„ესენი უწმინდესს ლანძღავენ და ეს ბავშვები რომ გამოიყენონ თავიანთი ბინძური საქმისთვის, რა გასაკვირია“

„ესენი უწმინდესს ლანძღავენ და ეს ბავშვები რომ გამოიყენონ თავიანთი ბინძური საქმისთვის, რა გასაკვირია“

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს – სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

პროკურორმა საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნა, რომ ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებათა განადგურების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი არსებობს. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულებს არაერთხელ გადაუკვეთავთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ასევე, პროკურორმა საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, რომ ბრალდებულებსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი მხოლოდ იმის გამო წარმოიშვა, რომ დაზარალებული ვახტანგ სანაია იყო „ფორმულას“ ჟურნალისტი.

სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, სანაიას აყენებდნენ არამხოლოდ სიტყვიერ, არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფას და მიუხედავად იმისა, რომ სანაიას თანმხლები პირები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, ბრალდებულები ავტომობილში მყოფი დაზარალებულისთვის კვლავ ცდილობდნენ დაზიანების მიყენებას. პროკურორის თქმითვე, სულიკო საყევარაშვილმა ქალსაც კი დაარტყა ხელი.

პროკურორის საპასუხოდ, ბრალდებულმა სულიკო საყევარაშვილმა განაცხადა, რომ მას ქალისთვის ხელი არ დაურტყამს და არც პატარა ბავშვი დაუნახავს. სახელმწიფო ბრალდებას არც ერთ ნაწილში არ ეთანხმება დაკავებულების მასწავლებელი და ამავე დროს მეზობელი, ივდით კუხიანიძე, რომლის განცხადებით, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ეს ინციდენტი კავშირში არ არის ჟურნალისტურ საქმიანობასთან. კუხიანიძე ამბობს, რომ ბრალდებულების ნაცვლად, მზად არის თავად ჩაჯდეს ციხეში.

for.ge ივდით კუხიანიძეს ესაუბრა.

„გულწრფელად ვამბობ, მე ჩავჯდები, ოღონდ ესენი არა“, – ასე მიმართეთ სოციალური ქსელის საშუალებით სახელმწიფო ბრალდებას. თქვენს წერილში ამბობთ, რომ დაკავებულებს გააჩნიათ სუფთა წარსული. რა გაკავშირებთ დაკავებულებთან?

ივდით კუხიანიძე: რასაკვირველია, უმიზეზოდ არაფერს ვამბობ. სრულიად გულწრფელად ვიმეორებ, რომ ნამდვილად, მზად ვარ, მე ჩავჯდე ციხეში, ოღონდაც კი ეს ბავშვები თავდებით გაანთავისუფლონ, არ მინდა, რომ ეს ბავშვები ციხეში ჩასხდნენ.

რატომ?

– მე რომ ამ ბავშვებს არ ვიცნობდე, არ ვიცნობდე მათ ოჯახებს, არ ვიცოდე როგორ და რა ვითარებაში გაიზარდნენ, როგორ აზროვნებდნენ, რა დამოკიდებულება აქვთ სამყაროს, ადამიანის, რელიგიის და ოჯახის ინსტიტუტის მიმართ, რა თქმა უნდა, არ დავწერდი იმას, რაც დავწერე. მე, მათი არა მხოლოდ მასწავლებელი ვარ, არამედ მეზობელიც ვარ. ჩემს თვალწინ დაიბადნენ და გაიზარდნენ ეს ბავშვები.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ დაკავებულები აგრესიასა და ძალადობაში აქამდე არ იყვნენ შემჩნეული?

– აბსოლუტურად არასოდეს არაფერში არ იყვნენ შემჩნეული. გიორგი სახელაშვილი, რომელიც ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვია, ლეიკემიით იყო ავად. წლების განმავლობაში მთელი მეზობლები ფეხზე ვიდექით, ფულს ვაგროვებდით, ოჯახს ვეხმარებოდით, რომ ბავშვი გამოკვეტაცა სიკვდილისთვის. ეს ბავშვი, რომლის ზედმეტი ხმა არასოდეს არავის არ გაუგია, ზრდილობის და კულტურის განსახიარებაა. ასევე, უაღრესად ზრდილობიანია სულიკო საყევარაშვილიც, რომელიც მუშაობს. ხომ არ გგონიათ, რომ სალამს, ზრდილობას და კულტურას დაასწრებთ, მთელი უბანი ვამაყობთ ამ ბავშვებით.

რაც შეეხება ვაჟიკო გიგაურს, მისი მამა იყო პოლიციელი, სრულიად ახალგაზრდა კაცი მოკლეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ამბავი ცნობილია ძალოვანი უწყებისთვის, ანაფორაში გადაცმულმა რეციდივისტმა როგორ მოკლა დათო გიგაური. აი, ამ ბავშვს დააწვა ოჯახი. სად არ იყო წასული სამუშაოდ. უთბილესი ბავშვები არიან. ეს არის უბანი, სადაც ყველა ერთმანეთის მეზობელია და ყველამ იცის, ვინ, ვინ არის. ახლა, იმიტომ, რომ ვიღაცას ამბიცია აქვს, ვიღაცა უნამუსოს, უსინდისოს, პარტიას თუ მოძრაობას უნდა მათი გამოყენება, ამოატივტივეს გეგა გეგეშიძე და ჯიჯა გიგაური.

ვახო სანაიაზე თავდასხმა დაუკავშირეს გეგა გეგეშიძეს...

– დიახ. ინტერვიუ მივეცი „ტვ პირველს“ და ისე დაჭრეს ჩემი ინტერვიუ, რომ ნახევარი არ გაუშვეს. მშვენივრად ვხედავ საითკენ მიდის ეს ყველაფერი. აგერ, ბათუმში ვახო სანაიას მხარდამჭერთა ჯგუფი გაჩნდაო. იცით რას გეტყვით? ამ ნაძირლებმა მართლა არ გამოგვიყვანონ მთელი საქართველო გარეთ! მაპატიეთ, ძალიან ავღელდი, მაგრამ წყნეთის ქუჩაზე მომხდარ უსიამოვნო ფაქტთან, რა შუაშია პოლიტიკა?! ვის ტვინში უნდა მოიხარშოს ის, რომ ეს სამი უდანაშაულო ბავშვები დააკავშირონ პოლიტიკასთან?!

მაგრამ გამოჩნდა ამ საქმეში გეგა გეგეშიძეს სახელი...

– ნათესავები არიან და იმიტომ.

თქვენი ინფორმაციით, ამ ინციდენტის შემდეგ, თუნდაც სატელეფონო კავშირი ჰქნოდათ გეგეშიძესთან?

– აბსოლუტურად არავითარი, დამიჯერეთ ასეა. ეს ბავშვები იყვნენ მეგობართან. 12 საათზე არ უნდა ყოფილიყვნენ გარეთ, კომენდანტის საათია, მაგრამ უბანია. ეს ბავშვები არიან მეგობრები, ერთად დაბადებული და გაზრდილები. როგორც მეზობელმა ბიჭებმა გადმომცეს, რომლებმაც შეიტყვეს ეს ამბავი, ნასვამები მოდიოდნენ სახლში, დაინახეს, რომ მანქანას უჭირდა ასვლა და მიეხმარნენ. ამ დროს მანქანიდან გადმოსულა ვახო სანაია, რომელსაც პირბადე არ ეკეთა. ამათ უცნიათ ვახო სანაია და ერთ–ერთი გაეჯგიმა.

კონკრეტულად რომელი?

– არ ვიცი. რომ ვკითხე, მითხრა არ ვიცი, ივდით მასწავლებელოო. როგორც მითხრა, ერთ–ერთმა ჩამოიწია ნიღაბი და დაენახა სანაიას და უთხრა – „აი, კარგად შემომხედე, კარგად დამიმახსოვრეო“. ეტყობა რაღაცა არაკორექტული საუბარი იყო, თორემ ისე ხომ არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა.

რატომ ჰქნოდათ თუნდაც ეს არაკორექტული საუბარი სანაიასთან, ეს გამოწვეულია მისი ჟურნალისტური საქმიანობით, სადაც ღიად გამოხატავს თავის პოლიტიკურ პოზიციას?

– არავითარ შემთხვევაში, რა შუაშია აქ მისი პოლიტიკური პოზიცია. არც იმიტომ, რომ ჟურნალისტია, არც იმიტომ, რომ ნაციონალია და ამ ღირებულებებს ეთაყვანება და იზიარებს. ერთადერთი, მე ვფიქრობ, რომ პატრიარქისა და რელიგიის შეურაცხოფის გამო მოხდა ეს ინიდენტი. მეც რომ ვყოფილიყავი ამ ბავშვების ადგილას, მთვრალიც რომ არ ვყოფილიყავი, 64 წლის ქალი ვარ, მასწავლებელი, ლექტორი, მეც აუცილებლად მექნებოდა ჩემი პოზიცია. ცხადია, არ შევაგინებდი, მაგრამ აუცილებლად ვეტყოდი იმას, რასაც მოვიაზრებდი. ვეტყოდი – „შენ, არ ხარ ამ ქვეყნის ღირსეული და ერთგული შვილი! შენა ხარ მოღალატე რწმენის, საზოგადოების, ქართველი ხალხის! პირადად მე ასე ვეტყოდი.

დარწმუნებული ხართ, უწმინდესის და ეკლესიის შეურაცხმყოფელი სიუჟეტების გამო ჰქონდათ რექაცია?

– ვვარაუდობ, რომ ეს იყო მიზეზი. იმიტომ, რომ ვაჟიკო სტიქაროსანი იყო. ტელევიზიიდან მოვიდნენ ჟურნალისტები და კორცხელზე დამიწყეს ლაპარაკი. სურათებს აჩვენებენ როგორ იყვნენ ვაჟიკო გიგაური და გეგა გეგეშიძე ერთად კორცხელში. იცით რას გეტყვით? ვაჟიკო გიგაურს, ამ ობოლ და უწესიერ ბავშვს აბრალებენ იმას, რომ თითქოს ისეთი აგრესიულია და თიქთოსდა ამ სანაიას ნაციონალური პოზიციის გამო დაუპირისპირდა. არა ბატონო, ეს არის ტყუილი.

შეიძლება იყო კორცხელში, მე არ ვიცი. ბიძაშვილ–მამიდაშვილები არიან. იცით, რას გეტყვით? მეც ხშირად დავდიოდი ოპერაში, მაგრამ მარია კალასი კი არ ვიყავი. გაყვა ალბათ კორცხელში თავის ბიძაშვილს, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ აგრესია გამოხატა. რადგან ბიძაშვილს კორცხელში გაყვა, ეს უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ცილი დასწამო და პოლიტიკურ გაუგებრობაში გადაზარდო?! გამაგებინეთ, ეს ფაქტი რა კავშირშია სანაიას ინციდენტთან. ეს ვუთხარი კიდეც „ტვ.პირველის“ ჟურნალისტს – გამაგებინე შვილო, რა კავშირი აქვს გუშინდელ ფაქტს და კორცხელს ერთმანეთთან, რაკი გეგას ბიძაშვილია იმიტომ უნდა დაისაჯოს-თქო? საიდან რას ეძებენ... როგორ შეიძლება ასე ბავშვების დაღუპვა!

„ტვ. პირველი“, „მთავრიც“, „ფორმულაც“ პირადპირ ამბობენ, რომ ეს ინციდენტი დაკავშირებულია სანაიას ჟურნალისტურ საქმიანობასთან და, რომ საქართველოში დაიწყო თავისუფალი აზრის დევნა. თქვენ გამორიცხავთ, რომ დაკავებულებსა და სანაიას შორის ინციდენტი უკავშირდებოდეს პროფესიულ საქმიანობას?

– მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ სანაიას ჟურნალისტური საქმიანობა. ესენი არიან ის ახალგაზრები, რომლებსაც სრულებითაც არ აინტერესებთ არც ვახო სანაიას პოლიტიკური შეხედულებები და არც მისი ჟურნალისტური საქმიანობა. არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული და არც აინტერესებთ. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გამოკვებონ ოჯახები.

ალბათ, მოისმენდით დაზარალებულის, ვახო სანაიას პოზიციას, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ეს თავდასხმა უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას. ამ პოზიციას იზიარებს ოპოზიცია...

– მათ აუცილებლად უნდა მოიგონონ რაღაცა და ააგონ ეს სიცრუის კოშკი. როგორც „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს „საბჭოთა კავშირისკენ“, ზუსტად ასეთი ლოგიკით უდგებიან ესენი ამ ბავშვების საქმეს. დაიწყეს სრულიად ანტიადამიანური, ანტიჰუმანური, ანტირელიგიური, ანტიპოლიტიკური გამოსვლები და უკაცრავად, რაღაცით ხომ უნდა გააპრავონ. იმიტომ, რომ თვითონ ძალიან კარგად იციან, როგორი ჭიქა აქვთ და ამ ჭიქაში როგორ უნდა დატრიალდეს ქარიშხალი. ეს ტელევიზიები: „ფორმულა“, „მთავარი“, „რუსთავი 2“ ხომ მაგის დიდოსტატები არიან, ხოლო „ტვ. პირველმა“ გადაასწრო თავისი ამ კორუმპირებული წამყვანებით და შოუმენებით მათ. ამიტომ, სრულიად არ მიკვირს. ეს არის უსაზოზღრესი პრაქტიკა, რომელსაც ესენი ამკვიდრებენ საზოგადოებაში.

გასაგებია, იყო ხულიგნობა და ამას ვერ უარვყოფთ. როგორი სიმპატიით და პატივსცემით არ უნდა ვიყო განწყობილი ამ ბავშვების მიმართ, ფაქტი სახეზეა. მოხდა ძალიან უსიამოვნო ფაქტი, მაგრამ ასეთი აჟიტირება, ასეთი ეიფორია და სიხარული? მერე უკვე საკუთარი ამბიციებისთვის და საკუთარი დანაშაულებების გაპრავებისთვის ამის გამოყენება, ეს ადამიანურია?! ამათგან ყველაფერია მოსალოდნელია. ესენი ქრისტიანების მამას, უწმინდესს ლანძღავენ და ეს ბავშვები რომ გამოიყენონ თავიანთი ბინძური საქმისთვის, ამას, რასაკვირველია, არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ეს ბიჭები არიან ის ადამიანები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩასხდნენ ციხეში.

გრიგორი მე რომ მენახა სანაია, მეც პირში ვეტყოდი, რომ ნაგავი და ქვეყნის მტერია !!! ცოდვანი არიან ეს ახალგაზრდები. ხელისუფლებაც , იმის შიშით, რომ ჟურნალ;ისტის პოლიტიკურ დევნაში არ დასდოს ბრალი ოპოზიციამ, მკაცრად დასჯის ამ ბიჭებს!
1 თვის უკან