სააკაშვილის ოცნებას, ბათუმის სანაპირო ყვითელი ქვიშით მოეოქროვებინა, ასრულება არ უწერია. ასევე ჩაილურის წყალი დალია უგულავას ოცნებამ მორიგი ხიდის აშენებასთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით, ეკონომიკურად გაუმართლებული პროექტები გაუქმებულია.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზოგიერთი პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ირკვევა, რომ მთავრობა 2013 წელს განსახორციელებელ რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე, რომლებიც შარშან დაიგეგმა, მათი მიზანშეუწონლობის გამო, უარს აცხადებს.
ის პროექტები, რომელსაც უკვე პერსპექტივა აღარ აქვს, ძირითადად, სამ ქალაქში - თბილისში, მცხეთასა და ბათუმში - უნდა განხორციელებულიყო. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გეგმა-პროექტი მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა გახლდათ. ეს იდეა თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2011 წელს წამოაყენა, ხოლო შარშან დაამტკიცა კიდეც.
თუმცა, ახლა ირკვევა, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, ხიდის აგებას აღნიშნული ქუჩების მობინადრენი ეწინააღმდეგებიან. კიდევ ერთი ხიდის პროექტი მცხეთაში გაუქმდა, რომელსაც ცენტრალური მაგისტრალი მცხეთასთან უნდა დაეკავშირებინა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრების არსებობის საკითხი, რადგან ახალი ხიდი, სწორედ ამ ისტორიული ძეგლების არეალში ექცევა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ავანტურისტული პროექტი კი ბათუმში გაუქმდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ნუსხიდან ამოღებულია ბათუმის 2-კილომეტრიანი სანაპირო ზოლის ე.წ. ოქროს ქვიშით მომარაგება. წარმოუდგენლეია, მაგრამ 2 კმ-იანი მონაკვეთის ქვიშით ერთჯერადად მომარაგება სახელმწიფოს 50 მლნ ლარი დაუჯდებოდა. ამის მიუხედავად, ფონდი არ წყვეტს ბათუმის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრებითი პროექტის განცხორციელებას. მიმდინარე წელს ფონდი გამოაცხადებს ტენდერს ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე, რომლის განხორციელებაც სავარაუდოდ 20 მლნ ლარს არ აღემატება.
საერთოდ, ნაპირსამაგრი სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება. მინისტრის დავით ნარმანიას ინფომარციით, ამისათვის 32 მლნ ლარია საჭირო. ამიერიდან ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების შესახებ კონკრეტული პროექტები მოამზადონ და რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას წარუდგინონ, რომელსაც კომისია შეისწავლის და დადებითი პასუხის შემთხვევაში რეკომენდაციით მიმართავს მთავრობას, რომ მოხდეს პროექტის დაფინანსება.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, სადაც უფრო მასშტაბური სამუშაოები იქნება განსახორციელებელი, სამინისტრო დამატებითი რესურსების მოძიებას შეეცდება და საჭიროების შემთხვევაში მთავრობასთან გაივლის კონსულტაციებს, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის დაფინანსება განხორციელდეს. რაც შეეხაბა გაუქმებულ პროექტებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის გადაწყვეტილებას თბილისის მერია გამოეხმაურა და ფონდისგან მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტის გადახედვა მოითხოვა.
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა. პროექტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურები და უცხოელი კონსულტანტები.
„ფონდის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა, რომ ხიდის აშენებით აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს არსებული მდგომარეობით ვეფხისა და მოყმის ძეგლთან მუდმივად არსებობს საცობები. ხიდის აშენების შემდეგ კი, მოძრაობა ორ დონეზე შუქნიშნის გარეშე განხორციელდებოდა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყვეტად გადაადგილებას უზრუნველყოფდა. ასევე, განვითარდებოდა მოძრაობა წერეთლის გამზირსა და ქუთაისის ქუჩაზე“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში. თბილისის მერია სურვილს გამოთქვამს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ერთხელ გადახედოს აღნიშნულ პროექტს.