ჰოლივუდში ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელს ღამით მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის პოპვარსკვლავის ფრანგულ ბულდოგებს ასეირნებდა. მას გულში 4-ჯერ ესროლეს, ხოლო ძაღლები — კოჯი და გუსტავი — გაიტაცეს.
ლოს-ანჯელესის პოლიცია აცხადებს, რომ შეისწავლეს ფარული კამერით გადაღებული კადრები, სადაც თავდასხმის მომენტია ნაჩვენები.
ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ძაღლებს ასეირნებს, როდესაც მის სიახლოვეს ღია ფერის სედანი ჩერდება და იქედან მინიმუმ ორი ადამიანი გამოდის. ჩანაწერში ჩანს, რომ დაზარალებული მათ წინააღმდეგობას უწევს, შემდეგ კი გასროლის ხმა ისმის, ახალგაზრდა კაცი ძირს ეცემა და დახმარებას ითხოვს.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ბოლო ცნობებით კრიტიკულია. პოლიცია მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა მომღერლის ფანებმა და მედიამ მალევე ამოიცნეს რაიან ფიშერი.
თავად მომღერალი რომში, ფილმის გადაღებაზე იმყოფება. როგორც CNN-ის წყარო ამბობს, გაგა გამტაცებლებს ძაღლების უვნებლად დაბრუნებაში ნახევარ მილიონ დოლარს სთავაზობს და ამ შემთხვევაში, მათ მიმართ დამატებითი კითხვები არ ექნება. გაგასთან დასაკავშირებლად ელექტრონული ფოსტა, KojiandGustav@gmail.com შეუძლიათ გამოიყენონ.
გაგას სულ სამი ლეკვი ჰყავს. მათგან ერთი, სახელად აზია თავდასხმის დროს გაიქცა და მომღერლის დაცვამ ის მოგვიანებით უვნებელი იპოვა და სახლში დააბრუნა.