"ბალეტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა" - ტომ ჰოლანდი ცხოვრებისეულ გამოწვევებზე და კარიერულ წინსვლაზე საუბრობს

სამყაროში, სადაც გასართობი ინდუსტრია ადამიანების ცხოვრების, ხოლო კინოინდუსტრია - ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ეკრანებზე ათასობით ფილმი ჩნდება და საზოგადოებაც ახალი სახეების დანახვას არ უშინდება, რთულია გახდე ვარსკვლავი, რომლის შესრულებაც მაყურებელზე მოახდენს ზეგავლენას და დავიწყებას არასდროს მიეცემა.

24 წლის ინგლისელი მსახიობი ტომ ჰოლანდი ასაკის მიუხედავად უკვე ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავთა რიცხვს მიეკუთვნება. ინდუსტრიაში რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ შემსრულებელმა სახალხო აღიარება მარველის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერგმირის - ადამიანი-ობობას როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. ის გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი კინოს ისტორიაში, რომელმაც მარველის კომიქსის ეკრანიზაციაში ადამიანი-ობობას როლი მოირგო.

დღეს პიტერ პარკერის პერსონაჟით ცნობილი ტომ ჰოლანდი წლების წინ მხოლოდ თეატრალური გამოცდილების მქონე ნაკლებად ცნობილი მსახიობი იყო. Captain America: Civil War-ში შესრულებული პირველი მნიშნელოვანი კინოროლის შემდეგ მისი პოპულარობა სტაბილურად იზრდება. ტომი ცნობილი კომიკოსისა და სცენარისტის დომინიკ ჰოლანდისა და პროფესიონალი ფოტოგაფის ნიკი ფროსტის ოჯახში, 1996 წლის 1 ივნისს დაიბადა. როგორც თავად ახალგაზრდა მსახიობი აღნიშნავს, გადაწყვეტილებებს საკუთარი სურვილისამებრ იღებდა, თუმცა მასზე ზეგავლენას მშობლების შემოქმედებითობაც ახდენდა.

“სასიამოვნოა გყავდეს გვერდით მამა, რომელიც 30 წელზე მეტია იმ ინდუსტრიაში მოღვაწეობს, რომელშიც გინდა წარმატების მიღწევა, მან ყველაფერი იცის იმის შესახებ, რაც მსახიობმა უნდა გააკეთოს და ასევე არ უნდა გააკეთოს.”

ტომი ბავშვობაში ბალეტის მოცეკვავე იყო. ერთ დღეს, როდესაც დედამისმა ჯანეტ ჯექსონის სიმღერებზე აცეკვებული ვაჟიშვილი იხილა, მასში პოტენციალი დაინახა და ცეკვის გაკვეთილებზე შეიყვანა. ტომის კარიერის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმსაზღვრელი ბილი ელიოთის მიუზიკლი იყო, როლი, რომლისთვისაც ახალგაზრდა შემსრულებელი 2 წლის განმავლობაში ემზადებოდა და წარუმატებლობის შემდეგ ქასთინგზე ყოველ ექვს თვეში ერთხელ გადიოდა. ტომი ადრეული ასაკის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, როგორ ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი ბალეტის ცეკვის გამო, როდესაც მისი ასაკის ბიჭები მხოლოდ რაგბის თამაშით იყვნენ დაკავებულები

“ბავშვობაში სამომავლო გეგმები არ მქონია, არ ვიცოდი რა მინდოდა, დედაჩემი ფიქრობდა, რომ ძალიან კარგად ვცეკვავდი, ამიტომ ცეკვაზე შემიყვანა, შემდეგ ქასთინგებზე გასვლასა და ამ სფეროში განვითარებას მირჩევდა. მახსოვს, ბილი ელიოტის მიუზიკლში ძალიან მინდოდა მონაწილეობის მიღება, როდესაც პირველ ქასთინგზე გავედი პატარა ვიყავი და ცეკვა არ შემეძლო, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, ამ როლისთვის ორი წელი ვვარჯიშობდი… დათავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბალეტმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მახსოვს, ბულინგის მსხვერპლიც კი ვიყავი სკოლაში იმის გამო, რომ სხვა ბიჭების მსგავსად რაგბის არ ვთამაშობდი და ამის ნაცვლად ბალეტს ვცეკვავდი... მაგრამ ეს არაფერია, ალბათ ასეც იყო საჭირო, კრიტიკა არ მაინტერესებდა, რადგან ვიცოდი, რომ როლის მისაღებად ასე უნდა მოვქცეულიყავი. მიხარია, რომ ბილი ელიოტის მიუზიკლში თამაშის ბედნიერება მხვდა წილად, ამ ყველაფერმა შემდგომში ჩემი კარიერული წინსვლა განაპირობა.”

ჰოლანდმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლა ზრდასრული ადამიანივით მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

“ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება ადამინებისგან მაშინაც კი, როდესაც საუბრობენ ან უბრალოდ მუშაობენ... ცეკვა მეხმარება განსხვავებული გზებით წარმოვაჩინო საკუთარი თავი, ემოციის გამოხატვა კი მხოლოდ სიცილი და ტირილი არაა. მაგალითად, ადამიანი-ობობას ნიღაბში მაყურებელი ვერ ხედავს პერსონაჟის სახეს, თუმცა მე ვიპოვე გზა მისი გრძნობების მკაფიოდ გამოსახატად.”

“შესაძლოა იყო გადასაღებ მოედანზე, პარალელურად კი არ იცოდე რომელ პლანეტაზე ხარ ან რომელ სუპურგმირს ებრძვი. ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ ნაწილობრივ სასიამოვნო, რადგან ვაცნობიერებ, რომ ჩემი საკულტო პერსონაჟის განსახიერება მხვდა წილად. ისეთი ბედნიერი ვიყავი, როდესაც ფილმი გამოვიდა, რომ მას გულშემატკივარივით ვუყურებდი.”

ახალგაზრდა ვარსკვლავი აღიარებს, რომ მარველის კომიქსების ეკრანიზაციამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, თუმცა არ სურს ერთფეროვნება, რაც ხშირად სუპერგმირების თამაშს სჩვევია. ტომი იმედივნებს, რომ შესრულებული როლებითა და მრავალფეროვანი პერსონაჟებით მაყურებელს თავს განსაკუთრებულად დაამახსოვრებს. სწორედ ამიტომ მოუწოდა საზოგადოებას კომიქსების ზღაპრული სამყარო დროებით დაევიწყებინათ და Devil All The Time-ში მისი განსხვავებული პერსონაჟი ეხილათ.

“ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის მქონე პერსონაჟის როლი უნდა მომერგო. არვინი ძალიან აგრესიული, თუმცა გულთბილი და მზრუნველი პიროვნებაა, ამიტომ თამაშის დროს ბალანსი უნდა მეპოვნა, რათა მისი ხასიათი სწორად წარმომეჩინა.”

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარ თავზე ვმუშაობდი, იყო მსახიობი ნიშნავს შეგეძლოს განსხვავებული როლების მორგება, რათა არ წარმოადგენდე მხოლოდ საკუთარ თავს. მე ლონდონში გავიზარდე და ფილმში თამაშისთვის აქცენტის შეცვლა მომიწია, ეს ერთგვარი ბონუსი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ როგორც კი აქცენტს ვცვლი, რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვხდები.”

კარიერული საქმიანობის პარალელურად ტომ ჰოლანდი დაინტერესებულია გოლფითა და ჩოგბურთით. მსახიობი სახალისო ინცინდენტს იხსენებს, რომელიც ძმასთან ერთად თამაშის დროს გადახდა.

“ძალიან მიყვარს ჩოგბურთის თამაში, განსაკუთრებით ჩემს პატარა ძმასთან, პედისთან ერთად. ერთხელ მოედანზე დავეცი და ხელი დავიზიანე, იმ მომენტში ძლიერი ტკივილი არ მიგრძვნია, თუმცა საღამოს, როდესაც წვეულებაზე ლუდის ბოთლის მაგიდაზე გახსნა ვცადე, ვერანაირად ვერ მოვახერხე. არ ვიცი იმ დღეს ხელი ჩოგბურთის თამაშის გამო მიღებული დაზიანებების გამო უფრო მტკიოდა თუ ლუდის გახსნისგან.”

მიუხედავად იმისა, რომ ტომი უცხოური გამოცემების ხშირი განხილვის საგანია, ვარსკვლავი მაქსიმალურად ცდილობს პაპარაცების ობიექტივში არ მოექცეს და პირადი ცხოვრების დეტალები საიდუმლოდ შეინახოს.

“სიახლეების ოფიციალურად გაჟღერება არ მიყვარს, თუ ინტერნეტში ჩემზე ინფორმაციას მოძებნით, ნახავთ, რომ ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში იშვიათად ვარ. მხოლოდ მაშინ ვიქცევ საზოგადოების ყურადღებას, როდესაც ეს თავად მჭირდება. მე მაქვს პირადი ცხოვრება, მყავს მეგობრები და ძალიან მიყვარს მათთან ერთად დროის გატარება, ამიტომ ვცდილობ დეტალები საიდუმლოდ შევინახო და პირადი ცხოვრება არ გავასაჯაროვო.”

ახალგაზრდა მსახიობისთვის ამჟამად პრიორიტეტული სამსახიობო კარიერაა, ტომ ჰოლანდს სურს 15 წლის შემდეგ ოსკარი მოიპოვოს, ხოლო 20 წლის შემდეგ კი პროფესია შეიცვალოს და ხელი კინორეჟისორობას მიჰყოს.