"სერგო რატიანს ყველაფერი ეპატიება, სხვებს კი ციხეში სვამენ"

ყოფილი პოლიტპატიმრები რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა და მათი ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე აღშფოთებას გამოხატავენ წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალნჩინოსნების მიერ მათ მიმართ გამოთქმული ეპითეტების გამო (ხულიგნები და ა.შ.) და ითხოვენ, სამართლიანმა სასამართლომ მათ საქმეს ხელახლა გადახედოს. ამის შესახებ განცხადება დღეს მათ for.ge-ს პრეს-კლუბში სტუმრობისას გააკეთეს.

საქმე ეხება ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში მომხდარს, რის გამოც რვა ახალგაზრდა წინა ხელისუფლებამ დააპატიმრა და რამდენიმეწლიანი სასჯელები მიუსაჯა. ადოკატი ქარცივაძე ამბობს, რომ დღეს მავანი მოწადინებულია, ეს ახალგაზრდები საზოგადოებას ხულიგნებად წარმოუდგინოს. აქვე ადვოკატი 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარ ინციდენტს იხსენებს. იმ დღეს გადაცემა „ბარიერში“ ერეკლე დეისაძის წიგნის გარშემო მიმდინარეობდა დისკუსია. ყველაფერი ამ წიგნის ილიას უნივერსიტეტში პრეზენტაციას მოჰყვა, როდესაც ამ წიგნთან დაკავშირებით მართლმადიდებლებმა პროტესტი გამოხატეს. შემდეგ კი დაიგეგმა გადაცემა „ბარიერი“, რომელშიც მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტის დეპუტატი, სერგო რატიანი (მაშინ ილიას უნივერსიტეტის პრორექტორი), ბექა მინდიაშვილი, ქეთი ხატიაშვილი, ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენდნენ ნანა დევდარიანი, ლევან ჩაჩუა (შემდგომში პოლიტპატიმარი) და სტუდიაში ასევე სტუმრის სტატუსით იყო ჟურნალისტი მალხაზ გულაშვილი. ამასთანავე, სტუდიაში კიდევ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც შემდეგ ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

„გადაცემა სამი საათისა და 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როდესაც მალზახ გულაშვილმა ბექა მინდიაშვილს მიმართა, რომ ის იყო ერთ-ერთი ორდენის წევრი და ამ ორდენთან დაკავშირებით გაზეთში იყო ინფორმაცია (საუბარი იყო მალტის ორდენზე), ბატონმა ბექამ ამასთან დაკავშირებით რატომღაც ძალიან აგრესიულად გამოხატა საკუთარი პოზიცია. მან დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს პროვოკაციაა, რომ ეს ხალხი ფაშისტები არიან და პოლიციას მოუხმო, რათა ამ ადამიანების იზოლირება მომხდარიყო“, - ამბობს ადვოკატი ქარცივაძე.

მისი თქმით, ბექა მინდიაშვილმა ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად სტუდია დატოვა. ცოტა ხანში მას მიჰყვნენ სერგო რატიანი და ქეთი ხატიაშვილიც. მოგვიანებით ბრალდება დაკავებულ ახალგაზრდებს ხულიგნობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებოდა. ადვოკატი ამბობს, რომ ამ თემით მანიპულირებას ის ადამიანები ახდენენ, რომლებსაც არც კი აქვთ საქმე წაკითხული. მათ შორის, ბესარიონ ქარცივაძე მოიხსენიებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ეკა კვესიტეძეს, რომელმაც მისი თქმით, ამ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები არაერთხელ მოიხსენია, როგორც ხულიგნები. ასევე ადვოკატის თქმით, ეს ბიჭები საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრმაც სწორედ ასე ახსენა და როდესაც პარლამენტში პოლიტპატიმრების სიის განხილვა მიმდინარეობდა, სწორედ „კავკასიის“ ინციდენტის მონაწილე პირების თემამ გამოიწვია საპარლამენტო უმცირესობის წევრების განსაკუთრებული გაღიზიანება.

ბესარიონ ქარცივაძის განცხადებით, საქმეში მოწმედ გადიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 39 თანამშრომელი და ისინი ამბობენ, რომ თითქოს ეს ახალგაზრდები ხულიგნობდნენ და ჟურნალისტებს მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. თუმცა ადვოკატი ქარცივაძე წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ფაქტებს იხსენებს, როდესაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს მართლაც უშლიდნენ ხელს მუშაობაში. ადვოკატი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარად იყო.

მისი თქმით, ბრალდებამ საქმეზე დაზარალებულად სცნო დავით აქუბარდია და „კავკასიის“ ოპერატორი გიორგი გეგეჭკორი. ბესარიონ ქარცივაძე ამბობს, რომ ორივე დაზარალებული სასამართლო პროცესზე ცალსახად აცხადებდა, რომ ესენი არ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაბამისად, რვა ახალგაზრდა აბსოლუტურად მტკიცებულებების გარეშე გაასამართლეს. ამიტომ ადვოკატი ამბობს, რომ მოითხოვს სამართლიანი სასამართლოს მიერ ამ საქმის ხელახლა გადახედვას და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებსაც ამ საქმესთან ჰქონდა შეხება (მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და ა.შ.).

„ამ ახალგაზრდების მიერ გისოსებს მიღმა გატარებული წლები მათთვის არის დაკარგული და ჩვენ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ, ვისაც ხელი ურევია ამ ახალგაზრდების ციხეში ჩასმაში“, - ამბობს ადვოკატი.

ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან ჩაჩუა (რომელიც „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის გამო იხდიდა სასჯელს) აღნიშნავს, რომ მასთან და ამ საქმეზე მსჯავრდებულ სხვა პირებთან რამდენჯერმე მივიდა პროკურატურის წარმომადგენელი და მოითხოვდა მათგან, რომ შეწყალება ეთხოვათ, მაგრამ არც ერთი მათგანი ამას არ დასთანხმდა.   

„პირადად ჩემთან ორჯერ იყვნენ მოსულები და ითხოვდნენ, შეწყალება მოგვეთხოვა და გვპირდებოდნენ, რომ შეწყალებას აუცილებლად მივიღებდით. საინტერესოა, რომ ეს პიროვნება, რომელიც პრორკურატურიდან იყო ჩემთან მოსული, თვითონაც შეძრწუნებული იყო და მითხრა - კაცი რომ შეწყალებაზე ერთხელ უარს იტყვის, როგორ შეიძლება მასთან მეორედ მისვლა, მაგრამ რა ვქნა ბიჭებო, ჩემი სამსახურია და იძულებული ვარ მოვიდეო. ამით იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც დღეს ჩვენზე ამბობენ, რომ კრიმინალები ვართ და თურმე ჩვენი ციხიდან გამოშვება არაფრით არ შეიძლებოდა, რადგან საზოგადოებისთვის საშიშები ვართ, გამოდის, რომ თუ პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდოდით ციხიდან, მაშინ საზოგადოებისთვის საშიშები არ ვიქნებოდით. მხოლოდ იმ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ჩვენი გარეთ გამოშვება, თუკი როგორც პოლიტპატიმრებს, ისე გაგვათავისუფლებდნენ“, - ამბობს ლევან ჩაჩუა.

მისი თქმით, ბრალდება მისგან და მისი მეგობრებისგან აღარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდა, რათა შემდეგ ამით მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლის დისკრედიტაცია მოეხდინათ და ისინი მოძალადეებად წარმოეჩინათ. აქვე ჩაჩუა აღნიშნავს, რომ ხულიგნობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის კლასიკური მაგალითი იყო სერგო რატიანის ქმედება გადაცემა „არგუმენტებში“. ლევან ჩაჩუა ხელისუფლების მიერ ორმაგი სტანდარტით ქმედებაზე საუბრობს და ამბობს, რომ იგივე ქმედებისთვის, რისთვისაც ჩაჩუა და მისი მეგობრები დაისაჯნენ, სერგო რატიანი რატომღაც არავის დაუსჯია.

რატი მაისურაძე კი ამბობს, რომ „კავკასიის“ ეთერში მომხდარი ინციდენტი „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეასრულა.

„პირადად გიგა ბოკერიას კაბინეტში იგეგმებოდა, როგორ უნდა მოეხდინათ „კავკასიის“ ეთერში ინციდენტის პროვოცირება. ამ პროვოკაციის ერთ-ერთი შემსრულებელი იყო სერგო რატიანი და ამისთვის მან ჯილდოდ დეპუტატობა მიიღო. ამ ადამიანმა კობა დავითაშვილთანაც ფაქტობრივად იგივე გააკეთა, რაც ჩვენთან. მას სჩვევია სტუდიის ასე პროვოკაციული განცხადებებით დატოვება და ამგვარი ქმედებები“, - აცხადებს რატი მაისურაძე.

მისი თქმით, სერგო რატიანმა 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ყოფნისას „კავკასიის“ ინციდენტისთვის გასამართლებული შოთა აფხაიძე იცნო, მას მიმართა - შენ კიდევ აქ ხარო? და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ტელეკადრებში კარგად ჩანს, მაგრამ ამისთვისაც რატიანი არავის დაუსჯია.