ამ სახალხო განხილვების კომისიაში?” ეს დრო ძალიან მალე მოვა. პირველი მე დავაყვედრი ამ ადამიანებს, როგორც კი “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრად აქ შემოაგორებს, ან ქუთაისში, ამისთვის იყავით კომისიაში შესულები-თქო.

ესენი ემზადებიან, რომ ახლა კონსტიტუციის ამ პროექტს შემოაგორებენ, მერე 2012-ში ისევ გააყალბებენ არჩევნებს, მოიყვანენ სააკაშვილს და 2013 წელს პრემიერ-მინისტრად წამოგვისკუპებენ. ჩემმა ე.წ. ოპოზიციონერმა კოლეგებმა არ იციან, რომ უმრავლესობა ამას აპირებს? ნეტავ ეს არ ახდეს, რასაც ახლა მე ვამბობ, თუმცა, ძალიან მეპარება ეჭვი.